საქართველოში ვიზიტად მყოფი ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი ამბობს, რომ იგი კარგადაა ინფორმირებული ზაზა გახელაძის საკითხზე. ამის შესახებ ეუთოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა ერგნეთში, სადაც ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ესწრებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-100 შეხვედრას.
„ნება მიბოძეთ აღვნიშნო, რომ მე ძალიან კარგად ვიცი აქტუალური საკითხების შესახებ, მათ შორის, ჰუმანიტარული საკითხები, მაგალითისთვის გახელაძის თემა, რომელზეც იქნება დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი“, - განაცხადა ჰელგა მარია შმიდმა, რომელიც ეუთოს სახელით მიესალმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მონაწილეებს ერგნეთში. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მან შესვენების გამოცხადების შემდეგ დატოვა და მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ ეუთო აქტიურად მუშაობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების შესამსუბუქებლად:
„ეუთო არის მსოფლიოში ყველაზე დიდი უსაფრთხოების რეგიონული ორგანიზაცია და ჩვენ ვმუშაობთ ხალხის კეთილდღეობისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევებში იმ სირთულეების შესამსუბუქებლად, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას აქვს. ამ შემთხვევაში ესაა ყოველდღიური კონკრეტული საკითხები და საკითხები, რომლებიც ეხება ასევე უსაფრთხოებას“, - განაცხადა ჰელგა მარია შმიდმა, რომლის თქმითაც, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები გახდა შეუცვლელი საშუალება დაძაბულობის შესამცირებლად.
ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მე-100 შეხვედრა, რომელზეც ქართულმა მხარემ განსახილველად დააყენა ისეთი საკითხები, როგორებიცაა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ცხინვალის ციხეში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლება, უკანონო ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები. განსახილველ საკითხთა შორისაა ასევე ჰუმანიტარული პრობლემები ახალგორში.
ერგნეთის შეხვედრის დასრულებას ელოდება ცხინვალის ციხის პატიმრის, ზაზა გახელაძის ოჯახიც. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თუ ზაზა გახელაძე 23 ივნისამდე არ გათავისუფლდება, ისინი რადიკალურ ზომებს მიმართავენ, დაარღვევენ საოკუპაციო ხაზს და ცხინვალში გადავლენ.
ასევე ნახეთ ერგნეთში დაიწყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მეასე შეხვედრა33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და ე. წ. საზღვრის ვითომდა დარღვევისთვის უკანონოდ დააკავეს. მოგვიანებით მას სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის მცდელობის ბრალდებაც წაუყენეს. 2021 წლის თებერვალში ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.