ბელარუსის ოპოზიციური ტელეგრამ-არხის, Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი, რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი, სოფია საპეგა, რომლებიც მინსკში დააკავეს Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმის შემდეგ, უშიშროების სამსახურის საგამოძიებო იზოლატორიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. ამის თაობაზე რადიოსადგურ ბი-ბი-სის რუსულ სამსახურს აცნობეს დაკავებულების მშობლებმა.
მათი თქმით, პრატასევიჩი და საპეგა სხვადასხვა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ მინსკში. საპეგას მშობლების თანახმად, ის უკვე ორი-სამი დღეა შინაპატიმრობაში.
მინსკში რუსეთის საელჩომ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქეს აღკვეთის ზომები შეუმსუბუქეს.
საპეგას ადვოკატმა, ანტონ გაშინსკიმ „დოჟდის“ ეთერში თქვა, რომ საპეგა რესტორანში შეხვდა თავის მშობლებს და „მარტო არ იყო“. ადვოკატმა საპეგას თანმხლებ პირზე თქვა, რომ „ის რამან პრატასევიჩს ჰგავდა“.
დაკავებულების შინაპატიმრობაში გადაყვანა მოულოდნელი იყო. რამანის მამამ, დმიტრი პრატასევიჩმა არ გამორიცხა, რომ მისი ვაჟი რაღაც პოლიტიკურ თამაშში შეიძლება ჩაითრიონ.
პრატასევიჩი ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის ეკრანზე გამოჩნდა და აღიარა, რომ აწყობდა მასობრივ არეულობას, აკრიტიკებდა სხვა ოპოზიციონერებს და ამბობდა, რომ ლუკაშენკას პატივს სცემს.
მისი ახლობლები თვლიდნენ, რომ არ უნდა მივაქციოთ ამ სიტყვებს ყურადღება, რომ ის საპატიმროში ძალადობის და ზეწოლის ქვეშ იყო.
ოპოზიციონერი ბლოგერის მამის თქმით, რამან პრატასევიჩისთვის ბრალდება არ მოუხსნიათ.
რამან პრატასევიჩი დააკავეს მინსკში მას მერე, რაც ბელარუსის საჰაერო სივრცეში მყოფი, Ryanair-ის, ათენიდან ვილნიუსში მიმავალი, თვითმფრინავი აიძულეს მინსკში დამჯდარიყო.
პრატასევიჩის NEXTA დეტალურად აღწერდა ბელარუსში მიმდინარე მასობრივ გამოსვლებს. ბლოგერი ბელარუსის ხელისუფლებამ ტერორისტების სიაში შეიყვანა. მის მიმართ აღძრულია საქმეები მასობრივი არეულობის ორგანიზების, ხელისუფლების და მილიციის მიმართ სოციალური მტრობის გაღვივების მუხლებით. სოფია საპეგა ეჭვმიტანილია მასობრივი არეულობის მოწყობაში, ასევე ჯგუფურ ქმედებაში, რასაც საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა მოჰყვა, ასევე სოციალური მტრობის და შუღლის გაღვივებაში.