2021 წლის მაისში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 25,8 პროცენტით გაიზარდა. ეს საქსტატის წინასწარი მონაცემებია, რომელიც შეიძლება უმნიშვნელოდ შეიცვალოს.
საქსტატის გამოთვლით, 2021 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 11,5 პროცენტით იზრდებოდა.
"2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში", - აღნიშნავენ საქსტატში.
მათივე მონაცემებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
2021 წლის აპრილში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 44,8 პროცენტით გაიზარა.
კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით საქართველოს ეკონომიკა მუდმივად მცირდებოდა. ასე იყო 2020 წლის აპრილშიც (ვარდნა 16,6%) და მაისშიც (ვარდნა 13,5%). კორონავირუსის პანდემიის პირობებში შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნითა და გასული წლის დაკლებულ მაჩვენებელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 2021 წლის მარტიდან იზრდება.