რუსთაველის თეატრის დაუსრულებელი თამაში - ისევ მოსკოვში, ისევ "მოსსოვეტის" სცენაზე

საქართველოში კვლავ ცხარე დისკუსია და მწვავე რეაქციები მოჰყვა რუსთაველის თეატრის მორიგ გადაწყვეტილებას რუსეთის დედაქალაქში გამგზავრებაზე. მოსკოვის სცენაზე გამოსვლის მოწინააღმდეგეები საქართველოს 20%-ის ოკუპაციაზე ამახვილებენ ყურადღებას. მომხრეები კი კულტურასა და პოლიტიკას შორის ზღვარზე საუბრობენ.

30 ივნისს, 1 და 2 ივლისს რუსთაველის თეატრის სპექტაკლს „თამაშის დასასრული“ "მოსსოვეტის" სცენაზე ელოდებიან. საქართველოს სახელმწიფო აკადემიური თეატრი მოსკოვში მიიწვია ანტონ ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა, რომელიც ძირითადად რუსეთის ხელისუფლების პატრონაჟით არსებობს. მგზავრობისა და მოსკოვში ყოფნის ხარჯებს მთლიანად რუსეთი ფარავს.

  • რა ასაზრდოებს პროტესტის განცდას საზოგადოებაში?
  • სად გადის ზღვარი კულტურასა და პოლიტიკას შორის?
  • რა პოზიცია აქვთ თავად რუსთაველის თეატრის დასში?

როცა არ გიყვარს და მაინც მიდიხარ

„მოსკოვი აღარ მიყვარს უკვე ძალიან დიდი ხანია.. როგორ შეიძლება მიყვარდეს, როცა იქ ისეთი შენობა დგას (კრემლი), რომელიც მართავს ჩვენს ქვეყანას... მაგრამ საერთაშორისო ფესტივალზე ჩასვლა სულ სხვა შემთხვევაა, გასტროლებზე ხომ არ მივდივართ?!“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი, ერთ-ერთი მონაწილე სპექტაკლისა, რომელსაც რუსთაველის თეატრი ანტონ ჩეხოვის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ჩაიტანს.

ნანა ფაჩუაშვილი გვეუბნება, რომ სხვადასხვა თეატრის სპექტაკლებით ის უკვე მესამედ ჩადის ამ ფესტივალზე და ცუდს ამაში ნამდვილად ვერაფერს ხედავს:

  • „ჩვენი თეატრი თვითონვე არ დაუშვებდა, რომ რუსეთში გასტროლებზე წავიდეს და იქ რუსეთის მაყურებელს ვასიამოვნოთ... მაგრამ ეს საერთაშორისო ფესტივალია“;
  • „ამ ფესტივალში მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მონაწილეობს... მათ აინტერესებთ, თუ როგორ გადაწყვიტა რობერტ სტურუამ და როგორ დადგა მსოფლიოში ცნობილი დრამატურგის ძალიან საინტერესო ნაწარმოები. რომელიც სხვა ქვეყნების სცენებზეც არაერთხელ დაიდგა“;
  • „ვფიქრობ, რომ არ იქნება დანაშაული იქ წასვლა ამ შემთხვევაში... ნურავინ შემეჯიბრება საქართველოს სიყვარულში... მთელი ამ წლების მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი ღირსეულად და მინდა, რომ ეს სპექტაკლიც ღირსეულად გავმართოთ ამ ფესტივალზე“.

რუსთაველის თეატრი მოსკოვში ჩაიტანს სემუელ ბეკეტის ნაწარმოების მიხედვით, რობერტ სტურუას მიერ დადგმულ ერთ-ერთ ბოლო სპექტაკლს - „თამაშის დასასრული“, რომელშიც ოთხი მსახიობი მონაწილეობს.

ბილეთის ფასები 500 რუბლიდან 5000 რუბლამდე მერყეობს. ადგილების უმრავლესობა უკვე შევსებულია.

"ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შევძლებთ, მოსკოველ მაყურებელს ვაჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი“ - უთხრა რუსეთის ტელევიზიის „1 არხს“ რეჟისორმა და რუსთაველის თეატრის მხატვრულმა ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ. ოდნავ მოგვიანებით კი, სოციალურ ქსელით, ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში თეატრის ადმინისტრაციამ საგანგებოდ გაუსვა ხაზი ფესტივალის საერთაშორისო ღირებულებასა და მასში არაერთი დასავლური ქვეყნის ჩართულობას.

რუსთაველის თეატრში იგივე უთხრეს რადიო თავისუფლებასაც და ასევე საჭიროდ ჩათვალეს ხაზი გაესვათ, რომ საქართველოს ბიუჯეტს ამ შემთხვევაში ერთი თეთრიც არ დაეხარჯება - მთელ ხარჯს რუსეთი დაფარავს.

  • წელს ფესტივალში პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი მონაწილეობს.
  • რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რუსთაველის თეატრის დასის წევრები მოსკოვში 27 ივნისს გაემგზავრებიან და საქართველოში 3 ივლისს დაბრუნდებიან.

პროტესტი

თეატრმცოდნე ლელა ოჩიაური კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ საქართველოს სახელმწიფო თეატრი ოკუპანტ ქვეყანაში ჩავიდეს.

„ჩეხოვის სახელობის ფესტივალი ზოგადად კარგ ფესტივლად ითვლება, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ დღეს უკრაინის რომელიმე დასი ჩავიდეს მოსკოვში და მონაწილეობა მიიღოს... ჩვენ რატომ ჩავდივართ?!

ყოველთვის მაქვს პროტესტის განცდა, როცა ქართველი ხელოვანი რუსეთში მიდის და ჩვენს ხელოვნებას წარუდგენს იმ ქვეყნის საზოგადოებას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის უპირველესი მტერი...

ორი-სამი ადამიანი აცნობიერებენ რუსეთის ხელისუფლების მავნებლურ პოლიტიკას რუსეთში და ამიტომ, არ არის რუსეთის აუდიტორია ღირსი, რომ თუნდაც ტაში დაუკრას ჩვენს ხელოვნებას. მიმაჩნია, რომ ეს არის დამამცირებელი ჩვენთვის“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლელა ოჩიაური.

ასევე ნახეთ რუსთაველის თეატრი მოსკოვში, "მოსსოვეტის" სცენაზე

რუსთაველის თეატრი ჩეხოვის სახელობის ფესტივალზე მოსკოვში პირველად არ მიდის. ასეთივე მძაფრი იყო საზოგადოების რეაქციები 2019 წელსაც, როცა დასმა მოსკოვში ასევე რობერტ სტურუას სპექტაკლი - „ვანო და ნიკო“ ჩაიტანა.

ისევე როგორც მაშინ, ბოლო ორი დღეა, სოციალური ქსელები საყვედურებით, ბრალდებებითა და ლანძღვით აჭრელდა. ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში რუსთაველის თეატრის დასის ვიზიტს საზოგადოების ნაწილი გამყიდველობასა და ღალატსაც კი არქმევს. მათი ოპონენტები კი მთელი ძალით ამტკიცებენ, რომ პოლიტიკასა და კულტურას შორის არანაირი კავშირი არ არის და რომ კულტურას ოკუპაციასთან მხოლოდ უკულტურო ადამიანი თუ აკავშირებს.

ასევე ნახეთ "შემოქმედებითი თავისუფლებაა" - წულუკიანი რუსთაველის თეატრის რუსეთში გასტროლებზე წასვლაზე

ჩეხოვის სახელობის ფესტივალი მოსკოვში პირველად 1992 წელს ჩატარდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთ წელიწადში. ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

რა შუაშია კრემლი?

თეატრალურ წრეებში კარგად იციან, რომ ფესტივალის ორგანიზატორები რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირები არიან და რომ პუტინის ხელისუფლება ამ ფესტივალსაც, როგორც ყველა სხვა კულტურულ თუ არაკულტურულ ფორუმს, პოლიტიკურ და სოციალურ ინსტრუმენტად იყენებს.

