“ღირსების მარშის” მოწინააღმდგეები რუსთაველის გამზირის გაკონტროლებას აპირებენ

5 ივლისის "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე ჯგუფების წევრები, რუსთაველის გამზრის გაკონტროლებას აპირებენ.

დღეს გამართულ ბრიფინზე "ალტინფოს" წარმომადგენელმა ზურა მახარაძემ განაცხადა, რომ დილიდან „აიღებენ რუსთაველს“ და "ღირსების მარშს" ჩაშლიან.

ვაცხადებთ მობილიზებას, ყველა ჩვენგანი გაკეთებს ყველაფერს, რათა ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა მოვიდეს და მაგ ლოკაციიდან ვაპირებთ, რომ მთელი რუსთაველი ავიღოთ, გავაკონტროლოთ, არანაირი გარყვნილების პროპაგანდა არ ჩატარდება. ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს და ვუგზავნით ძალიან მკაფიო მესიჯს საქართველოს ხელისუფლებას“,- განაცხადა ზურა მახარაძემ.

„ღირსების მარშის“ ჩასაშლელად მობილიზებას აცხადებენ - "ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია მამულიშვილები", "ჩოხოსანთა საზოგადოება", მოძრაობა "ეროვნული მასმედიისთვის" პედაგოგთა ასოციაცია „განათლება და ზნეობა “ ბიზნესასოციაცია "სოლიდარობა" საზოგადოება "დავითიანი", "ალტინფო", საზოგადოებრივი მოძრაობა "ერი", "ქართული იდეა" , "ქართული მისია" და სხვები.

„თბილისი პრაიდი“ არ აპირებს გეგმების შეცვლას და ლგბტქ ღირსების მარშის გაუქმებას, სიძულვილის ჯგუფების მუქარის მიუხედავად.

ქვიარ აქტივისტი ანა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს მუქარა, რომელიც მიმართულია ლგბტქ აქტივისტების შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისკენ.

„ჩვენ ვხედავთ ძალადობისკენ მოწოდებებს, იმგვარ განცხადებებს, რომლებიც ცალსახად წაახალისებენ ძალადობას და ამაზე ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ჩვენ ველით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები გააკეთებენ განცხადებას, სადაც იტყვიან, რომ ისინი არ დაუშვებენ ძალადობას და უზრუნველყოფენ ღირსების მარშის მშვიდობიანი დემონსტრანტების უსაფრთხოების დაცვას“, - ამბობს სუბელიანი და განაგრძობს: „ძალიან მნიშვნელოვანია პრევენცია, რომ 5 ივლისამდე არ მივიდეთ ამ მოცემულობით“.

ასევე ნახეთ „ღირსების მარში 2021“ - დაიცავს პოლიცია ლგბტქ აქტივისტებს მოძალადეებისგან? 

გასულ კვირაში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, „პრაიდ კვირეულის“ უსაფრთხოების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვას, რა გააკეთა ლგბტქი თემისა და მისი მხარდამჭერი ჯგუფების კონსტიტუციური უფლებების დასაცავად.

„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება - მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.

17 ივნისს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "TV პირველის" ეთერში თბილისში დაგეგმილი "პრაიდ კვირეულის" წინააღმდეგ ღიად ისაუბრა.

"მე მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება - მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე", - თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

წამყვანის რეპლიკაზე, „ეკლესიას უგორებთ კოჭს?”, კობახიძე აღნიშნავს: „ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება, იმედი მაქვს, ეკლესია მე გამომიგორებს კოჭს”. მისი თქმით, მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება. კობახიძე ამატებს: „ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ”.

ლგბტქი ადამიანების და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება „თბილისი პრაიდის“ დირექტორი გიორგი თაბაგარი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და მის პოზიციას სამარცხვინო უწოდა.

მისი სიტყვებით, ნაცვლად იმისა, რომ ეფექტიანად მუშაობდნენ სიძულვილის ჯგუფების განეიტრალებაზე, აკეთებდნენ მკაცრ განცხადებებს და გმობდნენ ძალადობას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას.