2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისი მეოთხედ აირჩევს მერს - ბოლო 30 წლის განმავლობაში დედაქალაქს 10-ზე მეტი სხვადასხვა პარტიის, ინტერესების, განათლების, პროფესიის ადამიანი მართავდა. განსხვავებების მიუხედავად ყველას აერთიანებდა ორი რამ - ცენტრალური ხელისუფლების უპირობო ერთგულება და ქალაქის განვითარების გრძელვადიანი ხედვის არარსებობა.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ცნობილი არ არის არც მმართველი გუნდის და არც რეიტინგული ოპოზიციური პარტიების კანდიდატები. საჯარო განცხადებებიდან ვიცით მხოლოდ ის, რომ თბილისის მერობა ხიბლავთ ჰომოფობიური განცხადებების ავტორს, ულტრაკონსერვატორ ბიზნესმენსა და პოლიტიკოს ლევან ვასაძეს, პარტიის „ხალხისთვის” ლიდერ ანა დოლიძეს, ადვოკატ მიხეილ რამიშვილს და ადვოკატთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს. ოპოზიციამ ჯერ არ იცის, ერთიანი კანდიდატით შეეცდება არჩევნების მოგებას თუ პარტიები ცალ-ცალკე ცდიან ძალას, ხელისუფლება კი არ აზუსტებს, მოქმედი მერი მეორედ იბრძოლებს პოსტისთვის თუ არა.
ტრადიციულად, თბილისის მერი ყოველთვის მმართველი პარტიის წარმომადგენელია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წაგება კი მმართველი პარტიისთვის ხელისუფლებაში ყოფნის დასასრულს მოასწავებს.
მერების ცვლილებების მიუხედავად, უცვლელია დედაქალაქის ქაოტური განაშენიანება, გაუმართავი სატრანსპორტო სისტემა, რეკრეაციული სივრცეები მწირია, ძველ უბნებში ფასადური რესტავრაციები გრძელდება და მოქალაქეები არ წყვეტენ თავიანთი ქალაქის ბედს, დედაქალაქის ცენტრი და პერიფერიები გათიშულია ერთმანეთისგან.
თბილისში წლიდან წლამდე არ იხსნება ავარიული სახლების, გაუმართავი სანიაღვრე თუ სატრანსპორტო სისტემების და ფეხით მოსიარულესთვის მოუხერხებელი გზების პრობლემები. ქალაქის ყველა მთავრობა თავს ვალდებულად თვლის, მოწესრიგებულად გადაუხადოს ფული მართლმადიდებელ ეკლესიას.
მხოლოდ კაცები
გასული 30 წლის განმავლობაში თბილისს ყოველთვის კაცები მართავდნენ. მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს მერის მოვალეობას რამდენიმე თვით ასრულებდა სევდია უგრეხელიძე.
ყველაფერი თავიდან
თბილისის მერის არჩევნები სულ სამჯერ ჩატარდა. ყველაზე მაღალი, 55%-ით 2010 წელს გიგი უგულავა აირჩიეს, 2014 წელს დავით ნარმანიას მეორე ტური დასჭირდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, ნიკა მელიას დასამარცხებლად. მოქმედი მერი, კახა კალაძე, 2017 წელს ამომრჩეველთა 51%-ის მხარდაჭერით გახდა თბილისის მერი. მიუხედავად იმისა, რომ ის იმავე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, რომლისაც მისი წინამორბედი დავით ნარმანია, მასთან გამიჯვნას ცდილობდა თვითონაც და მისი ადმინისტრაციაც. თბილისის მმართველობის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა ინსტუტუციური მემკვიდრეობითობის არარსებობაა.
როდიდან ვირჩევთ მერს
თბილისის მერის თანამდებობა არჩევითი 2006 წლიდან არის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 2006 წლამდე მერებს პრეზიდენტი ნიშნავდა, 2006 წელს კი საკრებულომ აირჩია. თვითმმართველობის არჩევნები პირველად 2010 წლის მაისში გაიმართა. თბილისის მერების წყვეტილებები ხშირად არა თვითმმართველობის ინტერესებით, არამედ მმართველი პარტიის ინტერესებით არის განპირობებული.
დედაქალაქის ბიუჯეტი
თბილისის ბიუჯეტი 2003-დან 2021 წლამდე დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი. ბიუჯეტის ნაწილი რეგულარულად იხარჯება დედაქალაქის ეკლესია-მონასტრებზე. მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება კვლევებსა და სტრატეგიული დოკუმენტების შექმნაში, რომელთა გათვალისწინებაც თითქმის არასოდეს ხდება. ქალაქის ბიუჯეტის საკმაოდ დიდი ნაწილი გზების მოწესრიგებასა და თბილისის გამწვანებას ხმარდება - საგზაო სამუშაოების უმეტესობა დათქმულ დროზე დიდხანს და ხშირად უხარისხოდ მიმდინარეობს, პარკებით და სკვერებით თბილისი ევროპულ ქალაქებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. იმის მიუხედავად, რომ თბილისი სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში მილიონობით ლარს ხარჯავს, ასობით მოქალაქეს სარეზერვო ბიუჯეტიდან სჭირდება ჯანმრთელობის პრობლემებისთვის მერიისგან დახმარების მიღება.
მერია და კორუფცია
იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა დროს არსებობდა კითხვები მერიაში არსებული კორუფციის შესახებ, დედაქალაქის მმართველებიდან სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ გიგი უგულავას შემთხვევაში დადგა ცენტრალური ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მისი მერობის ვადის მიწურულს.
დანიშნული და არჩეული მერები - ვინ რამდენ ხანს მართავდა ქალაქს და რა გააკეთა აღსანიშნავი
ირაკლი ანდრიაძე
მერად ყოფნის დრო: 1991 წლის 2 ოქტომბერი - 1992 წლის 6 იანვარი
დედაქალაქის პირველი მერი და პრეფექტი.
მერობის შემდეგ იყო პარლამენტის წევრი 1995 წლამდე.
ირაკლი ანდრიაძე იყო თბილისის სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის თავმჯდომარე და საავტორო ჯგუფის ხელმძღვანელი.
თამაზ ვაშაძე
მერად ყოფნის დრო: 1991 წლის 2 ოქტომბერი - 1992 წლის 6 იანვარი
თბილისის ყოფილი მერი კენჭს იყრიდა 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც. „პატრიოტთა ალიანსის“ შემომწირველია 2014 წელს.
ოთარ ლითანიშვილი
მერად ყოფნის დრო: 1992 წლის 6 იანვარი – 1993 წლის 21 იანვარი
არქიტექტორი, 1993-1995 წლებში მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“.
1996 წელს აირჩიეს თბილისის აღორძინების ფონდის პრეზიდენტად.
ოთარ ლითანიშვილი არის ვაკის პარკში დიდების მემორიალის ერთ-ერთი ავტორი. აფხაზეთის ომის დროს ჩამოაყალიბა ბატალიონი „თბილისელი".
კოტე გაბაშვილი
მერად ყოფნის დრო: 1993 წლის 21 იანვარი - 1993 წლის 16 ოქტომბერი
მერობამდე იყო მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთობა“. მერობის შემდეგ კი მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“.
მერობის შემდეგ სხვადასხვა დროს იყო ელჩი გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში, მალტასა და სან-მარინოში.
ნიკო ლეკიშვილი
მერად ყოფნის დრო: 1993-1995
მერობის შემდეგ იყო სახელმწიფო მინისტრი. სამი (მესამე, მეხუთე, მეექვსე) მოწვევის პარლამენტის წევრი. 2019 წელს კახა კალაძემ მიანიჭა საპატიო თბილისელის წოდება.
ნიკო ლეკიშვილს სამოქალაქო ომის შემდეგ დამწვარი და განადგურებული ქალაქის ხელმძღვანელობა მოუწია. მისივე მოგონებების მიხედვით, მისი მერობის დროს აღდგა პირველი გიმნაზია, მუშაობა განაახლა ტროლეიბუსმა და ავტობუსებმა, განათდა ფუნიკულიორი და ხიდები.
ბადრი შოშიტაიშვილი
მერად ყოფნის დრო: 1995-1998
მერობამდე იყო თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერი, ვიცე-მერი და მუნიციპალიტეტის პრემიერი.