  • ფესტივალის ოფიციალურ ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ: ღონისძიებას ტრადიციულად უჭერს მხარს რუსეთის პრეზიდენტი.
  • მხარდამჭერებს შორის მოიხსენიება ასევე: რუსეთის ფედერაციის მთავრობა, მოსკოვის ადგილობრივი ხელისუფლება, რუსეთის კულტურის სამინისტრო, „ფესტივალში მონაწილე სახელმწიფოთა საელჩოები“ და თეატრები. გენერალურ პარტნიორად დასახელებულია რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია - "1 არხი".
  • ფესტივალის გენერალური დირექტორია 82 წლის ვალერი ივანეს ძე შადრინი, რომელიც, კრემლის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, 2018 წლამდე კულტურისა და ხელოვნების სფეროში რუსეთის პრეზიდენტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი იყო და პრეზიდიუმის შემადგენლობაშიც შედიოდა.
  • 2016 წელს შადრინს პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ჯილდო გადასცა და მუდმივად განსაკუთრებული მადლიერებით ულოცავს იუბილეებს.
ასევე ნახეთ ნინო ქათამაძე პროტესტს უერთდება და აცხადებს, რომ რუსეთში კონცერტებს აღარ ჩაატარებს

რა განასხვავებს სპორტს?

როდესაც საზოგადოების მსგავს პროტესტზე ვლაპარაკობთ, ცხადია, საქმე მხოლოდ რუსთაველის თეატრს არ ეხება.

ქართული საზოგადოება მტკივნეულად აღიქვამს ნებისმიერი მსახიობის, მუსიკოსის, მომღერლისა თუ მოცეკვავის ჩასვლას რუსეთში და ყურადღების მიღმა არც ნაკლებად ცნობილი პირები და ჯგუფები დარჩენილან.

სხვადასხვა დროს, რუსეთში ჩასვლაზე საჯარო უარი თქვა არაერთმა ცნობილმა პირმა, მათ შორის - ბუბა კიკაბიძემ, ნანი ბრეგვაძემ თუ ნინო ქათამაძემ. საზოგადოების დიდი ნაწილი ასეთ გადაწყვეტილებებს აღფრთოვანებით ხვდებოდა.

განსხვავებულად არის საქმე სპორტის შემთხვევაში.

მართალია, კალათბურთელი თორნიკე შენგელია "ცსკა"-ში გადასვლის გამო, საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ დაინდო, მაგრამ საზოგადოება აღფრთოვანებული რჩება ყოველ ჯერზე, როცა, მაგალითად, ჭიდაობასა თუ რაგბიში ქართველები რუსებს დაამარცხებენ და მით უფრო, თუ ეს რუსეთში მოხდება და საქართველოს ჰიმნი აჟღერდება რუსულ სპორტულ არენებზე.

ასევე ნახეთ საქართველოს სარაგბო ნაკრებმა კალინინგრადში დაამარცხა რუსეთის ნაკრები

სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას განსხვავებული მიდგომები არ უკვირს და როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება, სპორტის შემთხვევაში განსხვავებულ რეაქციებს გამარჯვების ფაქტორი გამაპირობებს.

„სპორტი შეჯიბრების სფეროა, ყოველთვის არის მოწინააღმდეგე მხარის მოგების შანსი და ეს არის გამარჯვების ერთგვარი ჩამნაცვლებელი. ამიტომ საზოგადოება კმაყოფილი რჩება, როცა სპორტსმენები იმარჯვებენ ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან.

გამარჯვება და დამარცხება კულტურის სფეროში მაინცდამაინც მთავარი და გადამწყვეტი არ არის. შესაბამისად, რუსეთში ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებს უფრო მტკივნეულად აღიქვამს ჩვენი საზოგადოება. საზოგადოების ნაწილისთვის ეს დამპყრობელთან არა შეჯიბრის, არამედ თანამშრომლობის გამოხატულებაა“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ემზარ ჯგერენაია.

მისი თქმით, კულტურა ვერასოდეს მოახდენს გავლენას „პუტინის რუსეთის პოლიტიკაზე“ და ფუჭია მცდელობა, რომ კულტურით ვუთხრათ რუსეთს -„ნუ მოგვექცევით ისე, როგორც გვექცევით“. ჯგერენაია ფიქრობს, რომ „სრულებით შეუძლებელია, ასეთმა ვიზიტებმა შეცვალონ რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ“.