დიდი დიღმის ბოლოში, იქ, სადაც მიკრორაიონები მთავრდება და ბოლო რამდენიმე წელში ქაოსურად გაშენებული კერძო დასახლება იწყება, მთიდან ეშვება ერთი უსახელო ხევი, რომელიც ყველა ძლიერი წვიმის დროს წყლით ივსება, ნაპირებზე გადმოდის და წყალი იქვე მცხოვრებ ოჯახების ეზოებსა და სახლის პირველ სართულებს ტბორავს.
თუ ნალექი დიდია - წყალი მიმდებარე ქუჩებსაც მიუყვება და მიკრორაიონებამდეც ჩადის.
რაც უფრო ხანგრძლივი და ძლიერია წვიმა, მდინარე, რომელიც წვიმისას ცოცხლდება, მით მეტად მძლავრად მოედინება და თან მოაქვს მოთხრილი ხის ტოტები, ფესვები და ნაგავი, რაც კი გზად შეხვდება.
ეს ხევი ადგილ-ადგილ სამშენებლო ნაგვით - ინერტული მასალითა და მიწით არის ამოვსებული - როგორც ჩანს, ბოლო წლებში, ახლომახლო მშენებლობების პარალელურად, ხევს ნაგავსაყრელადაც იყენებდნენ.
ერთ ადგილას კი, საერთოდ, მიწითაა მოსწორებულია და ზედ კერძო სახლები დგას.
ნანა კერესელიძის სახლი ხევიდან დაახლოებით 200 მეტრშია - ხევი გვერდს უვლის, მაგრამ ყველა წვიმა მისი ოჯახისთვის მაინც ღამის თენებას ნიშნავს - მიწაყრილი და სახელდახელოდ ეზოს გარშემო დაყრილი ბეტონის ფილები მოვარდნილ წყალს ნაწილობრივ კი აჩერებს, მაგრამ ეზოს და პირველ სართულს დატბორვისგან ვერ იცავს.
ნანას საწვიმარი და ბოტები მუდამ შესასვლელში უდევს და საკმარისია წვიმა დაიწყოს, სახლს დარაჯობს.
„დავიტბორეთ, დავიმხე თავზე სამაშველო, პატრული, სად არ დავრეკე, მაგრამ ჩვენს სახლამდე გზა არ მოდის ჯერ, ეს ელექტრობოძებიც ასე ჰაიჰარალოზეა გამოყვანილი... მოკლედ, ვერ მოვიდა ჩემამდე სამაშველო. იმის მერე ღამე მშვიდად არ მძინავს“, - გვიამბობს ნანა.
ნანას ახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ ხევზე ზემოდან ვერ გადახვიდოდი, რადგან მიწით და ნაგვით არ იყო ამოვსებული. მერე ჯერ ერთი მანქანა მოვიდა, მერე მეორე. ღამითაც მოდიოდნენ და ყრიდნენ მიწას:
„დავემუქრე კიდევ, მაგრამ მერე სხვა შემოვლითი გზებით მაინც მოდიოდნენ. მე მეტი რა შემეძლო?“
წყალი ამ გაზაფხულზეც მოვარდა.
თუმცა ძლიერი წვიმა მაშინ მხოლოდ სამიოდე საათს გაგრძელდა და არა დღეები, ამიტომ იქ მცხოვრები მოსახლეობა მხოლოდ დაიტბორა.
მაგრამ რა მოხდება, თუ ერთ დღეს ნალექი არ შეწყდება და ხელოვნურად ამოვსებული ხევი წყალს ვერ გაატარებს?
ეს კითხვა და სავარაუდო პასუხით გამოწვეული შიში იქ მცხოვრებ ყველა ადამიანს აქვს, თუმცა როგორ მოხდა, რომ ბუნებრივი ხევი ამოავსეს და ახლა წყალს არსად აქვს გასასვლელი, ამაზე ხმამაღლა ვერავინ ლაპარაკობს.
Your browser doesn’t support HTML5
„ადრე აქ ცარიელი მინდვრები იყო“
ალეკო ცქიტიშვილი 15 წელია დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში ცხოვრობს. მისი ფანჯრიდან ხელისგულივით მოჩანს ეს ტერიტორია, სადაც 2015 წლამდე ცარიელი მინდვრები იყო და იქ ერთადერთი შენობა იდგა. ალეკო ამ ადგილებში სოკოს საკრეფად დადიოდა ხოლმე და იქაურობა კარგად აქვს შესწავლილი. უნახავს, რამხელა წყალი მოდიოდა ხევში ადრე, წვიმების დროს. ამ გაზაფხულზეც საკუთარი თვალით ნახა, როგორ ადიდდა ხევში წყალი.
