საპატრიარქოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ შეხვედრა გაიმართა, მასში საპატრიარქოს წარმომადგენელობთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ „შეჯამდა წინა შეხვედრის შემდეგ არსებული მდგომარეობა და ითქვა, რომ მეუფე იაკობი ძალიან ეფექტურად შეუდგა საქმეს“.
ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დახურვაზე და მცირე ზომის სახლების მშენებლობის ვადებზე ჯერჯერობით საუბარი არ არის, „პირიქით, საუბარი იმაზე იყო, რომ არაფრით არ შეიძლება ამ პროცესების ხელოვნურად დაჩქარება და არავინ არავის სადმე წასვლას არ დააძალებს, ან უკან დაბრუნებას“, აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, ეს იყო პირველი შეხვედრის შემდგომ განხორციელებული ნაბიჯების შემაჯამებელი შეხვედრა. „ყველამ ვნახეთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიღწეული პროგრესი, რომელიც ნინოწმინდის პანსიონის დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით გადაიდგა და გრძელდება პანსიონში მყოფი ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი და ახლა საჭირო და აუცილებელი გამჭვირვალობის პროცესს ვადევნებთ თვალს“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ის „პრობლემატიკა, რაც იყო ნინოწმინდაში და ისაუბრბს იმაზე, რომ ეს არ განმეორდეს და დაცული იყოს ბავშვების ინტრესები“. ეკატერინე ტიკარაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სქემით მოხდება პანსიონში მყოფი 15 ბენეფიციარის გამოყვანა და ასევე ნინოწმინდაში მცირე ზომის საოჯახი სახლების მშენებლობა.
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ და რამდენიმეთვიანი ბრძოლის შედეგად, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 28 ივნისს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შევიდა.
ნინოწმინდის პანსიონის მმართველმა ეპისკოპოსმა იაკობმა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას პანსიონში სტუმრობის შემდეგ თქვა, რომ უწყების კარი ღიაა და გათვალისწინებული იქნება ყველა რეკომენდაცია.
პატრიარქის გადაწყვეტილებით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დირექტორად 14 ივნისს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა. როგორც ის ამბობს, სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი საკუთარი გადაწყვეტილებით ეპარქიაში დაბრუნდა.
საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საპატრიარქოს 15 ივნისს მიმართა, შეუეშვათ მისი წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში.
13 ივნისს საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სინოდის წევრები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტრო ახლა მუშაობს „ოჯახების მოძიებაზე“ და ასევე „ოჯახების გაძლიერებაზე იმისთვის, რომ მოხდეს პირველ რიგში, ოჯახებში ინტეგრაცია“.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, გადაწყდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი არ დაიხურება, თუმცა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება.
ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.
გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).
5 ივნისს სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი და გადაწყვიტა, რომ ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ შშმ ბავშვებმა.
მოსამართლე დაეთანხმა პანსიონში სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის არსებობას, რის გამოც მისი გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს იქ მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის პანსიონში, სადაც 56 ბენეფიციარი ცხოვრობდა, რჩება 15 აღსაზრდელი. პანსიონი დატოვა 20-ზე მეტმა აღმზრდელმაც.
რა ფორმას მიიღებს პანსიონი, გარდაიქმნება თუ არა ის საოჯახო ტიპის სახლად, სადაც მცირე რაოდენობის, მაქსიმუმ, 8-10 ბავშვი იცხოვრებს, ამ კითხვაზე, ჯერჯერობით, ზუსტი პასუხი არ არსებობს. ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, საპატრიარქო, გაეროს ბავშვთა ფონდი და World vision-ი პანსიონის გარდაქმნის სტრატეგიაზე ერთობლივად მუშაობენ.