2021 წლის 18 მაისს, გამთენიას, პეკინის ქუჩის 41 ნომერში მდგარ კორპუსში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლს 14 სახანძრო მანქანა აქრობდა. უშუალოდ ხანძრისგან არავინ დაშავებულა, მხოლოდ რამდენიმე ბინა დაიწვა, მაგრამ ამ ამბავს შეეწირა კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები, ახალგაზრდა ქალი, რომელიც მეხუთე სართულიდან გადმოვარდა ან გადმოხტა (ეს ჯერ გამოძიების საგანია), მძიმედ დაშავდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
გამოძიება არ დასრულებულა, ამიტომ ამ ეტაპზე ერთადერთი დასაზუსტებელი ინფორმაცია, რაც ვრცელდება, არის ის, რომ ქალი შენობიდან გამოღწევას ცდილობდა და საამისოდ გაზის მილი გამოიყენა. მეზობლები აცხადებენ, რომ მას ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა. თუმცა, ეს ვერსია გამოძიებამ უნდა დაადასტუროს.
ასევე ნახეთ დევნილთა საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულიაშსს-ში გვითხრეს, რომ საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს "ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით".
ექსპერტიზა დასრულებული არ არის და, შესაბამისად, არც საბოლოო დასკვნაა ცნობილი, თუ როგორ დაიღუპა პეკინის 41-ში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი.
ფაქტია, რომ ამ კორპუსში სახანძრო კიბის უჯრედის ნაწილები ადგილ-ადგილ ამოშენებულია და საცხოვრებელ ფართად არის გამოყენებული. სხვა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა ამ კორპუსს, ისევე როგორც ასობით კორპუსს თბილისში, არ გააჩნია.
სწორედ ეს ამბავი გახდა ბიძგი რადიო თავისუფლებისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოგვეკითხა, რა მდგომარეობაა დღეს სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით თბილისის სხვა საცხოვრებელ კორპუსებშიც და შეცვალა თუ არა რეალურად რამე #41 დადგენილებამ, რომლის თანახმად, 2017 წლის შემდგომ, შესაბამის უწყებებში ვერ შეთანხმდება და დამტკიცდება პროექტი და ვერც აშენდება ვერცერთი კორპუსი, თუ ის სახანძრო უსაფრთხოების შესაბამის ნორმებს არ ითვალისწინებს.
სანამ ოფიციალურ პასუხებს მოვიკითხავდით, მარტივი გადამოწმების გზით წავედით და გადავწყვიტეთ, გვენახა, სად და რა სახის სახანძრო უსაფრთხოების სისტემები არსებობს თბილისის უბნებში, საცხოვრებელ კორპუსებში.
რა სახანძრო სისტემა, გვეღადავები?
ჩემი სახლიდან დავიწყე. 16-სართულიან კორპუსს, რომელშიც ვცხოვრობ, მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი კიბე აქვს, რომლითაც სადარბაზოდან სართულებს მიუყვები. არსად აყენია არანაირი დეტექტორი, არც წყალმაქრი და ცხადია, საუბარიც ზედმეტია რაიმე თანამედროვე ხანძრის საწინააღმდეგო სისტემაზე.
ამიტომ, პირველივე აზრი, რაც თავში მომივიდა, იყო, რას ვიზამდი ხანძრის შემთხვევაში, თუ ამ კიბით ქვემოთ ვერ ჩავიდოდი, სახურავზე ასვლა იყო. მეთექვსმეტე სართულისკენ დავიძარი. მაგრამ სახურავზე ასასვლელი კარი ჩაკეტილი დამხვდა. მეზობელმა მითხრა, რომ გასაღები ამა და ამ მცხოვრებს ჰქონდა. ეს კონკრეტული მეზობელი სახლში არ დამხვდა. ამასობაში კარგა ხანი გავიდა. დროის ამ მონაკვეთის განმავლობაში, ცეცხლის შემთხვევაში, გაქცევის ერთადერთ გზად ისევ ის ერთადერთი კიბე დამრჩა.
ცხადია, გადარჩენის გარანტია იქნებოდა დროულად მოსული სახანძროც.