შემდეგ ჯერ მრეწველობის მინისტრი, შემდეგ კი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილე;
მისი მერობის პერიოდში გამოიცა პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც 1991-1992 წლებში თბილისში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა სახლების აღდგენა-მშენებლობას და კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებდა.
ვანო ზოდელავა
მერად ყოფნის პერიოდი: 1998-2004
პირველი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობდა, რომ საჭიროა კონსტიტუციის შეცვლა, რათა ედუარდ შევარდნაძეს პრეზიდენტობის მესამე ვადით არჩევის საშუალება ჰქონოდა.
ვანო ზოდელავას იმპიჩმენტს ითხოვდა თბილისის საკრებულო, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ის მერის პოსტზე დატოვა და საბოლოოდ ამ თანამდებობიდან ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა გაათავისუფლა.
ამ პერიოდში ქალაქის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ელექტროენერგიით მომარაგება.
2002 წელს თბილისში მასშტაბური მიწისძვრა მოხდა, რომელმაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასეულობით ნაგებობა გაანადგურა.
ზურაბ ჭიაბერაშვილი
მერად ყოფნის ვადა: 2004-2005
მერად მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა და ეს პოსტი მხოლოდ რამდენიმე თვე ეკავა. თბილისის მერად ის გიგი უგულავამ ჩაანაცვლა, ჭიაბერაშვილი კი დიპლომატიურ სამსახურში გადავიდა.
მისი მმართველობის დროს გაკეთდა „ვარაზის ხევის სამკუთხედი“. ჭიაბერაშვილმა მერის თანამდებობაზე ყოფნისას ძვირადღირებული საათის ჩუქების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა ერთ-ერთი რაიონის გამგებელი.
გიგი უგულავა
მერად ყოფნის დრო: 2005-2013
გიგი უგულავა ორი ვადით იყო თბილისის მერი, 2005 წელს მას მიხეილ სააკაშვილი ნიშნავს, 2010-ში კი თვითმმართველობის არჩევნებზე 55%-ით ხდება თბილისის პირველი არჩეული მერი სლოგანით „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“.
გიგი უგულავას მერობის პერიოდში:
- დაიწყო ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტები
- გადაიდგა პირველი ნაბიჯები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებისთვის
- მერიამ ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები შემოიყვანა
- თბილისს 24 საათით აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება
- გაიცა ნებართვა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის აშენებისთვის მთაწმინდის ქედზე, რაც ქალაქის ისტორიულ ლანდშაფტში ჩარევის პირველი უხეში მაგალითი იყო
- აშენდა გმირთა მოედნის ესტაკადა და გავიდა ვერეს ხეობაში გზა
- რიყე გათავისუფლდა რესტორნებისგან და იქ პარკი გაკეთდა
- აშენდა მნიშვნელოვანი და თბილისისთვის მანამდე უჩვეულო არქიტექტურული ძეგლები: იუსტიციის სახლი, მშვიდობის ხიდი, რიყის „დოქები”
- თაბუკაშვილის ქუჩაზე გაიცა 13-სართულიანი სახლის ნგრევის განკარგულება, მცხოვრებლები იძულებით გაასახლეს
- გაიცა ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა, რასაც საზოგადოების მხრიდან ხანგრძლივი და მძაფრი პროტესტი მოჰყვა
სევდია უგრეხელიძე, მერის მოვალეობის შემსრულებელი
2013-1014 წლები
მერის მოვალეობას ასრულებდა მას შემდეგ, რაც გიგი უგულავას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო მერიაში სავარაუდო კორუფციის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და პარტიული აქტივისტების დასაქმების ბრალდებით.
დავით ნარმანია
მერად ყოფნის დრო: 2013-2017
იმის მიუხედავად, რომ დავით ნარმანია მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი იყო, მას თბილისის მერად გახდომისთვის არჩევნების მეორე ტური დასჭირდა. საბოლოოდ მერი 72,47%-ით გახდა, რომელიც მეორე ტურში აიღო, პირველ ტურში მან მხოლოდ ხმების 46,09 %-ის აღება შეძლო.
