როგორი ქვეყნების კატეგორიაში აღმოჩნდება საქართველო ვაქცინაციის და პანდემიის შემდეგ?

ყველაზე მეტი მოქალაქე ორჯერადად, ანუ სრულად, საქართველოში ვაქცინირებულია ჩინური წარმოების „სინოფარმით“. 20 ივნისის მონაცემებით, მათი რიცხვი 42 371-ია. ამავე ვაქცინით, ერთჯერადად ვაქცინირებულია 44 899 ადამიანი. ჯამში, საქართველოში ვაქცინირებული მოქალაქეების ნახევარი სწორედ ჩინური წარმოების ვაქცინებით, „სინოფარმითა“ და „სინოვაკითაა“ აცრილი. მათგან 77 732 ერთჯერადადაა აცრილი, 47 834 კი ორჯერადად. 23 ივნისის მონაცემებით, საქართველოში სულ ვაქცინირებულია 242 451 ადამიანი.

ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 200 000 ჩინური წარმოების ვაქცინაა შემოსული. 100 000 „სინოფარმი“ და 100 000 „სინოვაკი“. უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში, საქართველო „სინოფარმისგან“ კიდევ ნახევარ მილიონ დოზა ვაქცინას ელის. ვაქცინებს ველით „სინოვაკისგანაც“. როგორც მოსალოდნელია, ივლისის დასაწყისში, სწორედ ამ ვაქცინებით უნდა დაიწყოს ქვეყანამ მასობრივი იმუნიზაციის პროცესი.

როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჩინური ვაქცინით აიცრება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზირებულ ჩინურ ვაქცინებზე ვიცით ის, რომ:

„სინოფარმის“ ეფექტიანობა სიმპტომური დაავადების წინააღმდე, ორი დოზის გაკეთებიდან 2 კვირაში 79%-ს შეადგენს. რაც შეეხება ერთი დოზის შემდეგ მის ეფექტიანობას, ზუსტი მაჩვენებელი ამ მონაცემთან დაკავშირებით, არ გამოქვეყნებულა.

„სინოვაკის“ შემთხვევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცებით, ვაქცინა 51%-ით ამცირებს სიმპტომური დაავადების რისკს, 100%-ით მძიმე გართულებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს.

საინტერესოა ჩინური ვაქცინების ეფექტიანობა ვირუსის ახალ შტამებთან მიმართებაში. მათ შორის, ბრიტანულ და ინდურ, ე.წ. დელტა შტამებთან მიმართებაში, რაკიღა ვიცით, რომ ნელ-ნელა, ე.წ. ტრადიციულ, უჰანურ შტამს, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, სწორედ ახალი შტამები ანაცვლებს. ბრიტანული შტამი უკვე ორ თვეზე მეტია დომინანტია საქართველოში, რაც შეეხება ინდურ, დელტა შტამს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე ტიკარაძის ერთი კვირის წინანდელი მონაცემებით, მისი წილი საქართველოში ინფიცირებულთა 8%-ზე მოდიოდა. დარგის სპეციალისტების თქმით, ინდური შტამი ე.წ. უჰანურ შტამზე გაცილებით გადამდებია და ის სწრაფად ვრცელდება.

კონკრეტული მონაცემი ჩინური ვაქცინების ახალ შტამებზე ეფექტიანობის შესახებ, არ არსებობს. ამ ეტაპზე, შეგვიძლია შემოვიფარგლოთ მხოლოდ ზოგადი განმარტებებითა და განცხადებებით. მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ავტორიზირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეფექტიანია კორონავირუსის ყველა ვარიანტის წინააღმდეგ.

WHO-ს ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგი კი აცხადებს: „COVID19-ის აქამდე არსებული ყველა ვარიანტი, ნამდვილად რეაგირებს ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ყველა ვაქცინაზე“.

„ინდური“ თუ კორონავირუსის სხვა ვარიანტების მიმართ ჩინური ვაქცინების ეფექტიანობაზე აკეთებს განცხადებას ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტი, შაო იმინგი. ის გამოკვლევების წინასწარ შედეგებს ეყრდნობა და ამბობს, რომ ჩინეთში წარმოებულ ვაქცინებს შეუძლიათ „გარკვეული დოზით“ უზრუნველყონ ვირუსის ახალი ვარიანტებისგან დაცვა. თუმცა, არ აზუსტებს, ჩინეთში წარმოებული კონკრეტულად რომელი ვაქცინები შეიძლება იყოს ეფექტური კორონავირუსის ახალ შტამებთან ბრძოლაში.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ვირუსის რომელიმე ახალი მუტაცია აღმოჩნდება რეზისტენტული ვაქცინების წინააღმდეგ, „ჩინეთი მზადაა ამ გამოწვევას სწრაფად უპასუხოს, რადგან წარმოების პროცესი უკვე კარგადაა მომწიფებული და არ საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს მუტაციების წინააღმდეგ ახალი ვაქცინების შესაქმნელად“.

როგორია ჩინური ვაქცინების ეფექტიანობის პროცენტული მაჩვენებელი ახალი შტამების წინააღმდეგ, ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ ავრცელებს.

