ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შეხვედრა დაასრულა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. როგორც ის ამბობს, შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბავშვებს ძირითადად, კარგი არაფერი სმენიათ მის შესახებ. „ბევრი ფაქტორის გამო“, - აღნიშნა ლომჯარიამ და დააზუსტა: - „წლების განმავლობაში აქ იზრდებიან დაბადებიდან. ჩვენ ხშირი კონტაქტი არ გვქონია. სმენიათ ცუდი, სამწუხაროდ, მათ შორის, სამწუხაროდ, გარკვეული აღმზრდელების მხრიდან“.
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატს პანსიონის მიმართ აქვს პირველადი რეკომენდაციები. პირველ რიგში ეს ეხება დოკუმენტაციას, რასაც დრო სჭირდება.
„პირველ რიგში ბავშვების დოკუმენტაცია იქნება სანახავი. ერთი შეხედვით, რაც დავინახეთ, არ არსებობს ერთი სრულყოფილი მონაცემები ბავშვების შესახებ. რამდენიმე სია არის და მოგვიწია მთელი დღის განმავლობაში მათი შედარება. გარკვეული განსხვავებები ამ სიებში ვნახეთ, თუმცა გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - თქვა ლომჯარიამ.
როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, პანსიონში არის რეკომენდაციების გათვალისწინების თვალსაზრისით სრული მზადყოფნა. „დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურა და ზოგადად, ჩვენთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით არსებობს გამოხატული სრული მზაობა“, - დაამატა მან.
ნინო ლომჯარია მომავალშიც გეგმავს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სტუმრობას.
14 ივნისს პატრიარქის გადაწყვეტილებით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დირექტორად ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა.
ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.
სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.
გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).