ამის შემდეგ მარტივი გამოკითხვა ჩავატარე რადიო თავისუფლების თანამშრომლებს შორის, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში, ზოგი ახლად აშენებულ და პრესტიჟულ, და ზოგიც, ძველ კორპუსში ცხოვრობს. მათ ვკითხე, აქვს თუ არა მათ საცხოვრებელ კორპუსებს სახანძრო უსაფრთხოების რაიმე სისტემა.
აი, მათი პასუხების მხოლოდ ერთი ნაწილი:
„სახურავზე ასასვლელიც ამოქოლილი აქვს მეზობელს, დაშენება რომ გააკეთა, კიბის უჯრედიც აითვისა და საძინებელი აქვს მოწყობილი გასაქცევში. სახურავის გაკეთება ან გაწმენდა თუ გინდა, მისი საძინებლის გავლით უნდა იარო, ალბათ, ხანძრის დროსაც“.
„ჩემი დაბალსართულიანი კორპუსია, ექვსსართულიანი და მიიჩნევა, რომ არ სჭირდება. თავიდანვე დაგვაყენებინეს სისტემა, რომელიც გაზის გაჟონვის შემთხვევაში განგაშს ტეხს“.
„ჩემსას არ აქვს არაფერი მსგავსი“.
„არაფერი, თუ არ ჩავთვლით ნაძვის მაღალ ხეს, რომელსაც პრინციპში შეიძლება აივნიდან მივახტე გაჭირვების დროს“.
„არცერთი, ლიფტიც კი არაა უკვე ერთ კვირაზე მეტია“.
„ჩემი ძველი საბჭოთა კორპუსია და არანაირი არაფერი არ აქვს“
„ჩემთან არ არის არაფერი. არც არასოდეს იყო. ძველი კორპუსია 60-იანების დასაწყისში აშენებული“.
„ჩემთან არის მეორე კიბე. იტალიურ პატარა ეზოში კიბე + სადარბაზო ცალკე“.
„გაზის დეტექტორი მაქვს სამზარეულოში და სულ ეგ არის“.
„არა, არაფერი. და არც სხვა, სულ ცოტა, 5 კორპუსში, სადაც მე, ან ჩემი ნათესავები ცხოვრობენ“.
„მეზობელმა რომ დააშენა ერთი სართული, სახურავზე გასაქცევიც ამოგმანა“.
ამის შემდეგ საერთო სურათის სანახავად თბილისში, ერთმანეთისგან მოშორებული რამდენიმე უბანი მაინც დავიარე და ხალხს იგივე შეკითხვა დავუსვი - ძირითადი პასუხი იყო არა. ზოგი შეკითხვას ხუმრობად თვლიდა, ნაწილმა კი მიპასუხა, რომ ასეთ დროს უბრალოდ „სახანძროს იმედზეა“.
„რა სახანძრო თავდაცვა, გვეღადავები?“ ასე მიპასუხა თემქაზე მცხოვრებმა ახალგაზრდა კაცმა და კორპუსის კიბეს ფეხით შეუყვა, რადგან არც ლიფტი მუშაობდა.
ინფორმაცია ქალაქში მომხდარი ხანძრების და ზოგადად, საცხოვრებელ კორპუსებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემების შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გროვდება.
ამიტომ ყველა კითხვით, რომელიც კი სახანძრო უსაფრთხოების მხრივ ქალაქში არსებულ ვითარებაზე ლოგიკურად გაგვიჩნდა, ამ უწყებას მივმართეთ.
ორკვირიანი ლოდინის შემდეგ, პასუხი, როგორც იქნა, მივიღეთ, საიდანაც გავიგეთ, რომ დღეს საქართველოში მოქმედებს „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს სახანძრო უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს. თუმცა ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს მისი განახლების მიზნით.
ეს მოქმედი რეგლამენტი კი განსაზღვრავს, რომ
„ყველა შენობას, ფუნქციონალური დანიშნულებისა და სართულიანობის გათვალისწინებით, უნდა გააჩნდეს სახანძრო უსაფრთხოების ნორმების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი კიბის უჯრედი (უჯრედები)“.
საინტერესო ფაქტია ის, რომ თურმე, „მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები არ განეკუთვნება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტებს, აღნიშნულ კორპუსებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის თაობაზე ინფორმაცია სამსახურში არ არის დაცული“.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 2018 წლის პირველი აგვისტოდან ასევე ევალება შეითანხმოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაცია.
რადიო თავისუფლებამ უწყებას ჰკითხა, საჭიროების შემთხვევაში, როგორ ხდება მოსახლეობის ევაკუაცია, რა პრაქტიკა არსებობს დღეს, რაზეც მათ გვიპასუხეს, რომ:
„საცხოვრებელი კორპუსების ტიპის შენობებიდან ევაკუაცია ხორციელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების სარგებლობაში არსებული კიბეებისა და სახანძრო ავტოკიბეების საშუალებით“.
კანონის თანახმად, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები განსხვავდება ობიექტების მიხედვით - საცხოვრებელი ობიექტებისათვის, სანახაობრივი ობიექტებისთვის, სავაჭრო ობიექტებისთვის და ა.შ.
თუ ობიექტს არ აქვს გამართული სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რომელიც 177-ე (სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა და შეუსრულებლობა) მუხლით რეგულირდება, ხოლო თუ ამ სამართალდარღვევას მოჰყვა ხანძარი და მის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობა დაზიანდა, ეს უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით - ოთხიდან ექვს წლამდე. კოდექსის მიხედვით, აღნიშნულ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელ პირებს ეკისრებათ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, ასევე ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, გამოგვიგზავნეს თბილისში 2020-2021 წლებში მომხდარი ხანძრების სტატისტიკა, რომელიც ასე გამოიყურება:
#41 დადგენილება - გამოსავალი თუ ვალის მოხდა?
ეკონომიკის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს რომ დღეს საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების საკითხებს არეგულირებს ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილება, რომელიც 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.
ოღონდ:
დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც 2017 წლის 16 ნოემბრამდე შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი ან წარდგენილია განაცხადი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინამდებარე წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი.
„ამ ობიექტებზე გავრცელდება ზემოაღნიშნული დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობა. შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ ვრცელდება ყველა იმ ობიექტზე რომელთა მიმართაც დამტკიცებულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) და ზემოაღნიშნულ ცვლილებაში მითითებულ თარიღამდე (16.11.2017წ) არ განხორციელებულა შემდგომი ქმედება“.
ამ ვალდებულებების თანახმად, ახალ აშენებულ ნაგებობას თბილისის მერია არ ჩაიბარებს, თუ მისი მშენებლობისას დაცული არ არის სახანძრო უსაფრთხოების განახლებული სტანდარტები.
ამას რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს თემურ ბოლოთაშვილიც, მერიის არქიტექტურული სამსახურის უფროსი.
მერიაში პროექტის შესვლის შემდეგ უწყების არქიტექტურული სამსახური ან გასცემს მშენებლობის ნებართვას, ან არა. იმის მიხედვით, არის თუ არა დაცული კანონით დადგენილი მოთხოვნები.
მაგალითად, ექნება თუ არა (ახალი წესებით) კორპუსს სახანძრო სამაშველო ლიფტი, ლიფტის წინ არის თუ არა გათვალისწინებული თავშესაფრის ფართობი, სადაც მოხუცს შეუძლია შევიდეს და დაელოდოს, თუ ვერ გარბის, არის თუ არა ორი გასასვლელი გზაკიბე და ა.შ.
ოღონდ არქიტექტურის სამსახურის საქმე აქ სრულდება.
შემდეგ მერიის მხრიდან ერთვება მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც უფლებამოსილია, ეს შენობები ექსპლუატაციაში მიიღოს.
თემურ ბოლოთაშვილი ამბობს, რომ ჯერ სურვილი არსებობს იმისა, რომ გაჩნდეს რესურსი, არა მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელს აშენებული საცხოვრებელი კორპუსები შემოწმდეს სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ, საბჭოთა დროს აშენებული გაკონტროლდეს პერიოდულად მაინც:
„მაგრამ ეს ძალიან გლობალური პრობლემაა. აქ ცხადია ინფრასტრუქტურას არაფერი ეშველება უკვე, ვერ გამოსწორდება, მაგრამ შეიძლება მოსახლეობასთან მუშაობა, რომ თუ გამოჩნდება ისეთი პრობლემა, როგორიც, მაგალითად, ჩახერგილი სახანძრო კიბეა, ეგ გადაიჭრეს ადგილზევე ან დამონტაჟდეს დეტექტორი მაინც... ძველ შენობებზე ვართ ბედის ანაბარა და იმის იმედად, რომ თუ ხანძარი მაინც გაჩნდება, არ გავრცელდეს მაინც“.
მშენებლები: რასაც დაგვიკვეთენ, ისეთს ავაშენებთ, ჩვენ მხოლოდ შემსრულებლები ვართ
მშენებლები ამ პროცესში ბოლო ეტაპზე ერთვებიან - მათ უკვე დამტკიცებულ-შეთანხმებული პროექტი უჭირავთ ხელში და აშენებენ.
სამშენებლო კომპანია „იმპოსტის“ დირექტორი დავით ჩანტლაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ დღეს #41-ე დადგენილების თანახმად, ყველა 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ შეთანხმებული პროექტი ახალი წესების დაცვით უნდა აშენდეს - სხვა შემთხვევაში, თბილისის მერია ამ პროექტს უბრალოდ არ შეითანხმებს, თუმცა, მისი თქმით, ძალიან ბევრია ისეთი მიმდინარე მშენებლობაც, რომლის პროექტი შეთანხმებულია 2017 წლამდე, მაგრამ ინვესტორი შენობას ახლა აშენებს - ის კი, მოთხოვნილი სახანძრო უსაფრთხოების წესებს არ დაიცავს, რადგან, ჯერ ერთი, მას ამას კანონი არ სთხოვს და მეორე - ახალი რეგულაცია მშენებლობას დეველოპერს საკმაოდ უძვირებს.
მისივე თქმით, ადრე ამ მოთხოვნებს ფაქტობრივად არავინ აკმაყოფილებდა. ძველ კორპუსებში, დავით ჩანტლაძის სიტყვებით, სახანძრო უსაფრთხოების სისტემაზე საუბარიც კი ზედმეტია.
დღეს მოქმედი დადგენილება, სახანძრო უსაფრთხოების მხრივ, საკმაოდ ბევრი წესის დაცვას მოითხოვს. იმის მიხედვით, რამდენსართულიანია კორპუსი - ეს მოთხოვნებიც იცვლება, მაგრამ ძირითადი წესები, რომ კორპუსს უნდა ჰქონდეს ისეთი კიბე, რომელიც მეორე სადარბაზოს უკავშირდება, ან დამონტაჟდეს ჰიდრანტები ყველა სართულზე, რომ საჭიროა სადარბაზოების დაწნეხვის სისტემა და ა.შ., ეს აუცილებელი წესებია, რასაც ადრე ყურადღება არ ექცეოდა და ამ სისტემების გარეშეა აშენებული ძალიან ბევრი ახალი კორპუსიც თბილისში.
ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსი (სამწუხაროდ, ზუსტი რიცხვის მოპოვება ვერ შევძელით) თბილისში უბრალოდ ექსპლუატაციაში არ არის შესული, თუმცა ამ კორპუსში წლობით ცხოვრობს ხალხი, მათ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია და ცხადია, არანაირი სახანძრო უსაფრთხოების დაცვაზე იქ საუბარი არ არის.
„ასე ხშირად მომხდარა - ვიღაცას ჰქონდა მიწა, არქიტექტორს დაუკვეთა პროექტი, შემდეგ ეს მიწა კორპუსის პროექტთან ერთად მიჰყიდა დეველოპერს, დეველოპერმა ააშენა და გაყიდა. ეს მისთვის ბიზნესია - რაც იაფად ააშენებს, მით მეტს მოიგებს, ხოლო თუ მას სახელმწიფომ მკაცრად არ მოსთხოვა წესების დაცვა, ის თავისით ამას არ იზამს. ასე ხდებოდა წლები და ასე ხდება დღესაც იმ პროექტების შემთხვევაში, რომლებიც 2017 წლამდეა შეთანხმებული“, - ეუბნება დავით ჩანტლაძე რადიო თავისუფლებას.
დადგენილება არის, ინფრასტრუქტურა - არა
#41 დადგენილებას, რომელზეც ამყარებენ იმედებს მერიასა და სხვა სახელმწიფო სამსახურებში, მკაცრად აკრიტიკებს ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ექსპერტი დავით ჩიჯავაძე, რომელიც ამბობს, რომ ეს დადგენილება არის ე.წ. ამერიკული სახანძრო კოდექსის NFPA 101-ის კოპირება და არ შეესაბამება საქართველოს რეალობას, აქ არსებულ ინფრასტრუქტურას.
„ეს არის უცხო ქვეყნის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც გადაითარგმნა და ქართულ რეალობას მოერგო. ამერიკაში, სადაც არის ეს დოკუმენტი დაწერილი, ორსართულიან სახლებსაც კი მოეთხოვება სახანძრო უსაფრთხოება და, შესაბამისად, იქ ამის მიხედვითაც არის ყველაფერი მოწყობილი. აქ კი, ჩვენთან რაზეა ლაპარაკი, როცა ჰიდრანტებში შესაბამისი წნევაც კი არ იქნება იმდენი, რომ ზემო სართულებზე წყალმა ააღწიოს. ვგულისხმობ, მაგალითად, ისეთ ქალაქს, როგორიც რუსთავია. ან, თუ გნებავთ, საქართველოს სხვა პერიფერიულ ქალაქებს“.
დავით ჩიჯავაძე ამ დადგენილების კრიტიკისას შენიშნავს, რომ თბილისში, სახანძრო მანქანა ბოლო წლებში აშენებული კორპუსების შემოვლასაც კი ვერ ახერხებს, ისე ახლოს დგას ისინი ერთმანეთთან:
„ამიტომ ვამბობ, რომ ჯერ უნდა შეაფასო, რა ინფრასტრუქტურა გაქვს ამ ქვეყანაში, და მერე მიიღო კანონი. დავუშვათ, კორპუსში დამონტაჟდა საშხეფი სისტემა, ვინმემ იცის, რამდენად კონტროლდება შემდეგ ეს სისტემა? მუშაობს თუ არა? რამდენმა გააუქმა ეს სისტემა, ვიცით? არა. მე კი არაერთი შემთხვევა ვიცი, როცა უბრალოდ გათიშულია კორპუსებში კვამლის დეტექტორები და ეს პრობლემის მხოლოდ ერთი დეტალია“.
დავით ჩიჯავაძე ასევე ამბობს, რომ გადასახედია ქვეყანაში მოქმედი #370-ე დადგენილებაც, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების წესებს არეგულირებს. ამ დადგენილების დასაწყისში, მისი თქმით, წერია, რომ ქვეყანამ უნდა იმოქმედოს ევროკავშირის ქვეყნების გაიდლაინებით, ხოლო დანართში პირდაპირ მოთხოვნილია იმ ცეცხლმაქრების გამოყენება, რომლებიც მსოფლიოში 1996 წლიდან არის აკრძალული:
„იმას ვამბობ, რომ ჩვენ დღეს ამ დადგენილებაში პოსტსაბჭოთა დანართი გვიდევს დოკუმენტად. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ საქართველოში საერთოდ არაფერი იციან იმაზე, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ხანძრის დროს. რა არის, მაგალითად, შიდა გამაგრება და რომ ყოველთვის გარეთ გამოსვლა არც შეიძლება. ამ მხრივაც საქართველოში განათლება არის ნულის ტოლი და ცხადია, ზედმეტია ლაპარაკი რაიმე სახანძრო უსაფრთხოების სისტემებზე“, - უთხრა დავით ჩიჯავაძემ რადიო თავისუფლებას.
ჩვენ სახანძრო უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტსაც ველაპარაკეთ, თბილისში მოქმედი ერთ-ერთი კერძო კომპანიიდან (მან ვინაობის საჯაროდ დასახელება არ ისურვა), რომელმაც გვითხრა, რომ ყველა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ბოლო წლებში აშენებულ იმ კორპუსებში, რომლებიც მერიის მიერ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, დენი და გაზი უბრალოდ უნდა ჩაიჭრას, რაც, მისი თქმით, არ მოხდება. ასეთი კორპუსების შემოწმებაც კი დღეს არარეალურია, რადგან ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს.
რაც შეეხება საბჭოთა პერიოდში აგებულ კორპუსებს, იქ ვითარება კიდევ უფრო მძიმეა. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ მას არასოდეს არსად უნახავს ე.წ. სპრინკლერების სისტემაც კი, რომლის დაყენება ამერიკაში 130 წლის წინ დაიწყეს.
რაც შეეხება #41 დადგენილებას, ის შეიძლება მხოლოდ პატარა ნათელ წერტილად მოვიაზროთ იმ სამშენებლო ქაოსში, სადაც სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არასოდეს ყოფილა დაცული.