საპარლამენტო პარტიების ხელმოსაწერად გამოქვეყნდა ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადება

საქართველოს პარლამენტმა გამოაქვეყნა ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადება, რომელსაც ხელი უნდა მოაწერონ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილმა პარტიებმა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები სრულად იზიარებენ იმ ფასეულობებს, რომლებსაც ემყარება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია და აცხადებენ, რომ საქართველოს ნატოს წევრობისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და ახორციელებს პროგრესს ნატოსთან სრული თავსებადობის მისაღწევად:

„ერთხმად ვადასტურებთ, რომ ნატოს წევრობა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უმთავრესი ინტერესი და ეფუძნება ერთსულოვან, ფართოპოლიტიკურ და საზოგადოებრივ მხარდაჭერას.

გამოვხატავთ მადლიერებას ალიანსისა და მისი წევრი სახელმწიფოებისადმი არსებითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, რაც საშუალებას იძლევა, საქართველომ გაზარდოს მედეგობა და ალიანსთან ურთიერთთავსებადობა, აგრეთვე მოემზადოს ნატოს წევრობისთვის.

მოვუწოდებთ ნატოს და მის წევრ სახელმწიფოებს, განაგრძონ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა, ვინაიდან ქვეყანა ემზადება საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების მიერ ერთობლივად შეთანხმებული, დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის გამიზნული, ამბიციური რეფორმების განხორციელებისთვის, ასევე უზრუნველყონ უფრო მტკიცე დახმარების გაწევა და გამოცდილების გაზიარება მზარდი და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ბოლო წლების განმავლობაში, ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო საგრძნობლად გაუარესდა. რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და რეგიონის ქვეყნების დემოკრატიებს. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, შავი ზღვის რეგიონში ნატოს ჩართულობა, როგორც მნიშვნელოვანი შემაკავებელი და მასტაბილიზებელი ფაქტორი, უწინდელზე გაცილებით მეტ მნიშვნელობას იძენს.

მივესალმებით ამბიციურ ანგარიშს „ნატო 2030: გაერთიანებულები ახალი ეპოქისათვის“ და გამოვთქვამთ იმედს, რომ ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია სათანადოდ ასახავს ამ მოხსენების რეკომენდაციებს ღია კარის პოლიტიკის, შავი ზღვის შესახებ ნატოს ხედვისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მისი როლის თაობაზე.

გამოვხატავთ საერთო ერთგულებას უფრო ძლიერი ნატოსადმი, რომელიც მოქმედებს თავისუფლების მოყვარე ერების, მათ შორის, საქართველოს, მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის დასაცავად.

ხაზგასმით აღვნიშნავთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში გაწევრებასთან დასაახლოებლად. საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის სხვა, ნატოს წევრობის მოსურნე ქვეყნების ნატოში გაწევრიანება გაამყარებს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, შეაჩერებს პოტენციურ აგრესორებს და დაგვაახლოებს „ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპასთან“.

გვჯერა, რომ ნატოს ბრიუსელის სამიტი იძლევა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე პროგრესის დაფიქსირების შესაძლებლობას. ვინაიდან საქართველო არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ სამიტზე, ნატოში ჩვენს პარტნიორებს ვთხოვთ, საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ეს ერთობლივი განცხადება მიიღონ, როგორც საქართველოს ნატოში გაწევრიანების მკაფიო მრავალპარტიული მხარდაჭერა.

გამოვხატავთ მზადყოფნას, გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი პლატფორმა, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეების ჩათვლით, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატოში უფრო ღრმა ინტეგრაციას და საბოლოო წევრობას".

ჩრდილოატლანტიკური ლიდერების სამიტი 14 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება. განცხადების თანახმად, რომელიც ალიანსის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული, სამიტზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება ნატო 2030-ის დღის წესრიგზე.

„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა გავაძლიეროთ ნატო, როგორც გამოხატულება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მტკიცე კავშირისა. ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ ალიანსის არსებით და პერსპექტიულ ნატო 2030-ის დღის წესრიგზე, რათა გავუმკლავდეთ დღევანდელი და ხვალინდელი დღის გამოწვევებს. რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმის საფრთხე, კიბერთავდასხმები, კლიმატის ცვლილებების ზეგავლენა უსაფრთხოებაზე და ჩინეთის აღზევება“, - ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.