15 ივნისს სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო რეისი შესრულდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 15 ივნისს ერევანი-ბათუმი-თბილისის სარკინიგზო რეისი შესრულდება.

„აღდგა სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლა სომხეთსა და საქართველოს შორის, უკვე 15 ივნისს პირველი მატარებელი ერევანი-ბათუმი- თბილისის გავლით დაიძვრება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე და მეზობელი სახელმწიფოდან ტურისტები ტრადიციულად ჩამოვლენ და ესტუმრებიან საქართველოს, ჩვენს შავი ზღვისპირა კურორტებს, ჩვენს დედაქალაქს სხვა ტურიტულ ადგილებს"-, განაცხადა ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში.

სომხეთი საქართველოში ვიზიტორების რაოდეონის მიხედვით პირველ ხუთეულშია. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ამ წლის აპრილში საქართველოში სომხეთიდან – 8 331 ვიზიტორი შემოვიდა, ზრდა წინა წელთან შედარებით 3.9 პროცენტია.

1 ივნისიდან გაიხსნა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან ჩაკეტილი საქართველოს სახმელეთო საზღვრები.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს 2020 წლის მარტიდან შეწყვეტილი ჰქონდა რეგულარული ავიამიმოსვლაც, რომლის ეტპობრივად აღდგენა 2020 წლის ზაფხულში დაიწყო. რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მთლიანად აღდგა 2021 წლის 1 თებერვლიდან.