პირველი ქართველი Drag Queen-ები

2 წლის წინ მეგობრებთან ერთად პარასკევ საღამოს ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბარში წავედით. დავსხედით მაგიდასთან და მთელი კვირის ამბების მოყოლა დავიწყეთ. შუა ლაპარაკში ვიყავით, როცა უცბათ სინათლე ჩაქრა, სცენა განათდა და Jessie J სიმღერა ჩაირთო. სცენაზე ქალის ტანსაცმელში გადაცმული კაცი გამოვიდა და დრეგშოუც დაიწყო.

Your browser doesn’t support HTML5

დრეგ შოუ ნიუ-იორკში

დრეგშოუ გეიკულტურის განუყოფელი ნაწილი და დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გართობის ფორმაა, რომლის დროსაც არტისტი ქალის ან კაცის - როგორც წესი, საპირისპირო სქესის მქონე ადამიანის - როლს ირგებს.

წარმოდგენისას დრეგარტისტი ან თავად მღერის, ან სიმღერას აყოლებს პირის მოძრაობას და რიტმს - სხეულს. ყველა ასეთი წარმოდგენა ძალიან მანერულია, ხაზგასმულად ფერადი, პომპეზური კოსტიუმებით ტარდება, არტისტების გრიმი კი თვალშისაცემი და მიმზიდველია. დრეგშოუს ნაწილი შეიძლება იყოს კომედიურ მონოლოგებიც და ცოცხალი გადალაპარაკებაც მაყურებელთან.

ზოგის აზრით, დრეგკულტურას საფუძველი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჩაეყარა, როდესაც თეატრის სცენა, ეკლესიის მოთხოვნით, მხოლოდ კაცებს “ეკუთვნოდათ”. წარმოდგენებში ქალების როლებსაც მამაკაცები ასრულებდნენ - ეს დრეგკულტურის ერთგვარ სათავეებად შეიძლება განვიხილოთ.

დღეს დრეგშოუების სუპერპოპულარობა დიდწილად რუპოლის შოუს დამსახურებაა. რუპოლი (RuPaul) ამერიკელი მსახიობია. 2009 წლიდან თავად არის წამყვანი და პროდიუსერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დრეგშოუსი “Rupaul Drag Race”. რეალითი შოუში 10 კაცი მონაწილეობს. გამარჯვებული შოუს დედოფალი და 100 000 დოლარით უფრო მდიდარი ადამიანი ხდება. შოუ, რომლის 16 სეზონიც ახლა დასრულდა, ოთხი ემის მფლობელია.

რუპოლი ( RuPaul ) ამერიკელი მსახიობია.

ის, რომ დღეს დრეგკულტურა მარგინალური აღარაა და პოპკულტურის ნაწილად იქცა, დიდწილად სწორედ რუპოლის და მისი შოუს დამსახურებაა.

დრეგქვინებს, დრეგშოუების ცენტრალურ პერსონაჟებს, იღებენ დიდი გამოცემების ყდებისთვის, ისინი ერთვებიან საქველმოქმედო აქციებში, არიან ცნობილი აქტივისტები. დღეს დრეგკულტურას ღრმა და მნიშვნელოვანი როლი აქვს.

თანამედროვე დრეგკულტურა შლის გენდერულ საზღვრებს, ლაპარაკობს თავისუფლებაზე, სიყვარულსა და ადამიანის უფლებებზე. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი ქალის როლს ირგებს, დრეგდედოფლების უმეტესობას არ სურს იყოს ქალი, ისინი არც ცდილობენ მოიტყუონ, რომ ბიოლოგიურად ქალები არ არიან.

ქართველი დრეგქვინები

საქართველოში დრეგქვინები, ბოლო რამდენიმე წელია, გამოჩნდნენ და ნელ-ნელა ისინიც პოპულარულები ხდებიან. ჰომოფობიური გარემოს გამო შოუებს დახურულ, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში დგამენ.

ჟაკლინი - გიორგი

"პირველი დრეგშოუ რომ გავაკეთეთ, მაშინ არ ვიცოდი, ამას რა ერქვა. ბუნებრივად, თავისით მოხდა. კლუბი “ოთახი“ იყო მარჯანიშვილზე და პირველი შოუ მანდ ჩატარდა. იმ დროს საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა დრეგკულტურის შესახებ. მერე ვნახე „რუპოულის“ შოუ, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ნელ-ნელა დავიწყე ჩემი თავის განვითარება, როგორც პერფორმერმა, ხელოვანმა. თავიდან “ჟაკლინ სტოპ სიფილისი” ერქვა ჩემს “პერსონაჟს” და მესიჯი იყო როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქო-ემოციური ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ჟაკლინი ერთ-ერთ დრეგშოუზე.

