რეზო გაბრიაძე ჩიტებსა და ადამიანებზე

პატარა ადამიანის, ნივთის, ჭიანჭველას პერსპექტივიდან დანახული დიდი ცხოვრება - ეს იყო სამყარო, რომელზეც რეზო გაბრიაძე თავის წიგნებსა და სპექტაკლებში ჰყვებოდა. მწერალი და სცენარისტი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩიტო ჩიტი არაა, ადამიანია - ადამიანი მანქანა. ადრე მხოლოდ ადამიანი იყო, მაგრამ მისი შეყვარებული მისსავე მეგობარს გაჰყვა ცოლად. ჩიტომ თვალი გააყოლა ახალ მანქანაში მოკალათებულ წყვილს და მას მერე ჰგონია, რომ თვითონაც მანქანაა: „ზიმ-მასკვიჩმა ჩაუარა თადარიგის მეზღვაურს, ჩიტოს. ჩიტოს ფეხები მოეკვეთა და დაჯდა. ასე იჯდა ჩიტო ჩემოდანზე ხუთ საათამდე. მერე ადგა, ჩამოდნის გასაღებით მანქანის კარი გააღო, ჩაჯდა მანქანაში, იმავე გასაღებით ჩართო მოტორი, თქვა „დრმ-დრმ“, ჩააგდო წარმოდგენილი მანქანა პირველ სიჩქარეში, მერე მესამეში, მთავარ ფოსტასთან კი რული დაატრიალა და მარცხნივ შეკავებული სირბილით დაეშვა ბალახვნისაკენ“...

ახლა ჩიტო „პობედაა“ და მთელ ქუთაისს უვლის. კიდევ სხვა ჩიტებიც ჰყავს გაბრიაძეს: შერეკილები, რომლებსაც ფრთები არ ჰქონდათ და გაფრინდნენ; ქუთაისელი ქურდი - ჩიტი ბორია; ერთი ჩიტი პეტერბურგშიც კი მოხვდა, ხიდის ქვეშ ზის და ტურისტები მონეტებს ესვრიან...

.

ხუთკუნჭულობა და ნაცარქექიობა

„გაბრიაძე პატარის პერსპექტივიდან იყურება, მაგრამ მასთან პატარა ადამიანი საწყალი არ არის. ის მაინც პოულობს ცხოვრებაში რაღაც ისეთს, რაც ამ ცხოვრების მიღების საშუალებას მისცემს. აგული ერისთავი ამის ნათელი მაგალითია, ადამიანმა გამოფენა შექმნა სასაფლაოზე.

ქართულ კულტურაში გვყავს პიროვნებები, რომლებიც სრულიად არაკონვენციური გზით მიდიოდნენ. ფიროსმანი იყო ასეთი, ვაჟა-ფშაველა... გაბრიაძეც, გარკვეულწილად, ასეთია. მისი იუმორი არის ის, რასაც მამარდაშვილმა უკანონო სიხარულის ნიჭი დაარქვა, როცა, მიუხედავად სამყაროსა და ყოფის ტრაგიზმისა, ადამიანი ეთანხმება, იღებს სიცოცხლეს. ღვარძლიანი და სანტიმენტალური კი არ ხდება, არამედ პოულობს რაღაც ისეთს, რაც სიკეთეს გამოხატავს. მის პერსონაჟებს აქვთ ისეთი თვისებები, რომლებიც ზღაპრის გმირებს ახასიათებთ. ეს არის მოუხელთებლობის, ხუთკუნჭულობისა და ნაცარქექიობის შიგნიდან მომდინარე სიკეთე, რომელიც სანთლით საძებარია დღევანდელ კულტურაში“, - ამბობს ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი.

ჩემი გაზაფხულის შემოდგომა

სრულყოფილი მწერალი, რომელსაც ნაკლს ვერ უპოვი, ასე ახასიათებს გაბრიაძეს პოეტი დიანა ანფიმიადი.

„ძალიან ბევრი ემოციაა მის ტექსტებში, იუმორია, ენაა... მისი არც ერთი წიგნი მშვიდად არ წამიკითხავს, ვერ ვჯდები ხოლმე, გავდი-გამოვდივარ და ძალიან ბევრს ვტირი. მერე ვისაც კი ვაკითხებ, ყოველთვის ისეთი ემოციაა მათი მხრიდანაც, რომელსაც ველოდები“.

სპექტაკლიდან: „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“

რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ის ერთდროულად იყო მწერალი, მოქანდაკე, მხატვარი, რეჟისორი... არის 35-ზე მეტი ფილმის ავტორი. მისი სცენარებით აქვთ გადაღებული: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968), „არ იდარდო“ (1968), „ფეოლა“, „ქვევრი“ (1970), „თეთრი ქარავანი“ (1972), „შერეკილები“ (1973), „მიმინო“ (1977), „ქინ-ძაძა“ (1986) და სხვ. დაწერილი აქვს მოთხრობები და რომანი „ქუთაისი ქალაქია“.

გაბრიაძე ბევრს წერდა ქუთაისზე, ჩიტო-პობედაც ქუთაისელია, მისი პერსონაჟები ენითა და საქციელით კონკრეტულ ადგილს კი უკავშირდებიან, მაგრამ დარდი და ფიქრები ისეთი აქვთ, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას გადასვამ. სხვათა შორის, სწორედ ასე „გადასვა“ თბილისელები პარიზში და შექმნა სპექტაკლი „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“.

„მე თბილისის ყველაზე კოლორიტული ფიგურები ამოვარჩიე და იმ დროისათვის ჩემთვის უცნობ პარიზში გადავასახლე. ზოგი პერსონაჟი პირდაპირ ვირის ბაზრიდან აღმოჩნდა პარიზში და საკუთარი ინტრიგები ჩაიტანა“, - წერდა თავად რეზო გაბრიაძე.

რეზო გაბრიაძის აშენებული საათის კოშკი

მარიონეტების თეატრი გაბრიაძემ 1981 წელს ააშენა. თეატრი ძველ თბილისში დგას და მხოლოდ 80 მაყურებელზეა გათვლილი, 80 ზრდასრულ მაყურებელზე. რა თქმა უნდა, შეიძლება ბავშვიც მიიყვანო, მაგრამ აქ თოჯინები დიდების სათქმელს ამბობენ. 30 წლის განმავლობაში თეატრში სულ ოთხი სპექტაკლი დაიდგა: „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ - ჩიტ ბორიაზე, „სტალინგრადი“ - სტალინგრადის აღებაზე, უკვე ნახსენები „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“ და „რამონა“. რამონა, ჩიტო-პობედასგან განსხვავებით, ორთქლმავალია, ოღონდ ადამიანივით შეყვარებული. რკინიგზის სადგურში დგას და მეორე ორთქლმავალს, ქმარს, ელოდება.

სცენა სპექტაკლიდან: „რამონა“

„ეს იყო ადამიანი, რომელიც ყველაფერს თვითონ ქმნიდა. უბრალო ნივთებიც კი, რომლებიც მის თეატრშია, - ლაპარაკი არა მაქვს თოჯინებზე და მარიონეტებზე, - მისი გაკეთებულია. რომ არ ყოფილიყო რეზო გაბრიაძე, არც ელდარ შენგელია და არც გია დანელია იქნებოდა ისეთი, როგორიც მასთან ერთად არიან“, - ამბობს ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური და თან იხსენებს, როგორ მიადგა ერთხელ კაფეში წიგნებზე ხელის მოსაწერად. გაბრიაძე ჩაკეტილი ადამიანი იყო, განსაკუთრებით ჟურნალისტები არ უყვარდა. ხასიათი მხოლოდ მაშინ გამოუკეთდა, როცა გაიგო, რომ მისგან ინტერვიუს არ ითხოვდნენ.

„მომიწერა ხელი, ჩამიხატა რაღაცები და მერე უცხო ადამიანს ძალიან ბევრი მელაპარაკა კინოზე. მისი ნაწარმოებებიდან, ყველა მისი სიტყვიდან კეთილშობილება მოდის, რომელსაც შესაძლოა მალავდა კიდეც, რადგან მისნაირი ადამიანები, როგორც წესი, არცთუ ისე ლაღად ცხოვრობენ. ის ეთამაშებოდა საზოგადოებას და ზღაპრებივით უყვებოდა ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანების ისტორიებს. იგივე „არაჩვეულებრივი გამოფენა“, აგული ერისთავი, ალბათ, მთელი თაობის სასოწარკვეთის, მოუხელთებელი ცხოვრების სიმბოლოა“.

11-სანტიმეტრიანიანი ქანდაკება

სანკტ-პეტერბურგში ბეღურა „ჩიჟიკ-პიჟიკს“ ყველა იცნობს. ქალაქის ყველაზე პატარა ქანდაკება სიმაღლეში მხოლოდ 11 სანტიმეტრს აღწევს. მისი არქიტექტორები ვიაჩესლავ ბუხაევი და რეზო გაბრიაძე არიან. ბეღურა 1994 წელს ხიდის ქვეშ დაამონტაჟეს. ერთი ციცქნა პლატფორმა აქვს და თუ მასზე მონეტის დაგდებას შეძლებ, სურვილი აგისრულდება.

ჩიჟიკ-პიჟიკი ფონტანკაზე

ფონტანკაზე ხშირად ნახავთ ტურისტს თუ ადგილობრივს, ხურდა ფულით ხელში ხიდზე რომ გადახრილა და ცდილობს საკუთარი ოცნება ბეღურის ფეხთით მოათავსოს, იქნებ პატარა ჩიტმა მთელი ცხოვრების ნატვრა აუსრულოს.