ანა რობაქიძე, მაკა მახათაძე და ანანო დოლაბერიძე, მოკლედ რომ ვთქვათ, არიან ქალები, რომლებიც კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში თავიანთი საქმიანობით სხვებს ეხმარებიან განვითარებაში. მათ ამის გამო გრეის ჰოპერის ჯილდო მიიღეს სხვადასხვა ნომინაციაში.
გრეის ჰოპერის ჯილდო
გრეის ჰოპერი, ამერიკელი პროგრამისტი, ერთ-ერთი პირველი კომპიუტერული მეცნიერი ქალია. ის მათემატიკოსი და, ასევე, წარმატებული საზღვაო ოფიცერი იყო. მისი სახელობის ჯილდო ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების - ICT - სფეროში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ TBC ბანკთან, მაშავის ცენტრსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შედეგად დაწესდა.
27 წლის ანა რობაქიძემ მომავლის ლიდერის კატეგორიაში გაიმარჯვა, ის 2018 წელს ფორბსის 30 Under 30-ის სიაშიც მოხვდა.
პროგრამირება 13 წლიდან დაიწყო - მაშინ, როცა არც გუგლის გამოყენება იცოდა და არც იუთუბის არსებობა იყო მისთვის ცნობილი. მან ცდისა და შეცდომის მეთოდით თავისი ვებსაიტი შექმნა.
„გაფუჭებით ვისწავლე“ - ვნახულობდი ჩემს მოქმედებებს რა ცვლილება მოჰყვებოდა და ეგრე გავიგე პროგრამირების HTML ენა. მომწონდა, რომ კოდით შემეძლო ლამაზი პროდუქტი შემექმნა.
ზაფხულში ეზოში ყოფნას მერჩივნა კომპიუტერთან ჯდომა. იმდენად მსიამოვნებდა ეს პროცესი, რომ ჭამა და წყლის დალევა მავიწყდებოდა. დედაჩემი პერიოდულად შემოდიოდა და ნახულობდა, ცოცხალი ვიყავი თუ არა, იმდენად მიტაცებდა ამის კეთება“.
პირველი საიტის შემდეგ მიხვდა, რომ ეს იყო საქმე, რომლის კეთებაც მთელი ცხოვრება უნდოდა. იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიეღწია, მიზნად დაისახა მოხვედრილიყო სილიკონის ველზე - იქ, სადაც გუგლი და სხვა მსხვილი კორპორაციებია, ანუ ამერიკაში. ამისთვის ჯერ ინგლისური უნდა ესწავლა და ისწავლა კიდეც, თან ისე, რომ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩააბარა და დაფინანსებაც მოიპოვა. ქალი პროგრამისტების დეფიციტი არა მხოლოდ საქართველოშია, არამედ ამერიკაშიც. იმის დასამტკიცებლად, რომ შეეძლო ღირსეული კონკურენცია გაეწია ბიჭებისთვის, სწავლობდა იმაზე უკეთ, ვიდრე სხვები.
„უნივერსიტეტში ძალიან ცოტა გოგო ვიყავით პროგრამირებაზე. იყო საგნები, სადაც ერთი გოგო ვიჯექი აუდიტორიაში და თუკი, ზოგადად, ლექტორი ამბობდა „ქალბატონებო და ბატონობო“, ჩემს შემთხვევაში ლექტორი ამბობდა, „ანა და ბატონებო“. ეს, ერთი მხრივ, კარგი იყო, რომ ვახსოვდი ყველა ლექტორს, მაგრამ, მეორე მხრივ, პასუხისმგებლობას მაკისრებდა, რომ ყველაზე კარგად მესწავლა, რადგან თუკი სხვისი სახელი დაავიწყდებოდა ლექტორს, მე სულ ყურადღების ცენტრში ვიყავი“.
ანას თქმით, სტერეოტიპულ და დისკრიმინაციულ ფრაზებს ამერიკაშიც გაიგონებთ და საქართველოშიც, მაგალითად, „ქალი პროგრამისტი კარგი არ იქნება“. „სხვათა შორის, ერთხელ საქართველოში როდესაც ერთ მასწავლებელს ვუთხარი, რომ პროგრამისტობა მინდოდა, მითხრა, რაც არ უნდა ეცადო, ვერადროს იქნები ისეთი კარგი პროგრამისტი ან მეცნიერი, როგორც კაციო.
ძალიან ცუდია ესეთ რამეს რომ გეუბნებიან, მაგრამ როგორც ვთქვი, ძალიან ჯიუტი ვარ და არ ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა ძალიან კარგი ვიქნებოდი თუ ძალიან ცუდი, მე უბრალოდ ძალიან მომწონდა ის რასაც ვაკეთებდი”
შემდეგ თავისი მონდომებით და „სიჯიუტით“ მოხვდა იქ, სადაც ბებია ბავშვობაში უბიძგებდა: „აი, ბებო, ამერიკაშია გუგლი და შენ იქ უნდა იყოო“.
„დიდი კონკურენცია იყო და შერჩევისას ბევრი ეტაპი გავიარე. ცოდნასთან ერთად ამოწმებენ, რამდენად შეეწყობი ახალ გარემოს, პროგრამისტების ჯგუფს, და, ასევე, ალბათ, დაინახეს ჩემი მოტივაცია და სურვილი ვყოფილიყავი მათთან. როდესაც საქართველოდან კალიფორნიაში, სილიკონ ველზე, გამაგზავნეს სტაჟირებაზე, ეს იყო ჩემთვის საოცარი გამოცდილება, რადგან მოვხვდი „ტექნოლოგიების დისნეილენდში“. ერთი კვირა ყველაფერზე მეღიმებოდა.
მუშაობისას რამე თუ არ გესმის, მენტორი გიხსნის. სამუშაო დატვირთვა ისეთია, რომ მეტი თავისუფლება გეძლევა. სადაც არ უნდა წახვიდე, პინგ-პონგის მაგიდას, კაფეებს, რესტორნებს, აუზებს ხედავ თვითონ გუგლის შიდა სივრცეში. ფაქტობრივად, გგონია, მთელი ცხოვრება მანდ არის. დილიდან წასული გვიან ღამე შეიძლება დაბრუნდე, მაგრამ ვერ იგრძნო, რომ მუშაობ“.
ახლა ტექნოლოგიური კომპანია Clientela-ს ინჟინერიის მიმართულების ხელმძღვანელია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პროგრამისტების ჯგუფს უძღვება და ახლა უკვე საქართველოშიც. მან ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ საქართველოში იყო იმის პოტენციალი, რომ კვალიფიციურ პროგრამისტებს დისტანციურად ემუშავათ. ანამ ამერიკული გამოცდილებით საქართველოში დააფუძნა კომპანია Clientela, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს ბრენდებთან, როგორებიცაა „გუჩი“, „კარტიე“, „მარკ ჯეიკობსი“და სხვა.
„ კომპანიამ ნახა, რამდენად წარმატებულად ართმევენ თავს საქმეს საქართველოს ჯგუფის წევრები. აქ 7 ადამიანი ვართ ჯერ, მაგრამ იმდენად დიდი წვლილი აქვს კომპანიაში მათ მუშაობას, რომ ნამდვილად გვინდა, რომ მალე გაიზარდოს ეს რიცხვი და მომავალში ჩემი მიზანია, ისე გავიზარდოთ, რომ Clientela-ს პროგრამისტების მთელი ჯგუფი საქართველოში იყოს. ამ ეტაპზე კი, ჯამში, 30-მდე პროგრამისტი მუშაობს ნიუ-იორკში, პარიზსა და თბილისში”.
ანას აზრით, სწორედ მრავალფეროვნება იძლევა ადამიანებისა და კომპანიების განვითარების შანსს, ამიტომ ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი ჩართოს კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში.
