ნინოწმინდის პანსიონატიდან, ბოლო ორ დღეში გაყვანილი მოზარდები აღმზრდელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე ჟურნალისტებთან ლაპარაკობენ. ისინი ასახელებენ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს და აღწერენ დასჯის იმ მეთოდებს, რომლებსაც პანსიონის აღმზრდელები ბავშვების მიმართ იყენებენ. მოზარდები ამბობენ, რომ აღმზრდელები ბავშვებს ჯოხებით სცემდნენ, ღამეებს ათენებინებდნენ.
ცემა ჯოხით, ღამით ცალ ფეხზე დგომა, საკვების აკრძალვა
"მასწავლებელმა აიღო ჯოხი და მთელი ღამე მცემა. ფანჯრები დახურეს, რომ ჩემი ყვირილი სხვებს არ გაეგოთ", - იხსენებს პანსიონიდან სახლში დაბრუნებული მოზარდი, რომელიც ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ახალი სასწავლო წლიდან იქ აღარ დაბრუნდება.
ნინოწმინდის პანსიონიდან გაყვანილ ექვს მოზარდს ელაპარაკა 6 ივნისს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. ის ბავშვებს მცირე ტიპის საოჯახო ტიპის სახლში შეხვდა. ნინო ლომჯარია დასჯის იმ მეთოდებზე ლაპარაკობს, რომლებსაც აღმზრდელები პანსიონში ბავშვების მიმართ გამოიყენებდნენ:
„ბავშვები ადასტურებენ, რომ მათ მიმართ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ამბობენ, რომ ძალადობა ძირითადად ხდებოდა მაშინ, როდესაც ისინი პატარები იყვნენ, დაახლოებით 4-5 წლიდან 10 წლამდე პერიოდში. მაგალითად, დასჯა ცალ ფეხზე დგომით და ამ დროს ხელში ეჭირათ სკამები. არ აჭმევდნენ და აყურებინებდნენ, როგორ ჭამდნენ სხვები. მაგალითად, რამდენიმე ღამის განმავლობაში უძილობა. ასევე ასახელებენ, რომ ფიზიკურ შეხებას ჰქონდა ადგილი, როგორც ხელით, ისე სხვადასხვა ნივთით. გარდა ამისა, თვითმხილველთა თქმით, 2020 წლის დეკემბერში, პანსიონში ჩაირიცხნენ მცირეწლოვანი ბავშვები, თუმცა, ცალსახად მინდა გითხრათ, რომ არცერთ ოფიციალურ დოკუმენტაციაში ბავშვები არ ჩანდნენ პანსიონში. იქ ხვდებოდნენ ბავშვები, რომელთა შესახებაც სახელმწიფოს არ ჰქონდა ინფორმაცია და არ იყვნენ აღრიცხულები“.
მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც შეცვალა ბავშვთა უფლებების დაცვის სტანდარტი?
უკანასკნელი ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან, ბოლო ორი დღის განმავლობაში, 20 მოზარდია გამოყვანილი. მათ შორის, შვიდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. მოზარდების პანსიონატიდან გაყვანის პროცესი ზრუნვის სააგენტომ 4 ივნისს დაიწყო. 5 ივნისს კი ამ პროცესს თან დაერთო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ივანე ღლონტის გადაწყვეტილებაც, რომელიც მან უფლებადამცველი ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR) შეტანილი შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცა და რომელიც ნინოწმინდის პანსიონატიდან, პირველ რიგში, შშმ ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანას ეხებოდა, რაკიღა PHR-ი სწორედ შშმ ბავშვების საქმეების სპეციალური მოსარჩელეა.
თუმცა, როგორც ორგანიზაციის იურისტი, ანა არგანაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, საერთო ანგარიშით, სასამართლოს გადაწყვეტილება მოიცავს შინაარსს, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის და დაწესებულება დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს იმ მყოფმა ყველა ბავშვმა. ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელმაც შეცვალა არა მარტო ამ ბავშვების ისტორია, არამედ ქვეყანაში შეცვალა ბავშვთა უფლებების დაცვის სტანდარტი:
„ზრუნვის სააგენტომ უკვე 20-ზე მეტი ბავშვი გამოიყვანა. მათ არ გააპროტესტეს სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს, რომ ისინი ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ იქ ყველა ბავშვისთვის საფრთხის შემცველი გარემოა შექმნილი. შეიძლებოდა თუ არა ამ სტრესული ვითარების თავიდან აცილება, როდესაც არ გახდებოდა საჭირო ამ პროცესში სასამართლოს ჩარევა? დიახ, ეს შესაძლებელი იყო, ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუკი სახელმწიფო თავის დროზე დაეთანხმებოდა სახალხო დამცველის დასკვნებსა და ანგარიშებს. სახელმწიფოს რომ ჰქონოდა მეტი ნდობა კონსტიტუციური ორგანოს, სახალხო დამცველის მიმართ, მაშინ ბავშვებს ამის გავლა არ მოუწევდათ“.
ანა არგანაშვილის თქმით, გარდა ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვებისა, ქვეყანაში დაახლოებით 900-მდე ბავშვია, რომლებიც კვლავ დიდი ზომის დაწესებულებებში ცხოვრობენ. იქნება ეს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის ფრთის ქვეშ შექმნილი დაწესებულებები, შშმ ბავშვთა სახლები, თვითმმართველობების მიერ ორგანიზებული ე.წ. კუსტარული ბავშვთა სახლები თუ სკოლა-პანსიონატები. უფლებადამცველი ამბობს, რომ ამჯერად, ისინი გეგმავენ, თვალყური მიადევნონ ამ დიდ დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში გადაყვანისა თუ ბიოლოგიურ ოჯახებში ინტეგრირების საკითხს. ამ მიზნით, მიმდინარე კვირაში, ორგანიზაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს ძირითადი სარჩელით, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმას შეეხება:
„5 ივნისის სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი განჩინებაა, რომელიც მომდევნო 10 დღის განმავლობაში უკვე ძირითადი სარჩელის წარდგენას გულისხმობს. ჩვენ ამ სარჩელს უკვე ვამზადებთ, რომელსაც ემატება ნინოწმინდის პანსიონატის შესახებ ახალი გარემოებები და მტკიცებულებები და სასამართლოს მიმდინარე კვირაში მივმართავთ. ამჯერად, ჩვენი მოთხოვნაა ქვეყანაში ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის განხორციელება. ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, ცხადია, დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციაა, მაგრამ რეფორმა კიდევ უფრო მრავალშრიანია და ის მხოლოდ ბავშვთა ინსტიტუციებიდან ზრუნვის სხვა ფორმებში გადაყვანას არ გულისხმობს. აქ ლაპარაკია, მაგალითად, კვალიფიცირებული სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის ზრდასა და მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნაზე, ასევე ყველა იმ კომპონენტის გაძლიერებაზე, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობისა და უფლებების დაცვისკენ არის მიმართული“.
გაასაჩივრებს თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილებას საპატრიარქო?
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ მიერ სასამართლოში წარდგენილ ძირითად სარჩელს ელოდება საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, სწორედ ამ სარჩელის შინაარსის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს საპატრიარქო, მიმართოს თუ არა სასამართლოს შესაგებელით.
ედიშერ ქარჩავა დარწმუნებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 5 ივნისის გადაწყვეტილება შშმ მოზარდების დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გაყვანასთან დაკავშირებით, ნაჩქარევი და დაუსაბუთებელია. მეტიც, ის მიიჩნევს, რომ ნინოწმინდის პანსიონატი, დღესდღეობით, არის ერთადერთი დაწესებულება, სადაც იქ მცხოვრები ბავშვების უფლებები ყველაზე უკეთაა დაცული. ედიშერ ქარჩავას თქმით, ის არ არის დარწმუნებული, რომ მაგალითად, შშმ ბავშვები, რომლებიც ზრუნვის სააგენტომ პანსიონატიდან ბოლო ორ დღეში გადაიყვანა, მათთვის უსაფრთხო და შესაფერის გარემოში აღმოჩნდებიან:
„დღეს თუ სადმეა ბავშვების უფლებები დაცული, ეს არის სწორედ ნინოწმინდის პანსიონატი, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილზე იმყოფებიან როგორც სოც.მუშაკები, ისე ფსიქოლოგები. ბავშვები მათი მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობენ. თან ეს გარემო მათთვის არის ნაცნობი, ადაპტირებული. ამიტომ მიმაჩნია, რომ პირიქით, სადაც ეს ბავშვები გაიყვანეს, შესაძლოა, იქ დაირღვეს მათი უფლებები. მოსამართლის მიერ ამ დროებითი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას ვერ ვხედავდი და ვერ ვხედავ, ვინაიდან სახელმწიფოს უკვე კონტროლის ქვეშ ჰყავდა აყვანილი პანსიონატი და იქ არსებული ვითარება. ამიტომ, თუკი ჩვენ ყველანი ვთანხმდებით და გამოვდივართ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინ, მოდი, ბოლომდე დავიცვათ ამ ბავშვების ინტერესები, რადგან ჩვენ არ ვიცით, რა გარემოში წაიყვანეს ეს ბავშვები და არის ის გარემო მათთვის მისაღები თუ არა. დროებითი ღონისძიება ბავშვების დაუყოვნებლივ გადაყვანასთან დაკავშირებით, ავალდებულებს მოსარჩელე მხარეს, რომ 10 დღის ვადაში, სასამართლოს წარუდგინოს უკვე ძირითადი სარჩელი და მას დართული დასაბუთებული მტკიცებულებები. ჩვენ უნდა გადმოგვეცეს ეს მასალები, გავეცნობით და შესაბამის შესაგებელს, ანუ პასუხს ამ საჩივართან დაკავშირებით, ჩვენც წარვადგენთ. თუ დავრწმუნდებით, რომ მართლაც, გამოძიებამ, სოც-მუშაკებმა და ყველამ, წარმოადგინეს ისეთი გარემოებები, რომლებიც უტყუარია, ჩვენი თვითმიზანი არ იქნება რაიმეს გასაჩივრება. ჩვენ შევაფასებთ იმ გარემოებებს, რასაც წარმოადგენს გამოძიება, სოციალური მუშაკები და არასამთავრობოები და ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუკი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იქნება მიკერძოებული და არ იქნება ობიექტური, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენს დასაბუთებულ შესაგებელსა და პასუხს შევიტანთ“.
ედიშერ ქარჩავას თქმით, იმ მოზარდთა დიდი ნაწილი, რომლებმაც ნინოწმინდის პანსიონი ბოლო ორ დღეში დატოვეს, არდადეგებზე, საკუთარ ოჯახებში დროებით დაბრუნდნენ:
„მივმართავ ჟურნალისტებს დაიცვან ინფორმაციის სიზუსტე. ამ ბავშვებისთვის დაიწყო არდადეგები. ეს ბავშვები ოჯახში არსებული პრობლემების გამო, დროებით არიან პანსიონატში მოთავსებულნი. ჩვენ უნდა დავაკონკრეტოთ, ეს ბავშვები ვის გაყავს და რატომ გაყავს. აქ მიდის ჩვეულებრივი პროცესი, რასაც ბევრი იყენებს არაკეთილსინდისიერად. მე არ მაქვს ლაპარაკი 7 შშმ ბავშვზე და მათთან დაკავშირებულ კიდევ 4 ბავშვზე (და-ძმა), რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაიყვანეს. დანარჩენი, ვინც გავიდა, ყველა თავისი სურვილით წავიდა და წაიყვანეს მშობლებმა“.
მეუფე სპირიდონი: ეს ხალხი პროპაგანდას უწევს ჰომოსექსუალიზმს, ლეზბიანობას, სოდომურ ცოდვებს
მოსამართლის გადაწყვეტილებას 6 ივნისს, წმიდა ზაბულონის და სოსანას სახელობის ეკლესიაში ქადაგებისას გამოეხმაურა სხალთის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებას პანსიონიდან ბავშვების გაყვანის თაობაზე, „არასწორი“ უწოდა, თუმცა, თქვა, რომ იძულებულნი არიან, გადაწყვეტილებას დაემორჩილონ:
„მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ აქ არ შემოვუშვით სახალხო დამცველის აპარატი, ნინო ლომჯარია. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ძალიან სწორად მოვიქეცით, რომ არ შემოვუშვით, იმიტომ, რომ ეს ხალხი არის ის ხალხი, რომლებიც პროპაგანდას უწევენ ჰომოსექსუალიზმს, ლეზბიანობას, სოდომურ ცოდვებს... ეს არის რაღაც ისეთი მეთოდი, რომელსაც მიმართავდნენ ავად სახსენებელი ფაშისტები. ამდენი სოც.მუშაკია შემოსული, დაეცადათ მუშაობა. ძალიან კარგი ხალხია. დაემთავრებინათ მუშაობა, დაედოთ დასკვნა… ბავშვები ცუდად ხდებიან, არ უნდათ ამ ბავშვებს აქედან წასვლა, ტირიან და ერთი ცუდად გახდა, წაიყვანეს საავადმყოფოში“.
