ღარიბაშვილის თქმით, 2022 წლიდან ომის ვეტერანების პენსია გაიზრდება

ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მიმდინარე მოსმენაზე უპასუხა პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანების პენსიის ზრდას, რომელიც ამჟამად შეადგენს თვეში 22 ლარს.

„ვეტერანების დაფინანსებას, რაც შეეხება, პენსიას, გეთანხმებით აბსოლუტურად, პრობლემა არის წლების განმავლობაში, მანამდე უნდა მოგვარებულიყო. გიდასტურებთ, რომ 2022 წელს გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში ვეტერანებისთვის პენსიის გაზრდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ელისაშვილმა კი ღარიბაშვილს შემდეგი შეკითხვით მიმართა: „იცით, როგორი დამამცირებელია 22 ლარი იმ ხალხისთვის, რომლებიც როდესაც სამშობლოს დასჭირდა, წავიდნენ და საკუთარი სხეულით გადაეფარნენ საქართველოს. 22 ლარად ვუფასებთ ჩვენ მათ ამ გარჯას და ძალისხმევას. აპირებთ თუ არა, რომ გაიზარდოს 100 ლარამდე (ესეც სამარცხვინოა, მაგრამ). ვეტერანთა სამსახურს აქვს დაანგარიშებული, რომ 37 მილიონი უნდა. აპირებთ თუ თუ არა, რომ ეს შეცვალოთ?"

პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში წარადგინა 2020-2030 წლების სამოქმედო გეგმა.

შენიშვნა:

თავდაპირველ ვერსიაში ალექსანდრე ელისაშვილის ნაცვლად ეწერა ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი.