"ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მე ღიად დავაფიქსირე, არ დამიმალავს, რომ ეს პროექტი მემკვიდრეობით დამხვდა და რა თქმა უნდა, მიუღებელია ის პირობები, თუნდაც 100 წელი და სხვა პირობები, რომლებიც იქ წერია, "- თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვების პასუხად.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა საუბარი ინვესტორთან, დამფუძნებელთან და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირობების გადახედვაზე.
„ ვმუშაობთ აქტიურად, ჩართულია ქალბატონი ნათია თურნავა. ამას გარდა, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს დავავალე, მან გამოაცხადა კონკურსი, შერჩეულია შესაბამისი, საერთაშორისო ავტორიტეტის კომპანია, რომელიც შეისწავლის აღნიშნული კონტრაქტის საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას. თუ კიდევ დამატებით რაიმე შეუსაბამობას აღმოვაჩენთ და შესაბამისი დასკვნაც იქნება, რა თქმა უნდა, ამასაც გავითვალისწინებთ, მაგრამ იქ არის პრინციპული საკითხები, რაც ჩვენში დამატებით ემოციას იწვევს და რაც აბსოლუტურად გასაგებია, ეს ყველას გვესმის და ამაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ინვესტორთან, რომ ეს პირობები შეიცვალოს. ამასთან ერთად, ჩვენ თხოვნით მივმართეთ და ჩავრთეთ ევროკავშირის წარმომადგენელი მედიაციის პროცესში.
მე პირადად არაერთგზის დავუდასტურე ჩემი წარმომადგენლების მეშვეობით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებს დიალოგი, სრული გახსნილობა, სრული გამჭვირვალობა, რათა არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი და აშენდეს ეს პროექტი ისეთი სახით, როგორც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ქვეყანაში ასეთი მასშტაბური პროექტი არ აშენებულა.
რა თქმა უნდა, ჩვენ მორატორიუმი გამოვაცხადეთ კაშხლის მშენებლობაზე, ეს ჩემს დროს მოხდა, ვთქვით, რომ მინიმუმ 9-12 თვე არ დაიწყება კაშხლის მშენებლობა, ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა კითხვას, რომელიც დაკავშირებულია გარემოზე ზემოქმედების ეფექტსა და ზიანთან. ნებისმიერი რისკი გამორიცხული უნდა იყოს. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, გაზი და სხვა ძვირფასი რესურსები, მაგრამ გვაქვს ისეთი ძვირფასი რესურსი, როგორიც არის წყალი და ჰიდრორესურსები.
შეგვიძლია, გავიზიაროთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა, როგორიცაა შვეიცარია, ავსტრია, გერმანია, სადაც ასეთი დონის უზარმაზარი ჰესებია აშენებული და გარემოს არავითარი ზიანი არ ადგება. რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება იმ პარამეტრების და წესების დაცვით, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. ჩვენ თუ მაქსიმალურად გონივრულად არ გამოვიყენებთ ჩვენს რესურსებს, ვერ მივაღწევთ ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას, რაც, საბოლოო ჯამში, გადის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, მეგობრებო, ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეზე. ყველა პროექტს, რომელიც სასარგებლოა ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, მთავრობისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. ყველა პროტესტი გამოხატული უნდა იყოს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში, დანარჩენი ყველაფერი მიუღებელია. პროცესი იქნება მაქსიმალურად გახსნილი და გამჭვირვალე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ ენკა: არ ვაპირებთ "ნამახვანჰესის" პროექტის გაჩერებასდღესვე, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ ნამახვანჰესის პროექტი უკეთესი ფორმით, მაგრამ აუცილებლად უნდა განხორციელდეს.
"ნამახვანჰესი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. ყოველთვის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი მსხვილი პროექტი შეიძლება გაკეთდეს ცოტათი უკეთესად, ცოტათი განსხვავებულად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ახლა, რომ მედიაციის პროცესში ვიმყოფებით. მედიაციის პროცესს ევრიოკავშირის ენერგეტიკული ქარტიის წარმომადგენელი უძღვება და გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები. აქედან გამომდინარე ყველა ის ხარვეზი, თუკი რამე არსებობდა გარემოს დაცვის მიმართულებით, ან გნებავთ, მიწებზე იყო მაგალითად საუბარი, რომ ეს გამოსწორდება. ეს არ არის არაფერი ისეთი კრიტკული. მთავარი არის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. უკეთესი ფორმით, მაგრამ აუცილებლად განხორციელდეს", — განაცხადა თურნავამ.
ასევე ნახეთ ნათია თურნავას თქმით, "ნამახვანჰესის" პროექტში იჯარის პირობების შეცვლაზე მუშაობენ