კატეგორიაში ICT სფეროს ჩემპიონი წარდგენილი იყვნენ ის ქალები, რომელთაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გადაწყვეტილების მიმღები პოზიცია უჭირავთ და სხვებს კარგ მაგალითს აძლევენ. ასე შეაფასეს მაკა მახათაძე, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი. მაკა 90-იან წლებში კვანტური ფიზიკის შესწავლიდან კომპიუტერული ენის სწავლაზე გადავიდა და 25 წელია, კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროშია.
„მეორე კურსზე ვიყავი, დედამ პირველი კომპიუტერი რომ მიყიდა. პენტიუმებიც არ იყო მაშინ, მაგრამ ფოტოშოპი და დიზაინის პროგრამები არსებობდა. პასკალს, სხვა პროგრამულ ენებს ვსწავლობდით და ვცდილობდი ვებდიზაინი შემექმნა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის“.
კომპანია „ინტელში“ 9 წელი მუშაობდა. საქმიანობის დაწყებიდან მალევე ბიზნესის განვითარების დირექტორად დანიშნეს ამიერკავკასიში. მთელ წელს ჰაერში ატარებდა. მისი წვლილია იმაში, რომ სკოლის მოსწავლეებს „ინტელის“ ბუკები დაურიგეს სკოლებში. 2015 წლიდან კი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება გადაწყვიტა. გახდა თანადამფუძნებელი და დირექტორი IT Academy Step-ის ქართული ფილიალისა, სადაც პროგრამირებას 1000-მდე სტუდენტი სწავლობს, თუმცა, მაკას აზრით, ვიწრო სპეციალობით საქმიანობა დღეს არ რის საკმარისი.
„2020 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა პროგნოზი, რომ 2023-2025 წლისთვის მსოფლიოში 75 მილიონი სამუშაო ადგილი გაქრება და, სამაგიეროდ, შეიქმნება113 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც მოითხოვს ბევრ უნარს ტექნოლოგიურ სფეროში.
ნომერ პირველი მოთხოვნაა ციფრული წიგნიერების დონე აიმაღლოს საზოგადოებამ. ჩვენ ხომ ყველას გვგონია, რომ, აი, ბავშვი კომპიუტერთან ზის, თვალებს გაიფუჭებს, ბეჭებში მოიხრება, საშინელებაა! - საშინელება კი არა, პირიქით, მშობელმა, ჯობია, იფიქროს, რომ ბავშვმა თამაშის მაგივრად სასარგებლოდ გამოიყენოს დრო და ონლაინ რესურსები. თუ არ ექნება ადამიანს მოქნილი უნარები (კრიტიკული აზროვნება, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი, გუნდურობა, ლიდერობა და ა.შ.), მარტო საგნის ცოდნა არ გამოადგება. პროგრამირებაში დამატებით შემოდის პროექტების მენეჯმენტი - არა როგორც პროფესია, არამედ უნარი“.
Your browser doesn’t support HTML5
იმის გამო, რომ მომავალი პროგრამისტების აზრით, მათი საქმე მხოლოდ პროგრამირებაა, მაკას მეტი ძალისხმევა სჭირდება იმისთვის, რომ მენტორებიცა და სტუდენტებიც დაარწმუნოს ადამიანის საჭიროებებში და დაანახვოს მრავალმხრივი განვითარების პერსპექტივები.
„მირჩევნია ვიბრძოლო სტერეოტიპის დამსხვრევისთვის და გავუძლო ზეწოლას ხალხის მხრიდან, რადგან ვიცი, რომ სწორად ვაკეთებ. სტუდენტები 6 თვის მერე მადლობას მიხდიან და მეუბნებიან, რომ მართალი ვიყავი, რომ ვასწავლიდი. მერე ხვდებიან, რაში სჭირდებათ საფუძვლიანი და მრავალმხრივი ცოდნა”.
