ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის შესახებ ილაპარაკა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. როგორც ის აღნიშნავს, ომბუდსმენს ჰქონოდა შესვლის სურვილი და აქ გამოხატა წინააღმდეგობა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა. დეპუტატის თქმით, სხვა შემთხვევაში მას წინააღმდეგობაა არ გამოუხატავს.
„მაგრამ როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებს და კონსტიტუციურ ორგანოებს ეხება საქმე, ყველას უნდა ჰქონდეს, შესვლის საშუალება“, - განაცხადა კობახიძემ.
შეკითხვაზე, „თქვენ ძალიან რბილ განცხადებას აკეთებთ მეუფე სპირიდონთან დაკავშირებით, ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ საპატრიარქოსთან?“ კობახიძე პასუხობს: „საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭება რომ არ გვსურს, ეს მემგონი ცალსახაა და ასეც უნდა იყოს“.
ირაკლი კობახიძის თქმით, ხისტი განცხადებები არ არის საქმისთვის გამოსადეგი.
„ჩვენთვის მთავარია, ჩავეძიოთ, შევისწავლოთ, არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი, ბავშვებს, როდესაც ეხება თემა; საკითხი არის ძალიან მგრძნობიარე, როდესაც ეკლესიას ეხება თემა, ამ შემთხვევაშიც არის ძალიან მგრძნობიარე. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა განსხვავებით სხვა სუბიექტებისგან“, - აღნიშნა მან.
როგორც კობახიძე ამბობს, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ნინოწმინდის პანსიონატში რაიმე სისტემური ძალადობა ხდებოდა.
ასევე ნახეთ გოჩა, იგივე გრიგოლი, იგივე მეუფე სპირიდონი - პანსიონატის ბოქლომისახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცნობით, ნინოწმინდის პანსიონატის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა.
ორი დღის წინ, ნინო ლომჯარიამ სამართალდამცავი უწყებებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადა, რომ 4 გამოძიებაა დაწყებული ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე.
3 ივნისს რადიო თავისუფლებას პანსიონში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე უამბო 19 წლის ბიჭმა, რომელმაც პანსიონი 15 წლის ასაკში დატოვა.