აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი კვირას დილით მოსკოვიდან ნიუ-იორკში გაფრინდა. ის სამთვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება ვაშინგტონში.
მარტში ის კონსულტაციისთვის გაიხმეს მოსკოვში მას მერე, რაც ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეინტერვიუში დაეთანხმა მოსაზრებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „მკვლელია“.
აპრილში, რუსეთის ხელისუფლების მრავალჯერადი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, მოსკოვი დატოვა აშშ-ის ელჩმა ჯონ სალივანმა. ვაშინგტონში აღნიშნავდნენ, რომ ის რამდენიმე კვირის შემდეგ დაუბრუნდებოდა თავის პოსტს.
ელჩების დაბრუნების შესახებ შეთანხმება მიღწეულ იქნა ჟენევაში, სადაც 16 ივნისს სამიტი გაიმართა ბაიდენსა და პუტინს შორის.
ანტონოვი უკვე ორშაბათს შეუდგება ვაშინგტონში მუშაობას. მან „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი და სურს ხელი შეუწყოს აშშ-სთან „თანაბარუფლებიანი და პრაგმატული“ ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამერიკის ელჩი მომავალ კვირაში დაბრუნდება მოსკოვში.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კვლავაც ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაბალ დონეზეა ცივი ომის დასრულების შემდეგ. მიუხედავად ელჩების დაბრუნებისა, ძალაში რჩება ახლახან შემოღებული შეზღუდვები, მათ შორის რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, აშშ შეიყვანოს „არამეგობრული სახელმწიფოების“ სიაში.
ჟენევის სამიტზე პრეზიდენტები შეთანხმდნენ, დაიწყონ დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ნათელი, როგორი იქნება ის პრაქტიკულად.