აიცრებიან პედაგოგები? - სკოლის პერსონალის სულ 350 წარმომადგენელია აცრილი

„ნეტა, ერთ დოზა ვაქცინას რომ გამიკეთებენ, მეორე დოზაც შემხვდება? აგე, ხო ხედავთ, ხალხი „ასტრაზენეკათი“ აიცრა და მეორე დოზას ვეღარ იკეთებს“, - ნინო წიკლაური ჭართლის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. დაპირებული „ფაიზერის“ ჩამოსვლას თვეებია ელოდება. ჩინური ვაქცინით აცრისგან თავი შეიკავა, უფრო ეფექტური ვაქცინა არჩია, თუმცა, ახლა უკვე შიშობს, ვაითუ, ეს ვაქცინაც არ ერგოს.

ჭართლის საჯარო სკოლაში სულ 21 პედაგოგი ასწავლის. მათგან აცრილი მხოლოდ ორია. 78 წლის ქიმიის პედაგოგი, რომელსაც გაუმართლა და უკვე ორი დოზა „ასტრაზენეკა“ გაიკეთა და 63 წლის დირექტორი, რომელიც „ასტრაზენეკას“ მეორე დოზის მოლოდინშია. ნინოს თქმით, მის სკოლაში პედაგოგების უმეტესობა ვაქცინაციას ეჭვის თვალით უყურებს და აცრა არ სურთ:

„ვინც უკვე მოიხადა, ამბობენ, რომ ისედაც არ სჭირდებათ აცრა. უმეტესობას ეშინია აცრის, რადგან ფიქრობენ, რომ ვაქცინებს სათანადო გამოკვლევები არ გაუვლია და არ იციან, როგორ აისახება ვაქცინაცია მათ ჯანმრთელობაზე. მე ერთი სული მაქვს, როდის ავიცრები. რისკ-ჯგუფს მივეკუთვნები, მაღალ წნევას ვატარებ, ამიტომ კოვიდი რომ დამემართოს, შესაძლოა, გამირთულდეს. საკუთარ თავს არ ვჩივი. პირველ რიგში, ამას მოსწავლეებისთვის, ჩემი ოჯახისთვის ვაკეთებ. ის მაინც მეცოდინება, რომ ვირუსის გადამტანი არ ვიქნები. რაც სასწავლო პროცესი სკოლის სივრცეში განახლდა, ნიღაბი არ მომიხსნია. კარგად ვაცნობიერებ, რომ ახლა აცრა ერთადერთი გამოსავალია. რაც უფრო ბევრი მიხვდება ამას და რაც უფრო ბევრი ავიცრებით დროულად, მით მალე გვეშველება. მთავარია, საკმარისი რაოდენობის ვაქცინები შემოიტანონ“.

ნინოს და მის კოლეგებს, არავინ გასაუბრებია ვაქცინაციის მნიშვნელობასა და კორონავირუსით ინფიცირების რისკებზე. მხოლოდ ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც სკოლაში რესურს-ცენტრიდან წერილი მივიდა, რომელიც 65 წელს ზემოთ პედაგოგებს ვაქცინაციას სთავაზობდა. სხვა ინფორმაციას ვაქცინაციის შესახებ, მასწავლებლები თავად იღებენ:

„პედაგოგები ორ კვირაში ერთხელ ვიტესტებით და ექთანს, რომელიც ნიმუშებს იღებს, მას ვეკითხებით ხოლმე, რა და როგორ. სხვა ვინმე რომ მოსულიყოს და საინფორმაციო კამპანიის მსგავსი რამ ეწარმოებინოს, ასეთი არ მახსენდება. ახლა ითქვა, რომ შემოდგომაზე უსაფრთხო სკოლაში უნდა დავბრუნდეთო. ვიცით, რომ აცრა ნებაყოფლობითია, მაგრამ უსაფრთხო სკოლაში დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ პედაგოგები მაქსიმალურად უნდა ავიცრათ. ახლა მასწავლებლები შიშობენ, რომ თუკი არ აიცრებიან, შესაძლოა, მერე სკოლაში რაიმე პრობლემები შეექმნათ“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მათი ინიციატივაა, ახალი სასწავლო წლის დაწყებას სასწავლო დაწესებულებები უსაფრთხოდ შეხვდნენ, რაც მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე, როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ისე სკოლებში, მაქსიმალურად მეტი დასაქმებული დაბრუნდეს ვაქცინირებული:

„გვინდა, რომ მაგალითად, უმაღლეს სასწავლებლებში, ყველა ლექტორი, ადმინისტრაციაში მომუშავე ყველა პირი და ყველა სტუდენტი, იყოს აცრილი. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია და სერიოზულ გარდატეხას შეიტანს ეპიდემიის მიმდინარეობაში. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, უსაფრთხო სკოლა, რადგან ყველა მასწავლებელი რომ იყოს აცრილი, ნაკლები გვექნება გავრცელება. მე არ ვგულისხმობ, რომ ეს ძალდატანებით უნდა გაკეთდეს. ეს არის ნებაყოფლობითი პროცესი და ეს უნდა იყოს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მოვალეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის გაძლიერების გეგმა ამ თვალსაზრისით და ყველას გთხოვთ დახმარებას“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

27 ივნისის მონაცემებით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის საიტზეა გამოქვეყნებული, ქვეყნის მასშტაბით, სკოლის პერსონალის მხოლოდ 350 წარმომადგენელია აცრილი. ამ რიცხვში, სავარაუდოდ, შედიან როგორც პედაგოგები, ისე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირებიც.

შედარებისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 63 780 პედაგოგია აღრიცხული.

პედაგოგთა ვაქცინაციის პროცესი 20 აპრილს დაიწყო და მასში 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის მასწავლებლები ჩაერთვნენ. პედაგოგთა ვაქცინაციის პროცესს, მაშინ ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებიც დაესწრნენ, მასწავლებლები კი საზოგადოებისათვის ცნობილმა ექიმებმა აცრეს.

მასწავლებლების ვაქცინაციის პროცესი შიდა ქართლში

მიმდინარეობს თუ არა რაიმე ტიპის საინფორმაციო კამპანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან იგეგმება თუ არა, ამ მხრივ, პროცესის გააქტიურება, ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ განათლების სამინისტროს მიმართა. როგორც უწყების პრეს-სამსახურში განგვიმარტეს, ისინი „მაქსიმალურად მოუწოდებენ პედაგოგებს, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია ნებაყოფლობის ფარგლებში“:

„ახლა აანონსებენ მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას, თუ რაიმე შეიცვლება, ჩვენც იმ წესს დავექვემდებარებით. რამდენიმე კამპანია გვქონდა, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. პედაგოგების ჯგუფები აცრეს ცნობილმა ექიმებმა. გარდა ამისა, სკოლების ადმინისტრაციებს დაევალათ, რომ პედაგოგები, რომლებიც ტექნიკურად ვერ შეძლებენ ვაქცინაციაზე დარეგისტრირებას, ამაში ადმინისტრაციის თანამშრომლები დაეხმარონ“.

მეგი კავთუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ პედაგოგებში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის მიზეზი არა ე.წ. ანტივაქსერული განწყობები, არამედ ინფორმაციის ნაკლებობაა, რასაც სახელმწიფო თითქმის არაფერს უპირისპირებს. მისი თქმით, პედაგოგების დიდ ნაწილს ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა აწუხებს, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია, როგორც ვაქცინების შესახებ, ისე იმ რისკების თაობაზე, რაც კოვიდ-ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს:

„სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მიდგომა კონკრეტულ ჯგუფებთან. ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია. ამის პარალელურად კი ისმენენ მაგალითად, ანტივაქსერულ მოსაზრებებს ნაციონალური არხებითა თუ სოციალური ქსელით, მათ შორის, ხედავენ, ექიმების მიერ უკან გამობრუნებულ აცრის მსურველებს, ამიტომ შესაძლოა ისინი ფიქრობენ, რომ იქნებ გადაიაროს პანდემიამ და არ აიცრან. მასწავლებელთა დიდი ნაწილი შუა ასაკს გადაცილებულები არიან, მათი უმრავლესობა არიან ქალები, აწუხებთ ვენების პრობლემა, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და ამ ადამიანებმა არ იციან, რა გამოკვლევა ჩაიტარონ, ან უნდა ჩაიტარონ თუ არა გამოკვლევა, რომ შემდეგ მშვიდად აიცრან. პედაგოგებს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ ჯგუფს, სჭირდება მეტი ინფორმაცია, როგორც ვაქცინაციის, ისე სხვა საკითხების შესახებ. როდესაც პედაგოგმა ეს ყველაფერი იცის, ის უკვე იღებს გააზრებულ გადაწყვეტილებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება სასწავლო დაწესებულებებში. სოციალურ ქსელში პედაგოგთა ძალიან ბევრი ჯგუფია, სადაც ათასობით მასწავლებელია გაწევრიანებული. ეს ჯგუფები ძალიან აქტიურია, მაგრამ არავინ იყენებს ამ რესურსს იმისათვის, რომ მასწავლებლებს მიაწოდოს სწორი ინფორმაცია“.

გასულ კვირაში, უსაფრთხო სკოლის შესახებ საუბრისას, ამირან გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ როდესაც ქვეყანაში ამერიკული წარმოების „ფაიზერი“ შემოვა, შესაძლოა, მიღებულ იქნას 16 წლის ზემოთ მოზარდების აცრის გადაწყვეტილებაც:

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ NITAG (იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ნაციონალურ ჯგუფი)-ის სამეცნიერო საბჭოს წინაშე წარვსდგეთ რეკომენდაციით, რომ „ფაიზერით“ ავცრათ 16, 17 წლის მოზარდებიც. მოგეხსენებათ, „ფაიზერის“ ინსტრუქციის თანახმად, ეს ვაქცინა შესაძლებელია გაუკეთდეს 16 წლის ზემოთ მოქალაქეებს. გვინდა, რომ ამ პროცესში ჩავრთოთ ეს ასაკობრივი ჯგუფიც. რამდენიმე ქვეყანამ, აშშ-მ, კანადამ, ისრაელმა, იტალიამ „ფაიზერით“ აცრები დაიწყო 12 წლიდან მოზარდებშიც. დიდი იმედი გვაქვს, რომ გვექნება „ფაიზერის“ საკმარისი დოზები და შესაძლებელია, შემოდგომიდან ამაზეც ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, დავეყრდნობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს“.

მაისის მიწურულის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი სკოლებში, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2%-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა.

სასწავლო წლის დასრულებამდე ორი კვირით ადრე, მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 50 სკოლა და 131 ცალკეული კლასი იყო გადასული.

რაც შეეხება რისკის ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, რომელთაც სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლა ითხოვეს, განათლების სამინისტროს მონაცემებით, მათმა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით არის 129 შეადგინა.

2020 წლის მარტიდან მოყოლებული 2021 წლის მარტის ჩათვლით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობა სრულ დისტანციურ სწავლებაზე 6 თვეზე მეტხანს იყო. პანდემიის პერიოდში მოქმედებდა სწავლების შერეული რეჟიმიც. დისტანციური სწავლების ფორმატმა ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეების ნაწილს, სათანადო განათლების უფლება შეუზღუდა. გაეროს ბავშვთა ფონდი შიშობს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გრძელვადიანმა ზემოქმედებამ შესაძლოა ბავშვების განათლების ხარისხზე განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედოს, ამიტომ აცხადებს, რომ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით სასწავლო პროცესი სკოლის სივრცეში უნდა ხორციელდებოდეს.

დარგის სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელი ექსპერტები, წარსული ეპიდემიების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის მომდევნო ტალღა შესაძლოა სწორედ სასწავლო წლის დაწყებას დაემთხვეს. მათ მაგალითად მოჰყავთ 2009 წელს, ე.წ. ღორის გრიპის პანდემია, როდესაც გრიპის ახალმა ტალღამ სწორედ შემოდგომაზე, ახალი სასწავლი წლის დაწყებისას იფეთქა: „ეს აფეთქება მალევე ჩაახშეს, რადგან სწორედ იმ შემოდგომაზე ვაქცინაც გამოვიდა“, - იხსენებს ჯორჯ რაზერფორდი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი და ეპიდემიოლოგი.