პროკურორი: მტკიცებულებებით დასტურდება არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ბრალდება

პროკურორი ბესიკ ქვარცხავა

პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებითაც დასტურდება დაკავებული მამა-შვილის მიმართ წარდგენილი არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ბრალდება.

"არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ჩავშლით კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსს, თუმცა შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ამ ეტაპზე მოპოვებულია კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ ბრალდებულების მიმართ წარდგენილ ბრალდებას", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განუცხადა.

ასევე ნახეთ სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამა-შვილს

სენაკის რაიონულმა სასამართლომ დღეს გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიუსაჯა არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს.

პროკურორის განცხადებით, ჯერ კიდევ გრძელდება საქმეზე გამოძიება და დასრულების შემდეგ ბრალდების მხარეს აქვს გონივრული მოლოდინი, რომ სწორედ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მხრიდან მიღებული იქნება ერთადერთი და სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის სახით.

„დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დასაბუთებული შუამდგომლობა, შესაბამისად, სქესობრივ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა. საქართველოს პროკურატურა ახორციელებს მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე, შესაბამისად, მოცემულ საქმეში ბრალდებულებიც კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს. გარდა ამისა, მოცემულ საქმეზე არასრულწლოვანი ბავშვების კანონიერი ინტერესების დასაცავად პროკურატურა ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებას, პროცესში ჩართული სხვადასხვა შესაბამისი უწყების ერთობლივი ჩართულობით და შეთანხმებით”, - განაცხადა პროკურორმა.

არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და იყენებენ დუმილის უფლებას. ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების მტკიცებით, მსგავსი ფაქტები, რასაც პროკურატურა ედავება, არ მომხდარა. რაც შეეხება გასაჩივრებას, ადვოკატების თქმით, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდებათ, პოზიციას დაკავებულებთან შეაჯერებენ.

ასევე ნახეთ ერთ-ერთმა მოძალადემ დაზარალებულის დის გაუპატიურებაც სცადა - რას ჰყვება 8 წლის ბავშვის ნათესავი