საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ მეზობელ ქვეყნებსა და ევროპაში მოგზაურობა - ერთი თვეა, რაც საქართველოს სახმელეთო საზღვრები გახსნილია, 1 ივლისიდან კი ქუთაისის აეროპორტში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir-ი ბრუნდება. თუმცა, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ყველა ქვეყანაში მოქმედებს, ყველა მათგანი კოვიდ-ტესტის უარყოფით პასუხს მოითხოვს, ზოგ შემთხვევაში კი - ვაქცინაციის სრულ კურსს. ზოგი საქართველოს მოქალაქეს ჯერ კიდევ არ უშვებს საკუთარ საზღვრებში. ზუსტად რა პირობები უნდა შევასრულოთ, რომ მეზობელ ქვეყნებსა და ევროპის ქვეყნებში შევძლოთ გამგზავრება?
ასევე ნახეთ ნათია თურნავა: 1 ივლისიდან ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-ის ბაზა ბრუნდებასაქართველოს მოსაზღვრე ქვეყნები
თურქეთი
თურქეთში სახმელეთო საზღვარი 1 ივნისიდან არის გახსნილი, რეგულარულია საჰაერო მიმოსვლაც. თურქეთში გადასასვლელად საკმარისია წარადგინოთ ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი COVID-19-ის შესახებ ან, სულ ცოტა, ორი კვირით ადრე გაკეთებული აცრის შესახებ.
თუ მოქალაქეს ეს დოკუმენტები არ აქვს, აუცილებელია წარადგინოს ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენის ტესტის უარყოფითი ცნობა ან ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ცნობა.
ასევე ნახეთ სტამბოლში პანდემიისას - გამოცდილი ტურისტის რჩევებიყველამ, ვისაც თურქეთში გამგზავრება უნდა, წინასწარ უნდა შეავსოს ფორმა ამ ბმულზე. ეს ფორმა მიგანიჭებთ სპეციალურ HES კოდს, რომლის წარდგენაც საჭირო იქნება თვითმფრინავში ჩასხდომის დროს, სტამბოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას, სავაჭრო ცენტრებსა თუ მუზეუმებში შესვლისას.
1 ივლისიდან თურქეთში კომენდანტის საათიც იხსნება, რაც ტურისტებს დამატებით თავისუფლებას მისცემს.
სომხეთი
გახსნილია სომხეთის სახმელეთო და საჰაერო საზღვრებიც, 15 ივნისიდან კი თბილისსა და ერევანს შორის სარკინიგზო მიმოსვლაც აღდგა. სომხეთში წასასვლელად საჭიროა ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი შედეგის წარდგენა.
ასევე ნახეთ 15 ივნისს სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო რეისი შესრულდებააზერბაიჯანი
აზერბაიჯანში ამჟამად მხოლოდ საჰაერო საზღვარია გახსნილი, თუმცა ამ საზღვარსაც ყველა ვერ გადაკვეთს. მოქალაქეების გარდა, საჰაერო გზით შესვლის უფლება აქვთ:
- დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულოების ხელმძღვანელებს, თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს;
- უცხოელებს, რომელთა ოჯახის წევრები (მეუღლე, მშობელი და შვილი) არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები;
- უცხოელებს, რომლებიც ფლობენ აზერბაიჯანში მუშაობის უფლებას;
- მუდმივი ან დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხოელებს.
ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც რეისამდე არაუგვიანეს 48 საათით ადრე იქნება გაცემული.
სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის ნებართვა აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა ოპერატიულმა შტაბმა უნდა გასცეს.
სახმელეთო საზღვრის კვეთის თხოვნით, დაინტერესებულმა პირმა (მათ შორის აზერბაიჯანის მოქალაქემ) უნდა მიმართოს საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს.
რუსეთი
რუსეთში გამგზავრება ნებისმიერი მიზეზით არ შეგიძლიათ - აქ მხოლოდ მგზავრების გარკვეული კატეგორიები დაიშვებიან - სამუშაო ვიზის ან ბინადრობის მფლობელები, სამკურნალოდ წასული პირები, სპორტულ ღონისძიებაში მონაწილე პირები, ისინი, ვისი ოჯახის წევრიც რუსეთში ცხოვრობს და სხვა. სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ აქ იხილოთ.
გარდა ამისა, დაგჭირდებათ PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი. ტესტის პასუხის წარდგენა სავალდებულოა 8 წლის ასაკიდან. საზღვრის კვეთის შემდეგ, მგზავრი ორკვირიან თვითიზოლაციაში გადადის. კოვიდვაქცინირებულებისთვის განსხვავებული წესი არ მოქმედებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები და შენგენის ზონა
ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების შესვლა შეზღუდულია ამ ქვეყნებში: ბელგია, დანია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდის სამეფო, ნორვეგია, პორტუგალია, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.
ამ ჩამონათვალიდან ქვეყნების ნაწილში შესვლას შეძლებთ, თუ გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ - მაგალითად, ხართ სტუდენტი ან გაქვთ მუშაობის უფლება, მიემგზავრებით ოფიციალური ვიზიტით ან ოჯახის წევრთან, რომელსაც ქვეყანაში ცხოვრების უფლება აქვს მიღებული.
ქვეყნის სპეციფიკური შეზღუდვების ნახვა აქ შეგიძლიათ.
ევროპის დანარჩენი ქვეყნები სხვადასხვა პირობის შესრულების გათვალისწინებით მიიღებენ მოგზაურებს. უმეტეს შემთხვევაში ეს არის PCR ტესტი გამგზავრებამდე 72 საათით ადრე ან ვაქცინაციის სრული კურსი ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინებით. ეს ვაქცინებია: Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Johnson&Johnson საქართველოში ამ ვაქცინებიდან ორი, Pfizer-ი და AstraZeneca იყო შემოსული და ისიც არა საყოველთაო აცრისთვის, არამედ მიზნობრივი და ასაკობრივი ჯგუფებისთვის.
ამ ვაქცინებს გვთხოვენ შემდეგი ქვეყნები: გერმანია, ლიეტუვა, პოლონეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, სლოვენია.
Sinopharm-ს და Sinovac-ს აღიარებენ: ესტონეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ავსტრია, უნგრეთი.
ავსტრიაში შესვლის მსურველს 1 ივლისიდან შეეძლება 10-დღიანი კარანტინის თავიდან არიდება, თუ აქვს ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინით. ამასთან ერთად, უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათის PCR ან ბოლო 48 საათის ანტიგენის ტესტი.
გაერთიანებულ სამეფოში შესასვლელად დაგჭირდებათ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, შევსებული ფორმა ადგილსამყოფლის შესახებ, 10-დღიანი თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გასაკეთებელი PCR ტესტირების ჯავშანი.
საბერძნეთში მიმავალი მგზავრი უნდა აკმაყოფილებდეს ამ პირობებიდან ერთ-ერთს: იყოს ვაქცინირებული გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე ან წარადგინოს ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. კოვიდინფიცირების შემთხვევაში ინფიცირებიდან უნდა იყოს გასული ორი თვე, საბუთებიდან კი PCR ან ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი იქნება საჭირო. ყველა მგზავრმა წინასწარ უნდა შეავსოს ეს ფორმა.
ვინაიდან ევროკავშირში მგზავრობის წესები ხშირად იცვლება, თვალი ადევნეთ ინფორმაციას საკონსულო სამსახურის ვებგვერდზე.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან საშუალოდ 19.3 ათასი ვიზიტი განხორციელდა.