ბრიტანეთში გაჩერებაზე იპოვეს საიდუმლო დოკუმენტები ნაღმოსან HMS Defender-ის მისიის შესახებ

ბრიტანეთის სარაკეტო ნაღმოსანი HMS Defender-ი ოდესის ნავსადგურში

ბრიტანეთში ავტობუსის გაჩერებაზე ნახეს თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის სარაკეტო ნაღმოსან HMS Defender-ის და ბრიტანელი სამხედროების შესახებ.

ამის თაობაზე 27 ივნისს იტყობინება ბი-ბი-სი. ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ თანამშრომელმა, რომელიც შეშფოთებული იყო დოკუმენტების დაკარგვით, ამის თაობაზე განაცხადა გასულ კვირაში. დაწყებულია გამოძიება.

ბრიტანელმა სამხედროებმა საგულდაგულოდ დაგეგმეს სამხედრო ხომალდის, HMS Defender-ის გავლა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან. ისინი არ გამორიცხავდნენ აგრესიულ რეაქციას რუსეთის ფლოტისა და სამხედრო შეიარაღებული ძალების მხრიდან ბრიტანული ხომალდის ქმედებაზე. ეს წერია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტებში, რომლებიც ბი-ბი-სის ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში მას შემდეგ, რაც ისინი ავტობუსის გაჩერებაზე აღმოაჩინეს კენტის საგრაფოში, ლონდონის მახლობლად.

ასევე ნახეთ “შეგვიძლია მიზანშიც ვესროლოთ" - რუსეთის მუქარა შავ ზღვაში

მთავრობამ, რომელმაც, ფაქტობრივად, დაადასტურა დოკუმენტების ნამდვილობა, რის შესახებაც ბი-ბი-სის პუბლიკაციაში წერია, სავსებით ნორმალური უწოდა იმას, რომ სამხედრო უწყება საგულდაგულოდ გეგმავს თავის ოპერაციებს. თავდაცვის სამინისტროში კვლავ განაცხადეს, რომ ბრიტანულმა ხომალდმა მშვიდობიანი გასვლა განახორციელა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში.

რუსეთი ყირიმის სანაპიროს წყლებს თავისად მიიჩნევს. მოსკოვმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს დაიკავა. რუსეთის სამხედროებმა ბრიტანული სამხედრო ხომალდი, რომელიც საქართველოსკენ მიემართებოდა და იქ იმყოფება, იმაში დაადანაშაულეს, რომ მან ქვეყნის საზღვაო საზღვრები დაარღვია და კურსი შეიცვალა მას მერე, რაც რუსულმა ხომალდებმა გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს.

დოკუმენტები, საიდანაც ბი-ბი-სის მოჰყავს ციტატები, წარმოადგენს ელექტრონულ მიმოწერას და პრეზენტაციებს, რომლებიც სამხედრო ხომალდის, HMS Defender-ის, მისიას შეეხება. კერძოდ, ისინი მოიცავს ხომალდის სავარაუდო მარშრუტის განხილვას. ამ განხილვიდან ჩანს, რომ ნაღმოსანი განზრახ გავიდა ყირიმის სანაპიროს სიახლოვეს "დიდი ბრიტანეთის მიერ აღიარებულ - უკრაინის ტერიტოტორიულ წყლებში".

ამასთან, განხილვის მონაწილეები არ გამორიცხავდნენ რუსეთის მხრიდან მძაფრ რეაქციას - კერძოდ, სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და ავიაციის მხრიდან - ხომალდის ქმედებებზე. "როგორ წარმოგვიდგენია შესაძლო მისასალმებელი წვეულება?" - მოჰყავს ბი-ბი-სის განხილვის ერთ-ერთი მონაწილის, ბრიტანეთის გენერალური შტაბის თანამშრომლის ნათქვამი.

როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, გასვლის ორი ვარიანტი განიხილებოდა - ერთი ყირიმის სანაპიროსთან ახლოს, მეორე - მისგან მოშორებით. არჩეული იქნა პირველი ვარიანტი - როგორც ამტკიცებენ, იმის გამო, რომ მეორეს შესაძლოა, ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ბრიტანეთი ეთანხმება რუსეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს ყირიმთან მიმართებით.

კენტის საგრაფოში ნაპოვნი დოკუმენტები ადასტურებენ, რომ უკრაინის წყლების გავლა ბრიტანეთის მთავრობის მიერ წინასწარ მოფიქრებული გადაწყვეტილება იყო, რათა ეჩვენებინა უკრაინისთვის მხარდაჭერა, შესაძლო რისკების მიუხედავად, - ახდენს კონსტატაციას ბი-ბი-სი და ხაზს უსვამს, რომ მისიის მიზანი იყო არა რუსეთის გაღიზიანება, არამედ ნაოსნობის თავისუფლების მხარდაჭერა, და ასევე უკრაინის ტერიტორიული ერთიანობის მიმართ მხარდაჭერის ჩვენება.

გაზეთი The Telegraph-ი ადრე წერდა, რომ ბრიტანეთის კაბინეტში აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა HMS Defender-ის მისიასთან დაკავშირებით, და საბოლოო გადაწყვეტილება პრემიერმა, ბორის ჯონსონმა, მიიღო.

დოკუმენტები - მთლიანობაში დაახლოებით 50 გვერდი - ნაპოვნი იქნა სამშაბათს, დილას, ნაგვის გროვაში, ავტობუსის გაჩერებასთან, კენტის საგრაფოში. როგორც ბი-ბი-სი წერს, ადამიანი, რომელმაც ისინი იპოვა, მიხვდა, რომ ეს კონფიდენციალური დოკუმენტები იყო და ისინი რედაქციას გადასცა. "დეფენდერის" მისიის გარდა, ისინი ასევე შეეხება ბრიტანელი სამხედროების ქმედებებს ავღანეთში. ქაღალდების დაკარგვის შესახებ, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასულ კვირას გახდა ცნობილი.

ბრიტანული სამხედრო ხომალდის ქმედებებს რუსეთის მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა და მათ პროვოკაციული უწოდა. რუსეთის ელჩმა ლონდონში დაიჩივლა იმის შესახებ, რომ მათ ნულზე დაიყვანეს პოლიტიკური დიალოგი, რომელიც მოსკოვსა და ლონდონს შორის უნდა შემდგარიყო, და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობამ ფსკერს მიაღწია. ზოგიერთმა რუსმა პოლიტიკოსმა და საზოგადოებრივმა მოღვაწემ მსგავსი ინციდენტების განმეორების შემთხვევაში, ცეცხლის გახსნისკენ მოწოდება გამოთქვეს.

23 ივნისს, როდესაც დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის სარაკეტო ნაღმოსანი ოდესიდან საქართველოს მიმართულებით მიცურავდა, რუსეთის მტკიცებით, HMS Defender-ი შევიდა „რუსეთის ტერიტორიულ წყლებში“. ამის შემდეგ რუსეთის საპატრულო ხომალდმა გაფრთხილების ნიშნად ისროლა, ხოლო რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა თითქოს ორი ბომბი ჩამოაგდო ნაღმოსნის გზაზე.

ასევე ნახეთ ვახტანგ გომელაურს ბრიტანულ ხომალდზე უმასპინძლეს

HMS Defender-ი საქართველოში 26 ივნისს შევიდა.
ხომალდის ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას.

საპორტო ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფების წარმომადგენლები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ. HMS Defender-ის და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდის მონაწილეობით შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნა გაიმართება, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.