ასევე ნახეთ გოჩა, იგივე გრიგოლი, იგივე მეუფე სპირიდონი - პანსიონატის ბოქლომირადიო თავისუფლება შეეცადა გადაემოწმებინა ინფორმაცია სხალთის ეპისკოპისის მიერ ნახსენები მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სახალხო დამცველის ოფისი ამგვარ ფაქტზე ინფორმაციას არ ფლობს. რაც შეეხება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, მათგან კითხვაზე პასუხი, ამ დრომდე, ვერ მოვიძიეთ.
სამაგიეროდ, სააგენტომ 7 ივნისს, მორიგი ზოგადი განცხადება გაავრცელა, რომელიც იტყობინება, რომ ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე პროცესების შესწავლისა და დარეგულირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სააგენტოსთან ერთად, საპატრიარქოს სპეციალური კომისიის და ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი - ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გაყვანის საკითხზე თანმიმდევრულად ხორციელდება:
„მიმდინარეობს მუშაობა დარჩენილი მოზარდების ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში განთავსებაზეც. ამასთანავე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ყველა გაყვანილ არასრულწლოვანთან ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას. დღეის მდგომარეობით, სააგენტომ პანსიონატიდან 20 არასრულწლოვანის გამოყვანა უზრუნველყო, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებითაა დაკომპლექტებული, ბოლო დღეების განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და ბავშვების უსაფრთხო გარემოსა და დაცულობას ადგილზევე უზრუნველყოფს“.
გარდა ამისა, ზრუნვის სააგენტო მიმართავს მედიასაშუალებებს და მათ ინფორმაციის არასწორ გავრცელებას ედავება, რომლის თანახმადაც, პანსიონიდან არასრულწლოვნების გაყვანის პროცესი ქაოტურად, თვითდინებით მიმდინარეობს:
„კონკრეტულ მედია საშუალებაში გასული სიუჟეტები, სადაც მტკიცებით ფორმაში ხდება ჯანდაცვის სამინისტროს დადანაშაულება, უწყების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, მათ შორის მედიას, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო სიახლეების შესახებ ინფორმაციას ყველა მედია საშუალებას პროაქტიულად აწვდის“.
რადიო თავისუფლებამ სააგენტოსგან ამ დრომდე ვერ მოიძია ზუსტი ინფორმაცია, რამდენი მოზარდი რჩება ნინოწმინდის პანსიონში, იგეგმება თუ არა უკლებლივ ყველა მოზარდის გაყვანა დაწესებულებიდან, როდის სრულდება მოზარდთა პანსიონიდან გაყვანის პროცესი, რამდენი ბავშვია გადაყვანილი საოჯახო ტიპის დაწესებულაბაში, რამდენი მოზარდი დაბრუნდა ოჯახში.
4 ივნისის მონაცემებით, რომელიც რადიო თავისუფლებას ზრუნვის სააგენტომ მიაწოდა, ნინოწმინდის პანსიონში 6-18 წლამდე 47 ბენეფიციარი ირიცხებოდა. თუკი სააგენტოს ცნობით, მათგან ოცმა პანსიონი დატოვა, პანსიონში, ამ დროისათვის 27 მოზარდი უნდა რჩებოდეს.
ასევე ნახეთ ნინოწმინდის ჩაკეტილი ბავშვთა პანსიონი - რატომ დუმს სახელმწიფო?ნინოწმინდის პანსიონატი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონატში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.
სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულბაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.
გარდა 2016-2021 წლებში აღძრული ოთხი სისხლის სამართლის საქმისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ). უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.