თავიდან ყველაფერი მიმბაძველობით იწყება. მსოფლიოში უამრავი დრეგქვინი არსებობს. რა განმასხვავებს მე მათგან? ქართული კულტურა განსხვავებულია და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინდივიდუალიზმი შეინარჩუნო, თან ფეხი აუწყო მსოფლიო ტენდენციებს.

ჟაკლინი ჩემთან შედარებით ბევრად გამბედავია, ჩემი ვიწრო ხედვა ჟაკლინმა გააფართოვა. ის ავსებს გიოს და, პირიქით, გიორგი -ჟაკლინს. ჟაკლინი მეგობრულია, ჟაკლინი ცდილობს თავისი შრომით გააკეთოს ყველაფერი და ისე გახდეს კარგი. ჟაკლინი უფრო მეტად დაკვირვებულია, ვიდრე გიორგი.

გარდასახვა

გარდასახვა იმდენად დიდია, რომ ხშირად საკუთარ თავთან გაუცხოება მეწყება. ჟაკლინი იმდენად მკაფიო და კაშკაშაა, რომ მავიწყდება კიდეც, რომ გიორგი ვარ. პირველი შტრიხიდანვე უკვე სხვა ადამიანი ვხდები და მთლიანად როგორც ჟაკლინი, ისე ვიწყებ ფიქრს. მაკიაჟი და კოსტიუმების ვიზუალი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, დრეგქვინიც ეგ არის. შინაგანი სამყარო უნდა ჩანდეს ვიზუალურად. ბოლო ნიუანსი ფრჩხილების დაკვრაა.

ჟაკლინი ემზადება შოუსთის

მე ჩემით ვიკეთებ მაკიაჟს და, ამასთან, ძალიან ბევრს ვრეპეტიციობ. პანდემიისას ვიზაჟის საერთაშორისო სერტიფიკატიც კი ავიღე.

ჟაკლინი ჩემთან შედარებით ბევრად გამბედავია, ჩემი ვიწრო ხედვა ჟაკლინმა გააფართოვა. ის ავსებს გიოს და, პირიქით, გიორგი - ჟაკლინს

დღეს ყველაზე მაღალანაზღაურებად დრეგქვინად ვითვლები [საქართველოში], მაგრამ ეს ჰონორარიც ზღვაში წვეთია, მაგალითად, თუ ერთ შოუში მაქსიმუმ 150 ლარს მიხდიან, ჩემი მაკიაჟი და კოსტიუმები კი 300 ლარზე მეტი მიჯდება. ვცდილობ შოუ საუკეთესო იყოს, იდეალური. როცა იმას აკეთებ, რაც ძალიან გიყვარს და შენია, გინდა, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი იყოს. ყველას აქვს ლიდერობის სურვილი, მათ შორის მეც.

საქრთველოში, ლგბტქ+ თემის მოწყვლადობიდან გამომდინარე, დასაქმება ძალიან ძნელია და, შესაბამისად, არც არსებობს სამსახური, რომელიც ჩემს საჭიროებებს დაფარავდა. ამას ემატება ფემინურობაც. სულ მალვაში გიწევს ყოფნა, რაც ორმაგად სტრესულია. აქედან გამომდინარე, მიწევდა სექსსამუშაოშიც ჩართვა.

ჟაკლინი კამერის წინ

ჩემი შოუ ძირითადად ქორეოგრაფიაზეა ორიენტირებული, კოსტიუმების ჩვენებაზე.

ტელევიზიები მთავაზობდნენ მივსულიყავი გადაცემაში როგორც ჟაკლინი, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადება ჯერ არაა ჟაკლინის მისაღებად მზად. შიგნით, თემშიც კი არის ამის პრობლემა. სულ იმის მტკიცება მიწევს, რომ ტრანსგენდერი არ ვარ და, უბრალოდ, შოუს ვაკეთებ.

ჟაკლინი გახდება პირველი ქართველი დრეგქვინი, რომელიც რუპოულის შოუში გაიმარჯვებს.

ჯერელინი - ლაშა

თავიდან არ ვიცოდი როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი პერსონაჟი, სახელიც კი ექსპრომტად შევარჩიეთ მე და ჩემმა დრეგდედამ, ნია გვათუამ, „ვოგთან“ ინტერვიუს დროს. ჩემი პერსონაჟი ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ლამაზ, სევდიან, ძლიერ ქალბატონად...

ჯერილინი შოუმდე და შოუს დასრულებისას.

გარდასახვა

გარდასახვის პროცესი თავიდან რთული იყო. საწყის ეტაპზე დრეგკულტურასაც ნაკლები მხარდამჭერი ჰყავდა, ახლა [ეს კულტურა] საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის ნაცნობია. დრეგში მე ბოლომდე თავისუფალი ვარ სტერეოტიპებისგან, რომელიც გენდერს, იდენტობას, სქესს, სექსუალობას უკავშირდება.

ჯერილინი პოზირებს კამერასთან.

ქვიართემშიც ბევრმა არ იცის დრეგის შესახებ, ან საქართველოში თუ არსებობს სადმე და თუ იმართება ,,დრეგპერფორმანსები”, თუმცა დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ასეა.

ჩემი დრეგპერსონაჟი საზოგადოებისთვის ლამაზია... მათ სტანდარტებში ჯდება. ალბათ, ამიტომაც არ მქონია ძალადობის გამოცდილება დრეგში, თუმცა ერთხელ, მახსოვს, ტაქსისტს სისგენდერი (ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობა ემთხვევა დაბადებისას მინიჭებული სქესის შესაბამის გენდერულ როლს - .. ) გოგონა ვეგონე და შეეცადა სექსუალურად შევევიწროებინე... ერთხელ კი ბარში არ შემიშვეს, “ზედმეტად სექსუალურად” გამოვიყურებოდი...

ეს ჩემთვის, პირველ რიგში, აქტივიზმია. საქველმოქმედო დრეგშოუები საქართველოში ხშირად იმართებოდა უსახსროდ დარჩენილი ქვიარადამიანების დასახმარებლად.

ძირითადად მეორეული ტანსაცმლით ვიმოსები. ბიუჯეტის გამო, აქსესუარები ვცდილობ თავად ავიწყო... უმეტესად მაინც საკუთარი სახსრებით მიწევს ვიზრუნო პერფორმანსზე, რომ ისეთი იყოს, როგორიც მინდა...

ტანსაცმლის მაღაზიებში ქალის ტანსაცმელს ვერ შეიტან კაცის გასახდელში, მეორადი ტანსაცმლის საწყობებში - პირიქით. ზოგიერთმა გამყიდველმა უკვე იცის, რასაც ვყიდულობ და რისთვის, ამიტომ შესაფერის ტანსაცმელს და აქსესუარებს ყოველთვის მინახავენ.

საჯაროობა

ქამინგაუთი არ მაქვს გაკეთებული, არც სახლში იციან ჩემი ორიენტაციის შესახებ. ამიტომ კოსტიუმების, ქუსლიანი ფეხსაცმლის და სხვა აქსესუარების შენახვა მეგობრებთან მიწევს.

ჯერილინი კულისებში.

ეს მთელი პროცესია [შოუსთვის მზადება], რომელიც მრავალი საათი გრძელდება, რომ საბოლოოდ გამოვიყურებოდე ისე, როგორც მინდა, რეალურად ვგავდე იმ პერსონაჟს, ვინც მე შევქმენი - ჯერილინ სტოუნი...

მსოფლიოში დრეგი დიდ ბიზნესადაა ქცეული. მე არ ვუყურებ ამას როგორც ბიზნესს. ეს ჩემთვის, პირველ რიგში, აქტივიზმია. საქველმოქმედო დრეგშოუები საქართველოში ხშირად იმართებოდა უსახსროდ დარჩენილი ქვიარადამიანების დასახმარებლად.

ძალიან დიდი განსხვავებაა ჩემსა და ჯერილინს შორის... ჯერილინი ნამდვილი ქალღმერთია, ყველას მარტივად აყვარებს თავს, სამართლიანობისთვის იბრძვის, ძლიერია, დამოუკიდებელია, თავისუფალია და ნამდვილად ბედნიერია.

ბევრი საერთო გვაქვს და მიხარია, რომ არსებობს ჩემს ცხოვრებაში, ყოველთვის მეხმარება კრიზისის დაძლევაში.

განდიდების მანიით და პოპულარობის სურვილით არ ვარ შეპყრობილი. ეს არაფერში მჭირდება. ადამიანების სიყვარული, იმ ადამიანების, რომელთაც ჩემი ესმით და მხედავენ, საკმარისია.

შენიშვნა: გიორგის და ლაშას სახელები მათივე თხოვნით შეცვლილია.