მას, როგორც დიდი დიღმის მცხოვრებს, აინტერესებს, რამდენად კანონიერად გაშენდა იქ დასახლება და თუ გაშენდა, გაითვალისწინა თუ არა ვინმემ იქ არსებული ბუნებრივი პირობები. ან როგორ დაუშვეს მიწით ამოვსებულ ხევზე სახლების მშენებლობა?
„აქ არასოდეს ყოფილა ნაგავსაყრელი, ამიტომ მე მგონია, რომ არაოფიციალური ნაგავსაყრელია. იპოვეს ადგილი და დაყარეს და მერე ვითომ არაფერი, მოსწორებულ მიწაზე სახლების მშენებლობა დაიწყო“.
რადგან ალეკო იქ ხშირად დადის, დიდხანს ეძება წყლის კოლექტორიც, თუმცა იქ მსგავსი ვერაფერი იპოვა. სწორედ ამიტომ გაუჩნდა კითხვა:
ხომ არ შეიძლება, რომ საფრთხე იმაზე მეტი იყოს, ვიდრე უნალექო დღეებში წარმოგვიდგენია?
იქვე მცხოვრები ზურაბ ბოლოთაშვილი ახლაც სახლს აშენებს და ამბობს, რომ წყალი ამ გაზაფხულზე მასთანაც შევარდა.
იხსენებს, რომ ერთხელ მერიიდანაც მივიდნენ, ექსკავატორით გზა გაჭრეს, რომ წყალს გასასვლელი ჰქონოდა - მას მერე თუ ძლიერი წვიმაა, ეს წყალი ზედ ქუჩაზე მიედინება და „ქვემოთ მიდის“: „იქ რა ხდება, აღარ ვიცი“.
თუმცა რა ხდება ხოლმე დიდ დიღომში ბოლო ხანებში, როგორ იტბორება ცენტრალური ქუჩები, ამის ამსახველი არაერთი ვიდეო სოცქსელებში ბევრჯერ გავრცელდა.
გამგეობიდან მერიაში, მერიიდან გარემოს დაცვაში - ანუ პასუხების ძებნაში
პასუხების ძებნაში, არის თუ არა საშიში ეს ტერიტორია ხევთან და ზედ ხევზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, ვინ არის პასუხისმგებელი ამ დასახლებაზე, რამდენად კანონიერად გაიცა ნებართვები და თუ იცოდა ქალაქის ხელმძღვანელობამ, რომ ხევი მიწით ამოავსეს და საერთოდ, დასაშვებია თუ არა მსგავსი რამ, ჯერ საბურთალოს გამგეობას მივადექით, რადგან დიდი დიღომი და ეს დასახლებაც ამ გამგეობის დაქვემდებარებაშია.
გამგეობაში გვითხრეს, რომ მათთვის იქ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემა ზოგადად ცნობილია, იციან ამ ხევის შესახებაც. კიდევ გავიგეთ, რომ გამგეობის წარმომადგენლები „ადგილზე იყვნენ მისულები“ და ინფორმაცია „შესაბამის სამსახურებს გადასცეს“. მეტი საბურთალოს გამგეობაში ვერაფერი მოვიძიეთ.
„შესაბამისი სამსახურები“, როგორც იქ გვითხრეს, არის მერიის ზედამხედველობის ინსპექცია და არქიტექტურული სამსახური - ეს უკანასკნელი კონკრეტულ მშენებლობებზე გასცემს ნებართვას.
ინსპექცია კანონდარღვევებს სწავლობს. მანვე უნდა იცოდეს, წესების დაცვით არის თუ არა აშენებული კონკრეტული სახლი კონკრეტულ ადგილას.
ამ სამსახურში პრობლემის მოკითხვის შემდეგ გვიპასუხეს, რომ:
ბოლო რამდენიმე წელია, ამ ხევის ტერიტორიაზე სამშენებლო ნაგვის თუ მიწის დასაყრელად აღარცერთი მანქანა არ შესულა;
ასევე გვიპასუხეს, რომ იქ არსებული მიწები არის კერძო საკუთრება, რომლებზეც „არის გაცემული მეორე ხარისხის მშენებლობის ნებართვები“.
მერიის მიმართ ჩვენი უფრო კონკრეტული კითხვა იყო ის, თუ ვინ არის პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში, თუკი ძლიერი წვიმის დროს, წყალმოვარდნის შემთხვევაში, ამ ხევთან და ხევზე მცხოვრები მოსახლეობა დაიტბორება და როგორ მოხდა, რომ ხელოვნურად ამოვსებულ ხევზე ადამიანებმა სახლების აშენების უფლება მიიღეს.
