„მკვლევარებმა გემისაკენ უკან მიმავალ გზას ვერ გააგნეს, შიმშილისგან გათანგულებს ყველა ძაღლის შეჭმა მოუწიათ და უიმათოდ დარჩენილები ხან ფეხით მიიკვლევდნენ გზას, ხან ნავებით“... – „ნორვეგიული დღიური“
„’ნილს, ნილს!’ - მომესმა სადღაც ქვევიდან დედაჩემის ხმა. მივხვდი, რომ ბავშვებმა ჩემი ურჩობა დედაჩემს შეატყობინეს. რაღას ვიზამდი, სასჯელი არ ამცდებოდა. საინტერესოა, ამჯერად რა იქნებოდა“... –„12 კრისტალის თეორია“
„ჩემთვის დევნილობა განსხვავებულ შესაძლებლობებს ნიშნავს, განსხვავებულ მიზნებს. ზოგჯერ უუფლებობაა, ზოგჯერ - სტიგმა, მაგრამ ზოგჯერ სიამაყესაც უკავშირდება, დადებითი კონტექსტით მოლოდინსაც“, - „ქალები ომის დროს და ომის შემდეგ“
Your browser doesn’t support HTML5
ეს ახლად გახმოვანებული აუდიოწიგნებიდან ამოკრეფილი ნაწყვეტებია. ამ და ათამდე სხვა თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებს ივნისის ბოლოს თავმოყრილს იხილავთ და შეძლებთ უფასოდ მოუსმინოთ.
იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, „ანასეულის“ სამ სხვადასხვა სტუდიაში 5 გამხმოვანებელი “აცოცხლებს” წიგნებს.
ეს პროექტი მას შემდეგ გახდა რეალური, რაც იუნესკოს ეგიდით ერთი წლით „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქად“ გამოცხადდა.
აუდიოწიგნები, პირველ რიგში, უსინათლო ადამიანებისთვის იწერება და მათთან ერთად ყველა სხვა დანარჩენისთვის, ვისაც ლიტერატურასთან ერთად წიგნების მოსმენაც უყვარს.
რა საჭიროა იმის ხაზგასმა, რომ აუდიოწიგნს უსინათლოც გაეცნობა. თითქოს რა უნდა, ყველა უსმენს აუდიოწიგნს, მათ შორის უსინათლო და მცირემხედველიც, მაგრამ არც ასეა საქმე.
აუდიოწიგნები ორი ფორმით აიტვირთება სპეციალურ საიტზე _ ეს არის წიგნის სრული ვერსია და ფაილებად დაყოფილი ტექსტები, მაგალითად:
“ფაილი ნომერი 18, მეორე ნაწილის პირველი თავის მესამე პარაგრაფი - „ყვავილები ფანჯრის რაფაზე“. ციტატა: „ყოველთვის ვამბობ, რომ აფხაზეთიდან დევნილი ვარ“…
ანა ბაქანიძე, უკვე 10 წელია, პროფესიონალი გამხმოვანებელია. ბოლო 5 წლის მანძილზე 100-ზე მეტი წიგნი გაახმოვანა, მათ შორის მცირემხედველებისა და უსინათლოებისთვის. ამბობს, რომ პატარა ფაილებად დაყოფილი ტექსტები უსინათლოებისთვის მოსასმენად უფრო მოსახერხებელია. იმისთვის, რომ სამიზნე აუდიტორიამდე სათქმელი სწორად მივიდეს, სხვა პროექტებზე უსინათლოებიც უწევდნენ კონსულტაციას. ერთ-ერთი მათგანი ლაშა ცაიშვილია. დაგროვილი გამოცდილებით ანამ უკვე იცის, როგორ უნდა იყოს მისი თხრობა ყველასთვის გასაგები.
