თბილისში, გრიბოედოვის N18-ში, ძველი სახლი დგას. თავის დროზე ის ტიციან ტაბიძის ცოლს, ნინო მაყაშვილს, ბიძამ გაატანა მზითევში. ტიციანი, გალაკტიონის არ იყოს, სოფელ ჭყვიშიდან იყო და ახლად დაქორწინებულ წყვილს თავს ზემოთ ჭერი ხომ უნდა ჰქონოდა.
ამ სახლში დაბინავდნენ, ამ სახლის უზარმაზარი მრგვალი მაგიდის გარშემო მასპინძლობდნენ სტუმრებს: გიორგი ლეონიძეს, სიმონ ჩიქოვანს, ბორის პასტერნაკს... აქ იზრდებოდა ტიციანის ქალიშვილი ნიტა, დასახვრეტადაც აქედან წაიყვანეს ტიციანი 1937 წელს, ღამის სამ საათზე.
11 ივნისს ამ სახლის კარზე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ „უკანასკნელი მისამართის“ ფირფიტა მიაკრა. ეს პროექტი „სოვლაბმა“ 2017 წელს დაიწყო - მემორიალურ დაფებს ათავსებს იმ სახლებთან, საიდანაც საბჭოთა „კაგებეს“ რეპრესიების მსხვერპლი მიჰყავდა.
ასევე ნახეთ ტიციან ტაბიძის უკანასკნელი მისამართიშენობა, რომელიც გრიბოედოვის N18-ში მდებარეობს, მაღალჭერიანი, სამსართულიანი სახლია, შიდა აივნებით, შიდა ეზოთი და დიდი ნათელი ოთახებით. უშუალოდ სახლ-მუზეუმს დღეს აქ მხოლოდ ორიოდე ოთახი უჭირავს. შენობაში სხვებიც ცხოვრობენ და ყველას ერთი და იგივე პრობლემა აქვს.
„სახლი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. რამდენჯერმე მივმართეთ მერიასაც, გამგეობასაც, მაგრამ რეაქცია არ არის. ისეთი ბზარებია... ფანჯარაც ძალიან ცუდად იღება, მესამე სართულზე ვერც აღებენ. გასამაგრებელია სახლი. თუ დაინტერესდებიან და გაამაგრებენ, კარგი საქმე იქნება“, - ამბობს გივი ანდრიაძე, ტიციან ტაბიძის შვილიშვილი.
სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, რაც საკუთარი ინიციატივითა და ძალებით მის გამაგრებას გამორიცხავს. ტიციანის მუზეუმი ლიტერატურის მუზეუმს ექვემდებარება, რომელიც თავის მხრივ კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. უშუალოდ შენობა მერიის დაქვემდებარებაშია.
„ჩვენ ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ 1937 წელს დაღუპულთა შესახებ, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში რომ არის სახლი, ესეც ძალიან ბევრზე მეტყველებს. ამ სახლს ყურადღება უნდა მიექცეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია. შენობის მდგომარეობა სავალალოა, ამას ადამიანი ერთი თვალის შევლებითაც დაინახავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მალე მოხდეს მისი რესტავრაცია, რადგან ეს თბილისისთვის მნიშვნელოვანი შენობაა და, ამასთან, ტიციანის მუზეუმიც. უკვე რესტავრაციის შემდეგ შეიძლება გადაიხედოს, თუ როგორი უნდა იყოს მუზეუმის განახლებული კონცეფცია“, - ამბობს ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე.
სამსართულიანი აგურის შენობა დღეს მთლიანად მორღვეულია, კედლები და ჭერი - დაბზარული, ალაგ-ალაგ ჩამოვარდნილიც, იატაკი - დახრილი. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია ხის კიბე და სადარბაზო. ტიციანის შთამომავლები შიშობენ, რომ შესაძლოა, ერთხელაც კიბემ ან მთლიანად სახლმა მნახველებს ვერ გაუძლოს და უბედურება დატრიალდეს.
„თან, ბოლო დროს უფრო გახშირდა მნახველების რაოდენობა, სკოლებიდან მოჰყავთ ექსკურსიები, ტურისტებიც მოდიან“... - ამბობს გივი ანდრიაძე.
სანახავი ტიციანის მუზეუმში ორი დიდი ოთახია, მისაღები და საძინებელი. მიუხედავად იმისა, რომ ტიციანის დახვრეტის შემდეგ შენობაში სხვა ოჯახი შეასახლეს, ტაბიძეების ნივთები მაინც გადარჩა. სხვა ბევრ რამესთან ერთად აქ არის პასტერნაკის ნაჩუქარი პიანინო, უნიკალური გამოცემები, ნახატები, მათ შორის, ზდანევიჩის ორი ტილო და გუდიაშვილის დახატული ტიციანის პორტრეტი, რომელზეც ტიციანი გამხდარია გამოსახული.
„ტიციანი ოდესღაც იყო გამხდარი, მერე 100 კილოს იწონიდა და ერთ კილოსაც თუ დაიკლებდა, საშინლად განიცდიდა, მოსწონდა ეს 100 კილო“, - ამბობს ნინო ანდრიაძე, ტიციანის შვილიშვილი.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ შენობის აღდგენას მთაწმინდის გამგეობა ვერ მოახერხებს, რადგან გამგეობა მხოლოდ ისეთ ავარიულ შენობებზე მუშაობს, რომლებსაც კულტურის ძეგლის სტატუსი არა აქვს. რაც შეეხება თბილისის განვითარების ფონდს, ის წელს გუდიაშვილის პროექტსა და მის მიმდებარე ბინებზე მუშაობს. გრიბოედოვის N18-ის რეაბილიტაცია ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ისიც გაურკვეველია, როდის მოხვდება მერიის პროექტებში.
„ფონდი მხოლოდ ერთ შენობას არა, მთლიანად უბნებს არემონტებს. გრიბოედოვზე ყველა სახლი და კორპუსი შესწავლილია და როდესაც ამის საშულება გაჩნდება, უბნის რეაბილიტაცია დაიგეგმება“, - განაცხადეს მერიაში.