ჩინური ვაქცინით აცრილი ქვეყნები ახალ ეპიდ-აფეთქებებს ებრძვიან

ჩინური ვაქცინების მდგრადობას ახალ შტამებთან მიმართებაში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ ქვეყნების ამჟამინდელი ეპიდვითარება, რომელთა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ ჩინური წარმოების ვაქცინებით აიცრნენ და დღეს ისინი ახალ ეპიდ-აფეთქებებს ებრძვიან.

ამ სიტუაციის საილუსტრაციოდ გამოდგება მაგალითად, მონღოლეთი, რომელიც მოსახლეობას „კოვიდისგან თავისუფალ ზაფხულს“ დაპირდა; ბაჰრეინი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ „ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებოდნენ“; სეიშელის კუნძულები კი ეკონომიკის დაწინაურებას გეგმავდა.

დღევანდელი მონაცემებით, ყველა ეს ქვეყანა ახალ კოვიდ-აფეთქებებს ებრძვის და ჩინური ვაქცინების ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს, განსაკუთრებით კი ახალ შტამებთან მიმართებაში. არადა, სეიშელის კუნძულებმა, ჩილემ, ბაჰრეინმა და მონღოლეთმა, მოსახლეობის 58-60% სრულად აცრა ჩინური ვაქცინებით - „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“.

მეცნიერებს უჭირთ მტკიცებით ფორმაში ლაპარაკი, თუ რამ გამოიწვია ვაქცინირებულ ქვეყნებში ახალი ეპიდაფეთქება და ისინი რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. მათ შორისაა, ახალი შტამები, შეზღუდვების უეცარი მოხსნა, ვაქცინაციის პირველი დოზის მიღების შემდეგ ყურადღების მოდუნება.

შედარებისთვის, აშშ-ის მოსახლეობის 45% სრულად ვაქცინირებულია. მათ ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ „პფაიზერისა“ და „მოდერნას“ მიერ წარმოებული ვაქცინებით და უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, დაავადების რიცხვი 94%-ით დაეცა.

ისრაელს, რომელიც სეიშელის კუნძულების შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე მეტად ვაქცინირებული ქვეყანაა და რომელმაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი „პფაიზერით“ აცრა, ერთ მილიონ მოსახლეზე 4,95 ინფიცირებული ჰყავს, მაშინ როდესაც, „სინოფარმით“ აცრილ სეიშელის კუნძულებზე ეს რიცხვი 716-ს აღწევს.

როგორც „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, შექმნილი სიტუაცია ცხადყოფს, რომ პანდემიიდან მსოფლიო სამი ტიპის ქვეყნებით გამოვა - მდიდარი ქვეყნები, რომლებმაც გამოიყენეს ყველა რესურსი იმისათვის, რომ მიეღოთ „პფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინები; შედარებით ღარიბი ქვეყნები, რომლებიც შორს არიან თავიანთი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ვაქცინაციისგან და მესამე, ქვეყნები, რომლებიც სრულად არიან ვაქცინირებულნი, მაგრამ სანახევროდ დაცულნი.

„ჩინეთი, სხვა 90 ქვეყანასთან ერთად, რომლებმაც ჩინური ვაქცინები გამოიყენეს, დიდი ალბათობით, სწორედ მესამე კატეგორიის ქვეყნებში აღმოჩნდება, რომელიც დარჩება ვირუსთან ბრძოლის რეჟიმში, რაც გულისხმობს შეზღუდვებთან თუ ლოკდაუნებთან ერთად ცხოვრებას თვეებისა და შესაძლოა, წლების განმავლობაშიც“, - წერს „ნიუ იორკ ტაიმსი“.

22 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პირველი ივლისიდან ქვეყანაში ერთი მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა. რომელი წარმოებისა და რა რაოდენობის, ამის შესახებ არც მას და გადაწყვეტილების მიმღებ არც სხვა პირებს არაფერი უთქვამთ.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ერთი მილიონი დოზა ვაქცინიდან, 43 000 დოზა იქნება, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკა“, რაკიღა ის ჯერ კიდევ გუშინ, 22 ივნისს უნდა მიგვეღო. არ არის გამორიცხული, რომ ამ ერთ მილიონ დოზა ვაქცინაში შევიდეს ნახევარი მილიონი ჩინური წარმოების „სინოფარმი“, რადგან, მთავრობის განცხადებით, „სინოფარმისგან“ 500 000 დოზა ვაქცინას ივლისის დასაწყისში ველოდებით.

რაც შეეხება „ფაიზერს“, საქართველოს ხელისუფლებისა და თავად კომპანიის განცხადებების თანახმად, არსებობს ერთგვარი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ „ფაიზერისგან“ ერთი მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს. მთავრობა ვაქცინის ჩამოსვლის სავარაუდო თარიღად ივლისის მიწურულს ასახელებდა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, პრემიერ-მინისტრის მიერ ნახსენებ მილიონ დოზაში „ფაიზერიც“ გამოერიოს.

48 დღეა საქართველოს არც ერთი დოზა ვაქცინა არ მიუღია. ვაქცინაციის დაწყებიდან, 15 მარტიდან დღემდე, ქვეყანაში ჯამში მხოლოდ 157 725 ადამიანის ორჯერადად, ანუ სრულად ასაცრელი ვაქცინაა შემოსული.