„ჩვენ წინასწარ ვკითხულობთ ტექსტს და ვცდილობთ ემოციებიც ახლდეს ამ ყველაფერს, რომ ეს არ იყოს მონოტონური გახმოვანება. მაგრამ ოქროს შუალედიც უნდა დაიცვა. ლაშა სულ ამას მეუბნებოდა, რომ ზედმეტი ემოციაც არ ვარგა, სპექტაკლს არ უნდა დაემსგავსოს. უნდა ეცადო, რომ სათქმელი ხმის ტემბრით, ტონალობით, პაუზებით სწორად გამოხატო, თან ისე, რომ შენი ემოციაც არ მოახვიო თავს მსმენელს“. - ამბობს ანა
ერთიანი პლატფორმა, სადაც უსინათლოებისთვის აუდიოწიგნები იქნება გახმოვანებული, არ არსებობს. ქართული აუდიოწიგნების სიმწირის ფონზე, ხშირად წიგნების უხარისხო ჩანაწერები ვრცელდება, ამიტომ ლაშასა და სხვა უსინათლოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარგად მოთხრობილი ამბები.
„ ჩანაწერებში ხშირად წერტილი და მძიმეც არ არის ერთმანეთისგან გარჩეული წიგნის კითხვის დროს. ჩვეულებრივ, მისთვისაც, ვისაც სმენა უსინათლოსავით არ აქვს განვითარებული, დისკომფოტრი იქნება ასეთი უხარისხო აუდიოდისკის მოსმენა, მაგრამ უსინათლოსთვის განსაკუთრებით ძნელია და ამიტომ შეიძლება საერთოდ არ კითხულობდნენ. ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ მალე რომ აიღოს თანხა წიგნის წამკითხველმა, ამის გამო ხშირად ტოვებენ მასალებს და ადამიანი წიგნს რომ წაიკითხავს, თუ არ იცის შინაარსი, შეიძლება ეგონოს, რომ წიგნი სრულად წაიკითხა. მაგრამ არის კარგი მიმართულებებიც, რასაც, ჩემი აზრით, დიდი მხარდაჭერა სჭირდება“.
კიდევ ერთი სპეციფიკური ნიშანი უსინათლოებისთვის გახმოვანებული წიგნისა, ფილმისა თუ სახელმძღვანელოსი არის „ტიფლო კომენტარი“, ანუ სიტუაციის ან ილუსტრაციის აღწერის ნაწილი.
„ მთავარია უსინათლო მიხვდეს, რა არის სურათზე დახატული. უნდა იყოს აღწერილი ფერი - მაგალითად, თუ შენობაა, ითქვას, რა ფერის სახურავი აქვს, როგორი სტილის შენობაა. ადამიანის შემთხვევაში - რა აცვია, რა შინაარსია მის მოქმედებაში ჩადებული. ისე უნდა აღიწეროს, რომ უსინათლომ ეს დაინახოს თავის წარმოდგენაში“. - გვიხსნის ლაშა
სწორედ ამიტომ, აუდიოწიგნის მოსმენისას შესაძლებელი იქნება აირჩიოთ, მოუსმინოთ წიგნს დაყოფილი ფაილებითა და “ტიფლოკომენტარით”, თუ წიგნის ჩანაწერის უწყვეტ ვერსიას.
ამჟამად მსახიობი კახა მიქიაშვილი ნორვეგიის პეიზაჟებსა და იქ მომხდარ ამბებზე ჰყვება. ის არჩილ ქიქოძის “ნორვგიულ დღიურს” ახმოვანებს.
Your browser doesn’t support HTML5
ნორვეგიული დღიურის გარდა, შეძლებთ მოისმინოთ მწერლისა და დრამატურგის, დავით გაბუნიას, „დაშლა“ (პრემია საბას ნომინანტი, 2018). ნილს სიმეონის, ანუ გიორგი მასხარაშვილის, „14 კრისტალის თეორია“ (პრემია საბა, 2019 წელი).
ფემინისტური ტექსტებიდან კი ქალები ქართულ პრესაში, კატო მიქელაძე - ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები, ქალები ომის დროს და ომის შემდეგ და სხვა. საბოლოოდ, პროექტის ფარგლებში, 23 აუდიოწიგნი ჩაიწერება. წიგნის კითხვისა და მოსმენის მოყვარულები კი მათ „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ საიტზე გაეცნობიან- twbc.ge