საარჩევნო სლოგანი: „ერთად ვიზრუნოთ თბილისზე“
მისი მერობის პერიოდში:
- თბილისმა დაამტკიცა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია
- გაიცა „პანორამა თბილისის” პროექტის მშენებლობის ნებართვა
- მოხდა ვერეს ხეობის ტრაგედია, რომელმაც 20-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. განადგურდა გზა ვერეს ხეობაში, ზოოპარკი და მზიურის პარკის ქვედა მხარე
- დავით ნარმანიას ამბიციურ გეგმებს შორის იყო მილიონი ხის პროექტი, რომელთაგან საბოლოოდ 700 000 მწვანე ნარგავი დაირგო
- შეეცადა სატრანსპორტო პოლიტიკის შეცვლას, განაახლა პეკინის გამზირი, რომლის „გაცალმხრივობამაც” პრობლემები შეუქმნა კომერციულ დაწესებულებებს. პეკინის ქუჩაზე დავით ნარმანიას მერობის დროს გაკეთდა პირველი ველობილიკი, რომელიც არცერთ სხვა ქუჩას არ უერთდება
- გაკეთდა პუშკინის ესტაკადა, რომელმაც მაგისტრალის ქვეშ მოაქცია ქალაქის ისტორიული ფრაგმენტები
კახა კალაძე
მერად ყოფნის დრო: 2017-2021
2017 წელს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და ფეხბურთელი ქალაქის მერი 51%-იანი მხარდაჭერით გახდა.
საარჩევნო სლოგანი: „სიცოცხლით სავსე ქალაქი“.
მისი მერობის დროს ინტენსიური გახდა მწვანე სივრცეების განახლების, ისტორიული უბნების რეაბილიტაციისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროგრამები.
2020 წელს კახა კალაძეს ჰქონდა პროექტი „სიმართლის მუშტი”, რომელიც საზოგადოებისთვის „სიმართლის თქმას” და მედიის „მხილებას” ისახავდა მიზნად. ეს ონლაინმედია პროექტი მალევე შეწყდა.
კახა კალაძის მერობის დროს:
- განახლდა ისტორიული უბნების რეაბილიტაციის პროექტები
- ქალაქში გამოჩნდა ეკოლოგიური ტრანსპორტი - ელექტრომობილები, სკუტერები, ველოსიპედები
- განახლდა რამდენიმე პარკი, ძირითადად ცენტრალურ უბნებში
- განახლდა ჭავჭავაძის გამზირი, რომლის რეაბილიტაციაც დაგეგმილზე ორჯერ დიდხანს გაგრძელდა. ამ გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ექსპერიმენტული პროექტი ხორციელდება, ავტობუსის გაჩერებებით ქუჩის შუაში
- მნიშვნელოვნად გაიზარდა საახალწლო დეკორაციებსა და ნაძვის ხეზე დახარჯული თანხების ოდენობა;
- ქალაქს დაუბრუნდა იპოდრომის ნაწილი. ამ ტერიტორიაზე ცენტრალ პარკის მოწყობის გადაწყვეტილება ქალაქმა არა მოსახლეობის, არამედ მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის სურვილის შემდეგ მიიღო. ბიძინა ივანიშვილმა ძველი იპოდრომის ტერიტორიის ნაწილი და პარკის პროექტი ქალაქს საპარლამენტო არჩევნების წინ აჩუქა
- განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი
- ვაშლიჯვარში, მთის ფერდზე გაჩნდა მეწყერი;
- თბილისობების აღნიშნვა დაიწყო თბილისმა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგალითად მინსკში.
- აქტიურად დაიწყო უკანონო ნაგებობების ნგრევა - საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღება აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ნგრევამ მიიქცია პანდემიის პერიოდში.