ანანო დოლაბერიძე ტექნოლოგიური სტარტაპის კატეგორიაშია გამარჯვებული. მოდის ინდუსტრიაში 12-წლიანმა გამოცდილებამ, ფეშენ ბლოგერობამ, ჟურნალების მოდის რედაქტორობამ, მოდის კვირეულის ორგანიზატორობამ, ბიზნესგანათლებამ საკუთარი სტარტაპის შექმნამდე მიიყვანა. 2019 წლიდან ანა ონლაინ შოპინგის ციფრული პლატფორმა Phubber-ის თანადამფუძნებელია. შექმნეს იმისთვის, რომ მომხმარებლებმა აპლიკაციის მეშვეობით იყიდონ და გაყიდონ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და თავის მოვლის პროდუქტები. გარდა იმისა, რომ კომპანიის ერთ-ერთი მმართველი ქალია, ანანო ცდილობს სხვებსაც შეუწყოს ხელი, რომ იყვნენ ძლიერნი და ეკონომიკურად დამოუკიდებელნი.
„ქალების დიდი პროცენტი არ არის ეკონომიკურად აქტიური და ვთვლით, რომ ეს უნდა შეიცვალოს - მაგალითად, ფაბერზე გაყიდონ და ამით მიიღონ ფინანსური შემოსავალი. კომპანიის შიგნითაც ვცდილობთ მეტი ქალი, გოგო ჩავრთოთ ჩვენს ამ პროცესში. მაგალითად, პირველად თანამშრომლად კურიერები რომ ავიყვანეთ, 2 ქალი დავასაქმეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პარტნიორი კაცია, ისიც ასე ფიქრობს კადრების არჩევისას. დღეს 41 თანამშრომლიდან 32 ქალია“.
ანანო იმ სტერეოტიპებს უსვამს ხაზს, რომლებიც ქალებს საქმის დაწყებაში უშლით ხელს. ამბობს, რომ სულაც არ არის აუცილებელი პროგრამებს წერდე, იმისთვის რომ ტექნოლოგიურ სფეროში იყო. მთავარია, დაინტერესდე და ნელ-ნელა ყველაფერს ისწავლი.
„საერთოდ, ვერ ვერკვევი კოდის წერაში და შეიძლება ბევრ სხვა ტექნიკურ დეტალში, მაგრამ ვქმნი ტექნოლოგიურ კომპანიას. მთავარია, სწორი ხალხი გყავდეს გვერდით.
2 წლის წინ რომ მახსენდება ჩემი თავი და დღეს, ტვინი მომართული მაქვს ისე, რომ სულ ვფიქრობ ტექნოლოგიურად როგორ გავაციფრულოთ და განვავითაროთ ჩვენი პროდუქტი. იმდენი გამოწვევებით არის აღსავსე ტექნოლოგიები და სიახლეებით, რომ საზღვრები არ არსებობს. როცა ვფიქრობთ, სად შეიძლება გავჩერდეთ და დავისვენოთ, თუნდაც 2 დღე, ამ მომენტს ძალიან შორეულ პერსპექტივაში განვიხილავთ. ჩემი აზრით, ტექნოლოგიები უფრო სასიამოვნოა, ვიდრე, თუნდაც, სხვა სფეროში მუშაობა“.
ანანო აღნიშნავს, რომ რა პროფესიისაც არ უდა იყოს ადამიანი, ნებისმიერი პროდუქტის “გაციფრულება” შეიძლება. მაგალითად, შეიძლება ნამცხვრებს აცხობდეთ და ონლაინ მაღაზია გააკეთოთ.
სამივე ქალს სჯეროდა და სჯერა იმის, რასაც აკეთებს, მუშაობის პროცესში კი ვითრდებიან და ახალ გზებს ეძებენ, როგორ აუწყონ ფეხი ტექნოლოგიებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იცვლება.