ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვების გამოყვანა დაწყებულია - ზრუნვის სააგენტო
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით ნინოწმინდის პანსიონიდან დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გაყვანა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. გუშინ პანსიონი კიდევ ხუთმა ბავშვმა დატოვა, საერთო ჯამში კი იქიდან 20 ბავშვია ამ დრომდე გამოყვანილი. მათგან შვიდი შშმ ბავშვია.
სააგენტოს მტკიცებით, არასრულწლოვნებისთვის ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფორმები უკვე მოძიებულია. ეს ეხება ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას.
ადგილზე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ჯგუფი, როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში, განაგრძობს მუშაობას.
5 ივნისს, სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სარჩელი და გადაწყვიტა, რომ ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ შშმ ბავშვებმა.
PHR-ის მტკიცებით, მოსამართლე ივანე ღლონტი დაეთანხმა პანსიონში სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის არსებობას, რის გამოც მისი გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს პანსიონში მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე. საპატრიარქო ამ განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
კვირას 40-მდე ორგანიზაციამ და ბავშვთა საკითხების სპეციალისტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ბავშვებისათვის დაცული, უსაფრთხო, მათი განვითარებისა და გადატანილ სტრესთან გამკლავებისთვის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფა. ისინი მოითხოვენ ყველანაირი ძალისხმევა მიემართოს ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებისკენ, ამისთვის კი საჭიროა ოჯახების ხელშეწყობასა და გაძლიერებაზე ზრუნვა.
ამ თემაზე ასევე ნახე:
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ფრაქცია ენმ-ის რეგისტრაციის საკითხს განიხილავს
ამ კვირაში ენმ-ს პარლამენტში ელოდებიან. დღეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
ფრაქციაში 32-წევრი იქნება და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. თავმჯდომარის მოადგილეები კი იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ამრიგად, ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება პარლამენტში.
იგივე კომიტეტი დღეს იმსჯელებს კიდევ ერთი ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ რეგისტრირების საკითხზე, რომელიც 7 წევრისგან შედგება (გიორგი ვაშაძე, თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, ხათუნა სამნიძე, ზურა ჯაფარიძე, ტარიელი ნაკაიძე და გრიგოლ ვაშაძე).
დღესვე რეგისტრაციას გაივლის პარტია „ევროპელი სოციალისტები“. მეათე მოწვევის პარლამენტისთვის შემუშავებული ცვლილებების საფუძველზე ეს სამ კაციანი პარტია იმავე უფლებებით ისარგებლებს რითაც საპარლამენტო ფრაქციები სარგებლობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შეხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ შეხვედრებს დღეს დილიდან იწყებს.
ფილიპ რიკერი თავდაპირველად მედია ადვოკატირების ჯგუფების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.
დაგეგმილია შეხვედრები პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთანაც. მედიის კითხვებს ფილიპ რიკერი საღამოს პრესკონფერენციაზე უპასუხებს. დღის ბოლოს კი ოპოზიციასთან გამართავს შეხვედრას.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტი 13 ივნისს დასრულდება და მისი მიზანი ორმხრივი და რეგიონალური პრიორიტეტების ხელშეწყობა და რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა იქნება.
ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებს თვალი ადევნე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.
პუტინთან სამიტის წინ, ბაიდენი საუბრობს დემოკრატიული ღირებულებების დაცვაზე
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ის მისწრაფება, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, მკაფიო იქნება სამიტზე, რომელსაც ის მომავალ კვირაში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართავს.
16 ივნისს დანიშნული სამიტისთვის განწყობის შექმნა ბაიდენმა სცადა წერილის გამოქვეყნებით, რომელშიც აღნიშნავს, რომ პუტინთან შეხვედრამდე ის რამდენიმე დღის განმავლობაში გამართავს მოლაპარაკებას აშშ-ის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან - "მათთან, ვინც მსოფლიოს უყურებს იმავე პერსპექტივიდან, როგორც აშშ".
აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს
მაშველებმა აბასთუმანში დაკარგული 7 ახალგაზრდა იპოვეს.
„ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.
7 ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი აბასთუმნის ტყე-პარკში რამდენიმე დღის წინ წავიდა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
მაშველების თქმით, ზეკარის უღელტეხილიდან საირმისკენ მიმავალ ახალგაზრდებს ნისლში გზა აებნათ.
ქართველი ქალები კომპიუტერულ ტექნოლოგიებში - როცა სხვების ცხოვრებასაც ცვლი
ანა რობაქიძე, მაკა მახათაძე და ანანო დოლაბერიძე, მოკლედ რომ ვთქვათ, არიან ქალები, რომლებიც კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში თავიანთი საქმიანობით სხვებს ეხმარებიან განვითარებაში. მათ ამის გამო გრეის ჰოპერის ჯილდო მიიღეს სხვადასხვა ნომინაციაში.
27 წლის ანა რობაქიძემ მომავლის ლიდერის კატეგორიაში გაიმარჯვა, ის 2018 წელს ფორბსის 30 Under 30-ის სიაშიც მოხვდა.
პროგრამირება 13 წლიდან დაიწყო - მაშინ, როცა არც გუგლის გამოყენება იცოდა და არც იუთუბის არსებობა იყო მისთვის ცნობილი. მან ცდისა და შეცდომის მეთოდით თავისი ვებსაიტი შექმნა.
„გაფუჭებით ვისწავლე“ - ვნახულობდი ჩემს მოქმედებებს რა ცვლილება მოჰყვებოდა და ეგრე გავიგე პროგრამირების HTML ენა. მომწონდა, რომ კოდით შემეძლო ლამაზი პროდუქტი შემექმნა.
ზაფხულში ეზოში ყოფნას მერჩივნა კომპიუტერთან ჯდომა. იმდენად მსიამოვნებდა ეს პროცესი, რომ ჭამა და წყლის დალევა მავიწყდებოდა. დედაჩემი პერიოდულად შემოდიოდა და ნახულობდა, ცოცხალი ვიყავი თუ არა, იმდენად მიტაცებდა ამის კეთება“.
პირველი საიტის შემდეგ მიხვდა, რომ ეს იყო საქმე, რომლის კეთებაც მთელი ცხოვრება უნდოდა.
წაიკითხე მეტი ანი ბურდულის სტატიაში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბაიდენი, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურს სთხოვს 3 თვის განმავლობაში წარმოუდგინოს დასკვნები კოვიდის წარმომავლობის შესახებ. ბაიდენმა ასევე მოუწოდა ჩინეთს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რომელმაც უნდა დაადგინოს, საიდან გაჩნდა კოვიდი. რატომ მოექცა კოვიდის წარმოშობის ე. წ. "ლაბორატორიის თეორია" მედიის ყურადღების ქვეშ მაინცდამაინც ახლა? - ამ კითხვაზე გვიპასუხებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე.