საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას მემკვიდრეობით ერგო "ნამახვანჰესის" მშენებლობის არსებული პროექტი და პრობლემა, თუმცა ინვესტორთან ერთად მუშაობს, რათა პროექტში ცვლილებები შევიდეს და ჰესი აქამდე არსებული პროექტის მიხედვით არ აშენდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში ყოფნისას, მედიასთან საუბარში განაცხადა.
„მემკვიდრეობით დამხვდა ეს პროექტი, ეს პრობლემა და მე ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ეს პროექტი ახლა არის და ის პირობები, რომელიც ჩვენ დაგვხვდა, მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ პროექტს. ჩვენ ინვესტორებს ველაპარაკებით და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ, ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე რომ წამოვიყვანოთ და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობის, მათ შორის, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალაური სამართლიანობის" ცენტრმა 8 ივნისს გამოაქვეყნა საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე ცნობა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „ენკას” ქვემო ნამახვანი ჰესის სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა.
ასევე ნახეთ „ენკას" ერთი წლით გაუხანგრძლივეს სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი"ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება „ენკასთვის” მინიჭებული კიდევ ერთი დაუსაბუთებელი შეღავათია, რომელიც ადასტურებს, რომ განცხადებები პროექტის სათანადოდ შესწავლის შესახებ, მცდარი და საფუძველს მოკლებულია.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს, კომპანია „ენკას“ სრული საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა მიმდინარე წლის 13 აპრილს ამოეწურა. „საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული ახალი დოკუმენტაციით დგინდება, რომ სავალდებულო დოკუმენტაციის არარსებობას ეკონომიკის სამინისტრო ლოიალობით მოეკიდა და 2021 წლის წლის 19 მარტს, მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული ეს ვადა კომპანიას 2022 წლის 28 თებერვლამდე გაუგრძელა.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ “ენკა”-მ სამინისტროს ვადის გაგრძელების თხოვნით მიმდინარე წლის 17 თებერვალს მიმართა. 12 მარტს კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ჰესის ძირითადი ნაგებობების (კაშხალი და წყალსაცავი) მშენებლობაზე კვლევების ნაწილის ხელახალ გადამოწმება-ვალიდაციამდე „მორატორიუმი” ცხადდებოდა“.
საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ „ენკასთან“ დადებული კონტრაქტით ხელისუფლება კერძო კომპანიის სასარგებლოდ თმობს ქვეყნის ინტერესებს.
დემონსტრანტები რამდენიმე დღეა ცდილობენ, არ შეუშვან ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები რიონის ხეობაში.
ხელისუფლების მტკიცებით, „ნამახვანჰესი“ საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი კვლევით.
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგებს, მსენებელ კომპანია "ენკას" და ხელისუფლების მონაწილეობით, შაბათს ევროკავშირის მედიაციით შეხვედრა იგეგმება, წინასწარი განცხადეებით მხარეები შეხვედრაში მონაწილებისთვის მზად არიან.