გოჩა, იგივე გრიგოლი, იგივე მეუფე სპირიდონი - პანსიონატის ბოქლომი

გოჩა აბულაძე - ეს 71 წლის მაღალყოვლადუსამღვდელოესი სპირიდონის, სხალთელი მთავარეპისკოპოსის საერო სახელია. სწორედ „გოჩა აბულაძის“ სახელით დარეგისტრირებულმა ფეისბუკმომხმარებელმა გამოაქვეყნა 4 ივნისს სოციალურ ქსელში ე.წ. ლაივ-ვიდეოები, რომლებშიც ნინოწმინდის პანსიონატში მცხოვრები რამდენიმე არასრულწლოვანია აღბეჭდილი.

რა არის ასახული ვიდეოკადრებში?

მეუფე სპირიდონი, რომელსაც წლებია გამოკეტილი აქვს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის კარი და იქ შესვლის უფლებას არ აძლევს არც სახალხო დამცველსა და არც უფლებადამცველებს, პანსიონატის არასრულწლოვან ბენეფიციარებთან ერთად მაგიდასთან ზის. ბავშვები მეუფე სპირიდონის შეკითხვებს პასუხობენ: სურთ თუ არა, რომ ისინი სოციალურმა მუშაკებმა პანსიონატიდან წაიყვანონ; რა ბედი ეწიათ იმ ბავშვებს, რომლებიც 3 ივნისს, პანსიონატიდან გადაიყვანეს. კადრში ჩანს, რომ ბავშვები არიან დათრგუნულები. მათგან ერთ-ერთი ტირის.

Your browser doesn’t support HTML5

ნინოწმინდის პანსიონში გადაღებული კადრები

გარდა ამისა, ვიდეოზე ასახულია, როგორ უკავშირდება სხალთელი ეპისკოპოსი ტელეფონით ბავშვების მშობლებსაც, რომლებიც მეუფე სპირიდონს ეუბნებიან, რომ კატეგორიული წინააღმდეგნი არიან, ბავშვები პანსიონატიდან სხვა სივრცეში გადაიყვანონ:

მშობელი: „მეუფეო, თქვენი შეწევნით, როგორღაც შევძლებთ, რომ მაგათგან დავიცვათ ეს ბავშვები“.

მეუფე სპირიდონი: „ღმერთმა დაგლოცოთ, ე.ი. ