„ჩვეულებრივი ადამიანებისა“ და „საძაგელი არსებების“ სამყარო - რა წიგნები დაგხვდებათ წიგნის ფესტივალზე

24-27 ივნისს ექსპო-ჯორჯიაში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იმართება. ფესტივალში 30-მდე გამომცემლობა მონაწილეობს. მე-11 პავილიონში წიგნების დახლებთან ისევე ბევრია ხალხი, როგორც პანდემიამდე იყო, თუმცა, 2019 წლისგან განხვავებით, ახლა ყველას პირბადე უკეთია.

პანდემიის პერიოდი ურთულესი იყო, მაგრამ არ ვჩერდებით. ვცდილობთ ახალი წიგნები მოვამზადოთ. ფესტივალი ერთი წლის ჩავარდნის შემდეგ ისევ ჩატარდა. თავისი დრო და მნიშვნელობა ჰქონდა ონლაინ რეჟიმს, მაგრამ ამ ურთიერთობას არაფერი ჩაანაცვლებს. დღევანდელი დღე მოწმობს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მოენატრა წიგნსა და ლიტერატურასთან ასეთი ტიპის ურთიერთობა“, - ამბობს გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელი ზვიად კვარაცხელია.

მიუხედავად კრიზისისა, გამომცემლობებმა შეძლეს ძველ წიგნებთან ერთად ახლებიც გამოეტანათ. ეს შეეხება როგორც ნათარგმნ ლიტერატურას, ასევე ქართველი მწერლების ნაწარმოებებსაც - მათ შორის ისეთების, რომლებიც მანამდე წიგნებს არც წერდნენ. მაგალითად, „არტანუჯმა“გამოსცა ყოფილი ფეხბურთელის, შოთა არველაძის, ავტობიოგრაფია „გუშინ“.

„ჩემი წიგნი ჩემს გავლილ პერიოდზეა, ბავშვობიდან ბოლო თამაშამდე, რომელიც 2008 წელს თბილისში ვითამაშე. წიგნის დაწერა არ იყო იოლი. ადვილად დასაწერი მხოლოდ ის იყო, რაც კარგად გახსენდება. ახალგაზრდებისთვის უფრო საინტერესო იქნება. ეს არის რაღაცისკენ, ოცნებისკენ რომ მიილტვი, რომელიც, ვიღაცას უხდება, ვიღაცას - არა“, - ამბობს შოთა არველაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

„ქარჩხაძის გამომცემლობამ“ გამოსცა დელია ოუენსის „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“. წიგნი 2018 წლიდან „ნიუ იორკ თაიმსის“ ბესტსელერია, 2022 წელს კი მის მიხედვით გადაღებული ფილმიც გამოვა. გამოსცა ასევე ჯულია ქვინის „ჰერცოგი და მე“, რომლის მიხედვითავ Netflix -მა „ბრიჯენტონი“ გადაიღო. თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ფილმსა და წიგნს შორის ბევრი განსხვავებაა.

სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა სალი რონის „ჩვეულებრივი ადამიანები“ - ტექსტი რამდენიმე წლის წინ ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა. „ბრიჯენტონის“ მსგავსად, ეს წიგნიც მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც სერიალი Normal People გამოვიდა.

გამომცემლობამ დაბეჭდა ბუკერის პრემიის კიდევ ერთი ნომინანტის, ქართველი ავტორის, ნანა ექვთიმიშვილის, „მსხლების მინდორის“ ახალი გამოცემაც.

გამომცემლობა „ბაკმა“ დაბეჭდა გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“, რომელიც თენგიზ მირზაშვილის ნახატებით არის გაფორმებული. ეს ნახატები 1962 წლის დროინდელია, როდესაც წიგნს პირველად ამზადებდნენ გამოსაცემად, თუმცა მაშინ ილუსტრაციები მხოლოდ შავ-თეთრი იყო, ახლანდელ „ნატვრის ხეში“ კი ისინი უკვე ფერადია.

ფუფალა „ნატვრის ხიდან“

რას ჰყვება ლაბრადორი?

„მე კოსმო ვარ. სამხრეთ კაროლინაში დავიბადე. ლეკვობის დღეები კარგად აღარც მახსოვს“... ასე იწყება ქარლი სოროსიაკის „მე, კოსმო“, რომლის მთავარი გმირი ოქროსფერი ლაბრადორია. ადამიანების არ იყოს, ისიც თავის თავგადასავალს ჰყვება. წიგნი სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა.

გამომცემლობის ახალ წიგნებს შორის არის, ასევე, „ბიჭი ბოლო მერხზე“, სადაც სირიიდან ლტოლვილი ბავშვის ამბავია მოთხრობილი, და „სამხრეთით“ - ამბავი ოსლოელ ღარიბ გოგონაზე, რომელსაც დასასვენებლად წასვლა არ შეუძლია და ამიტომ ზღვის სანაპიროს სარდაფში მოიწყობს.

გამომცემლობამ დაიწყო ახალი სერიის მომზადებაც - გამოჩენილ ადამიანებზე წიგნებს აკა მორჩილაძე წერს. ჯერ მხოლოდ სამი მათგანი გამოვიდა: „ყაზბეგი“, „ვაჟა“, „ფიროსმანი“.

Your browser doesn’t support HTML5

ექსპო-ჯორჯიაში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იმართება

და კიდევ ერთი წიგნი კიდევ უფრო პატარებისთვის, რომელიც გამომცემლობა „ზოლიანმა კატამ“ მოამზადა და „საძაგელი არსებების ქვეყანაში“ ჰქვია:

და როდესაც იმ ნაპირს მიუახლოვდა, სადაც საძაგელი არსებები ცხოვრობდნენ, ეს საძაგლები საზარლად აღრიალდნენ, საზარელი კბილები ააკრაჭუნეს, საზარელი თვალები დაუბრიალეს და საზარელი კლანჭები გამოაჩინეს“....

ფესტივალზე ძველი და ახალი წიგნების გაყიდვასთან ერთად ყოველდღე ტარდება ვორკშოფები და პრეზენტაციები. ახალ წიგნებს მკითხველებს უშუალოდ ავტორები, თარგმანის შემთხვევაში კი გამომცემლობები წარუდგენენ.