პასუხი ვერ მივიღეთ.
რადგან ამ ადგილას ერთი თვალის შევლებით და დათვალიერებით კოლექტორი არ ჩანს, გვიჭირს იმის მტკიცება, არის თუ არა იმ ტერიტორიაზე მსგავსი რამ - თუნდაც საბჭოთა პერიოდში აშენებული. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც იქ წლებია ცხოვრობს, ამბობს, რომ მათ მსგავსი იქ არაფერი უნახავთ.
დაზუსტებული ინფორმაციის მოძიება მხოლოდ არქივებშია შესაძლებელი, რაც ხანგრძლივი პროცედურაა.
ასეთ ადგილებში მშენებლობის ნებართვის მისაღებად, როგორც წესი, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად გარემოს დაცვის სამინისტროდან ჰიდროლოგების დასკვნაც არის საჭირო.
ამიტომ, ამ ხევზე, სავარაუდო მოსალოდნელ საფრთხესა და იმაზეც, არის თუ არა ამ ტერიტორიაზე წყალშემკრები კოლექტორი, რომელმაც წყალი უნდა გაატაროს, ან ჰიდროლოგიურად რამდენად დასაშვებია ასე ახლოს ხევთან (და ხევზე) დასახლების გაშენება, გარემოს დაცვის სამინისტროს მივმართეთ და ეს კითხვები ჰიდროლოგ გიორგი გულიაშვილს დავუსვით.
გიორგიმ გვითხრა, რომ ადრე, საბჭოთა დროს, დიდი დიღმის მახლობლად არსებული ე.წ. წორწორას ხევი და კიდევ რამდენიმე ხევი მე-20 საუკუნეში გაკეთებული კოლექტორით უერთდებოდა მტკვარს, ოღონდ ამ კოლექტორის ნაწილი მიწისქვეშაა მოქცეული და ზედაპირზე არ ჩანს. თუმცა, არის თუ არა მას მიერთებული ეს კონკრეტული ხევი, ამაზე ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან ამას მოკვლევა და ადგილზე შესწავლა სჭირდება.
გიორგი გულიაშვილმა ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდი გაგვიზიარა, რომ ამ ტერიტორიაზე, რადგან ახალი დასახლებაა, არ უნდა იყოს ბოლომდე მოწესრიგებული საკანალიზაციო ჭები, სანიაღვრე ქსელი, რის გამოც ვერ ხერხდება ზედაპირული წყლების განტვირთვა. დატბორვასაც ეს იწვევს.
დროებითი მდინარე, რომელიც როდის ადიდდება, არავინ იცის
რადიო თავისუფლების თხოვნით, ჰიდროლოგმა ნიკა წითელაშვილმა ამ უსახელო ხევის პარამეტრებს გადახედა და ნახა, რომ მას საკმაოდ მოზრდილი წყალშემკრები აუზის ფართობი (დაახლოებით 4 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში) აქვს. თითქმის იდენტური, როგორიც, მაგალითად, ვარაზისხევს, რომელიც ჟვანიას ქუჩის ნაწილში ჩამოდის. ხევის ზემო ნაწილში მცირე ზომის მეწყრულ-გრავიტაციული პროცესებიც მიდის - გამოფიტვის ეს ზოგადი ტენდენცია თბილისის ქვაბულის მიმდებარე ტერიტორიისათვის, მშრალი ჰავის გამო, დამახასიათებელია.
ნიკა გვიხსნის, რომ ასეთი პროცესები თბილისის თითქმის ყველა მდინარეზე მიმდინარეობს.
ეს მდინარე კი, როგორც მუდმივი ნაკადი, ნიკას თქმით, ასევე დატანილია თბილისის გენგეგმაზე. მართალია, ეს დროებითი მდინარეა, მაგრამ 2006 წლის გუგლის სატელიტურ სურათზე დაკვირვებით ირკვევა, რომ მას აშკარად ჰქონდა თავისი გამოკვეთილი კალაპოტი, რომელიც, როგორც ნიკა წითელაშვილი ამბობს, - უნდა შენარჩუნებულიყო.
ის ასევე მიიჩნევს, რომ ამ ტერიტორიაზე, საბჭოთა დროს არც კოლექტორი უნდა ყოფილიყო, რადგან ისევ და ისევ, 2006 წლის გუგლის სატელიტურ ფოტოზე ჩანს, რომ იქ მხოლოდ სახნავ-სათესი მიწებია. მინდვრები. ხოლო თუ სადმე ახლოს, რაიმე კოლექტორის მსგავსი მაინც არის გაკეთებული, ის უნდა იყოს ახალი და არა ძველი. და თან, კოლექტორის შესასვლელს მაინც უნდა ვხედავდეთ სადმე.
დროებითი მდინარე წლის უდიდეს დროს შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ თავსხმა წვიმა საკმარისია, რომ დიდი ძალით დაეშვას ხევში.
ამიტომ არის საჭირო, ამბობს ნიკა წითელაშვილი, რომ დათვლილი იყოს მისი მაქსიმალური ხარჯები - არ შეიძლება, იქ პატარა კოლექტორი იყოს, რადგან ის წამში 12 ტონა წყალს უბრალოდ ვერ გაატარებს.
„რაც შეეხება სტიქიას და წალეკვას, მართალია, ეს არ არის იმდენად დიდი მდინარე, რომ მასობრივი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვიოს, პატარა მდინარეა და წყალი გაიშლება, მაგრამ რა ზიანსაც იღებენ ახლა იქ მცხოვრებნი, ეს ყოველწლიურად განმეორდება. ვინც კონკრეტულად კალაპოტშია ჩასახლებული, მათ ისევ დაეტბორებათ სახლების პირველი სართულები“.
რაც ჩვენ საკუთარი თვალით დავინახეთ, ის ნიკა წითელაშვილმა სატელიტურ სურათებზეც დაინახა და დაგვიდასტურა, რომ ადგილზე ინერტული მასალის სანაყაროებია მოწყობილი. მისი თქმით, თუ თავის ნებაზე არ ყრის ვინმე ამ მასალას, მაშინ ამას სპეციალური ნებართვა სჭირდება.
თუ ჩუმად ამოავსეს ხევი, მაშინ ეს კანონის დარღვევაა და ამას აქამდეც უნდა მოჰყოლოდა რეაგირება - მარტივად, საქმის აღძვრა.
ჰიდროლოგი ამბობს, რომ წყლის შესახებ დღეს მოქმედი და, მისი თქმით, ხარვეზული კანონითაც კი, ის, რაც ამ ხევში ხდება, არის კანონდარღვევა.
„პირდაპირ წერია, რომ დაცული უნდა იყოს მდინარის სანიტარული დაცვის ზომები! ამ მდინარისთვის სანიტარული დაცვის ზონა არის კალაპოტიდან მარჯვენა და მარცხენა მხრიდან ათი მეტრი. მინიმუმ ოცმეტრიანი ბუფერული ზონა უნდა იყოს აქ შექნილი ან სათანადოდ მოწყობილ კოლექტორში უნდა იყოს წყალი გატარებული. რასაც მე ვუყურებ სატელიტურ ფოტოებზე, მანდ საკმაოდ ქაოტური და არასწორი განაშენიანებაა. სანამ ეგ ხევი კოლექტორში არ მოთავსდება ან სადრენაჟო სისტემები არ გაკეთდება, გაზაფხულის პერიოდში სულ ექნებათ პრობლემები“.
სად არის გამოსავალი და რას ფიქრობს ამ საკითხზე მერია, ჩვენ ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ.
ნიკა წითელაშვილმა გაგვიზიარა თავისი აზრი იმაზეც, თუ რა შეიძლება ასეთ დროს იქცეს გამოსავლად:
„დასახლებას ცოტა უნდა აშორდნენ და ზემო ნაწილში უნდა მოეწყოს ე.წ. წყალმიმღები, სადაც მდინარე კოლექტორში იქნება გადასროლილი, კოლექტორი უნდა იყოს დათვლილი მაქსიმალურ ხარჯებზე ანუ ამ მდინარის ბუნებას უნდა მოერგოს. მერე ეს კოლექტორი ბოლომდე უნდა ჩაიყვანონ და დამარხონ. მაგრამ საქმე ის არის, რომ თუ მდინარის კალაპოტს გაუყვებიან, მაშინ რამდენიმე სახლის დემონტაჟი შეიძლება გახდეს საჭირო“.
ხარვეზიანი კანონი, ჰიდროლოგის შეფასებით, ბევრ პრობლემას წარმოშობს და იწვევს იმასაც, რომ მოსახლეობა თვითნებურად შედის მდინარის კალაპოტში ან მდინარესთან ძალიან ახლოს აშენებს სახლს და მას მოკლევადიანი მეხსიერებით ახსოვს, რომ იქ არაფერი ხდებოდა, რომ ეს მდინარე „ყოველთვის მშვიდი იყო“.
ასეთ დროს უნდა მოქმედებდეს სწორედ კანონი და სახელმწიფო.
წყლის შესახებ კანონის ცვლილებას საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებდა, თუმცა, როგორც ნიკა წითელაშვილი ამბობს, თითქმის მეშვიდე წელია, ეს კანონპროექტი თაროზეა შემოდებული.