საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა 10 ივნისს სოფელ დიდ ხურვალეთში ეწვია საოკუპაციო ხაზს. მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ილაპარაკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან შექმნილი ჰუმინიტარული მდგომარეობის შესახებ.
„აქ იმის სათქმელად ვარ, რომ ლიეტუვა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთი ოკუპაციის შედეგებს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ჩემთვის იყო იმის ნახვა, თუ როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, როგორი ვითარებაა, როგორი ჰუმანიტარული მდგომარეობაა აქ და სამწუხაროდ, მე ვხედავ დანგრეულ ყოფას, დარღვეულ ყოფას, რომელსაც განაპირობებს ზოგი პოლიტიკოსის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, მოახდინოს დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია, ამ შემთხვევაში საქართველოსი.
ვნახე, რომ ხალხი ბევრ შესაძლებლობას მოკლებულია. მათ არ შეუძლიათ მიიღონ პენსია, არ აქვთ წყალმომარაგება, სკოლისადმი ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და გართულებულია. ადგილობრივებს მე ვკითხე რაზე ოცნებობენ და იცით რა მიპასუხეს? ისინი სახლში დაბრუნებაზე ოცნებობენ, ისინი თავის სახლზე ოცნებობენ. ამიტომაც არის საჭირო ამ ხალხის უფლებებისთვის ბრძოლა, რომ მათი ოცნება ახდეს, რომ დაუბრუნდნენ სახლებს", - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
გიტანას ნაუსედას მიაჩნია, საჭიროა ძალისხმევის მიმართვა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებისა და ღონისძიებების მიმართ, სანამ პრობლემა არ მოგვარდება.
„მე ვსაუბრობ რუსეთისადმი დამატებით შესაძლო სანქციებს გამოყენებაზე, მე ვსაუბრობ არა მხოლოდ რუსეთზე არამედ ბელორუსზეც, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ევროკავშირი არის 27 წევრის ორგანიზაცია და ყველას აქვს განსხვავებული დამოკიდებულება იმისადმი, რაც ხდება აქ, ამ რეგიონში, ბელარუსსა და რუსეთში. ზოგჯერ ძნელია ჩვენს შორის საერთო მნიშვნელის მოძებნა, მაგრამ ჩვენ ცდილობთ ვიპოვოთ საერთო მნიშვნელი და როგორც წესი, ეს წარმატებით გამოგვდის. მაგრამ, მართალი ხართ, ზოგჯერ ეს გვიან ხდება, დროში იწელება, ეს პრობლემაა, მაგრამ ეს არის დემოკრატია, დემოკრატია არ არის იოლი, დემოკრატია იოლი ამოცანა არ არის, ეს იცით თქვენც, ჩვენც და ყველამ", - თქვა მან.
მაღალი დონის უკანასკნელი ვიზიტი ლიეტუვიდან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე შედგა 2021 წლის 29 აპრილს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეწვია ოძისს.