„ყველა არჩეულ მერს ჰქონდა ძალიან დიდი შეცდომები, რომელიც ჯობდა არ დაეშვა - ამ ყველაფრის გამოსწორება და ნორმალურ რელსებზე დაყენება იქნება საკმაოდ მტკივნეული, ძვირადღირებული და დიდ დროს და მოთმინებას მოითხოვს. მაგალითად, ქაოტური განაშენიანება, რომელიც დაიწყო ნაციონალური მოძრაობის დროს, მძიმედ დაეტყო ქალაქს, მაგრამ ამის შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლო ყველა შემდეგ მერს - არავის არ გასჩენია ეს სურვილი. თბილისის დღევანდელ მერს აქვს საკანონმდებლო დონეზე ძალიან კარგი რესურსი იმისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და რთული გადაწყვეტილებები მიიღოს ქალაქის უკეთესი განვითარებისთვის, მაგრამ არც ერთ მერს არ უფიქრია ქალაქის გრძელვადიან განვითარებაზე, რაც არასწორია”, - ამბობს არქიტექტორ ანი ბიბილაშვილი.
ქალაქის მმართველებისთვის სისტემურ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მერებისთვის ქალაქის ინტერესზე მნიშვნელოვანი პარტიის ინტერესია და ისიც, რომ არ არსებობს წინა მერის პროექტების გაგრძელების ვალდებულება და ტრადიცია. ყველა ახალი მმართველი ოთხწლიან სამოქმედო გეგმას არა ერთიანი განვითარების გეგმის ნაწილად, არამედ პირად გეგმად მიიჩნევს, რამაც მას პერსონალური პოლიტიკური კაპიტალი უნდა მოუტანოს.
არც ერთ მერს არ აღმოაჩნდა საკმარისი გამბედაობა, შეექმნა სისტემა კორუფციის, ნეპოტიზმის, პოლიტიზებული სახელმწიფო უწყებების გარეშე. რაც მეტ დროს ატარებს კონკრეტული ადამიანი თბილისის მერის თანამდებობაზე, მით მეტია შანსი, რომ მისი ურბანული პოლიტიკა წინამორბედებისას დაემსგავსოს.
„ქალაქის მერი აღარ უნდა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული ფიგურა. ქალაქის მერი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც რეალურად აინტერესებს, ამ ქალაქს რა მოუვა. თუ დღეს ვინმე არ იტყვის, რომ ამ ქალაქს უნდა ვუშველოთ, ოთხი წლის შემდეგ კიდევ უფრო რთული იქნება მისი გადარჩენა. ამ დრომდე არ გვქონია შემთხვევა, როცა მერებს შეეფასებინოთ, რა შეცდომები დაუშვეს...
ახლაც, მოქმედი მერი ლაპარაკობს, რა გააკეთა. გავიგეთ, რომ ეს ბუჩქები კარგია და ლამაზია, მაგრამ ეს ეკოლოგიას ვერ ცვლის. ის, რომ [კახა კალაძემ] ვიზუალურად რაღაცეები დაამსგავსა ევროპულ ქალაქს, არ ნიშნავს იმას, რომ [თბილისს] შინაარსიც ევროპული ქალაქის მსგავსი აქვს. ასეთი ვიზუალური ცვლილებები და მცირე ესთეტიური ჩარევები მაშინ, როცა დიდი შინაარსობრივი ცვლილებები სჭირდება ამ ქალაქს, არის დაკარგული დრო”, - ამბობს არქიტექტორი ანა ბიბილაშვილი.
შინაარსობრივ ცვლილებებს თბილისს არც ისინი ჰპირდებოდნენ, ვინც იმარჯვებდა და არც მათი ოპონენტები. საარჩევნო ლოზუნგების უმეტესობა ყველა არჩევნებში ბუნდოვანი, პოპულისტური და ზოგადია.
მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური კუთვნილების, გემოვნებისა და ტემპერამენტისა, ქალაქის მმართველები ერთსა და იმავე შეცდომებს სხვადასხვა დროს უშვებდნენ და საკუთარი შეცდომის აღიარების ნაცვლად სხვის გაფუჭებულზე საუბრობდნენ.
მაგალითად, ქალაქის ისტორიული ლანდშაფტის განადგურების მნიშვნელოვანი პრეცედენტია „პანორამა თბილისის” პროექტი, რომელზე ნებართვაც დავით ნარმანიას დროს გაიცა. ამ პროექტს წინ უსწრებდა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისთვის გაცემული ნებართვა გიგი უგულავას მერობის დროს ასევე მთაწმინდის ქედზე, ქალაქის ისტორიულ ზონაში.
იმის მიუხედავად, რომ გიგი უგულავას მერობის დროსაც და შემდეგაც მწვავედ აკრიტიკებდნენ მოუხერხებელი ყვითელი ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების შემოყვანისთვის, მათი ნაშთები ამ დრომდე გვხვდება თბილისის ქუჩებში, შემდგომმა ხელისუფლებამ კი საზოგადოებრივი ავტოპარკის განახლება დუნედ და ნელა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც „ბოგდანების” და „ყვითელი სამარშრუტო ტაქსების” უმეტესობა მწყობრიდან გამოვიდა. თბილისი წლების განმავლობაში მშვიდად იტანდა ექსპლუატაციის ვადაგასულ ტრანსპორტს ახალი ავტობუსების მოლოდინში, რომელიც ამ დრომდე არაა საკმარისი. კრიტიკის საგანი იყო ესტაკადები - ვერეს ხეობაში გაჭრილი ახალი გზის და გმირთა მოედნის ესტაკადის ტრადიცია პუშკინის ქუჩაზე აშენებულმა ესტაკადამ გააგრძელა.
„ხალხი ეჩვევა იმას, დღეს რაც აქვს. იცის, რომ ამაზე მეტს ვერ მიიღებს - როცა ამხელა ქალაქს ერთი მმართველობითი ორგანო მართავს ცენტრალიზებულად, რაც არის მერია, ხალხს არ აქვს ძალა ლოკალური ცვლილებებისთვის. ერთადერთი, რაც რჩებათ ადამიანებს, არის აქციაზე გასვლა. მე ვფიქრობ, ხალხს უნდა ქონდეს რეალური ხმა საკუთარ უბნებში, ადამიანები უნდა მონაწილეობდნენ იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც მათი პრობლემის მოგვარებისთვის მიიღება. როცა პირდაპირ მერიაში მიდის პროექტები ადგილობრივ დონეზე განხილვის გარეშე, გვაქვს არასასურველი რეალობა, რაც არის, მაგალითად, დღეს ყველა ცარიელ ადგილზე კორპუსი შენდება.
კომუნიკაცია მოშლილია თბილისის მაცხოვრებლებსა და თბილისის მმართველ ორგანოს შორის, როცა სწორედ ეს კომუნიკაცია და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯგუფების გაძლიერება უნდა იყოს თბილისის მომავალი განვითარების ათვლის წერტილი," - ამბობს არქიტექტორი ნანა ზაალიშვილი, "იდააფ არქიტექტორებიდან". ის თვლის, რომ ქალაქის მართვის არსებული სისტემა, რომელიც ფაქტობრივად მძევლებად აქცევს მმართველებს, შესაცვლელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ქალაქის მერი ქალაქის საჭიროებებზე ფიქრობდეს და არა პოლიტიკური ქულების მოგროვებასა და შენარჩუნებაზე.
„გადასახედია ყველა პროექტი, რაშიც მერია ბიუჯეტს ხარჯავს ან მომავალში აპირებს და ეს ყველა პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაშია განსახილველი. პირობითად, წელიწადში სამჯერ თუ აცხადებს სტენდერს გზის დახაზვაზე, ასეთი ტენდერები აღარ მუშაობს და არის წარსულში ჩასაბარებელი. სჯობს ერთჯერადად მოხდეს შედარებით მაღალი ბიუჯეტის მობილიზება, გაკეთდეს უფრო ხარისხიანად და ამის შემდეგ, პირობითად, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ დადგეს დახაზვის საჭიროება.
კორუფცია, რომელშიც სახლმწიფო ტენდერებში ვლინდება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ძალიან მარტივად, დღევანდელ დღეზე გათვლილ პროექტებში ფულის ხარჯვა უნდა შეწყვიტოს ქალაქმა და სწრაფ განვითარებაზე ფიქრი უნდა ჩაანაცვლოს გრძელვადიანი გეგმებით, რომელმაც კონკრეტულ მერს შეიძლება არ მოუტანოს პიარი, მაგრამ თბილისისთვის იქნება სასარგებლო”, - ამბობს არქიტექტორი ნანა ზაალიშვილი.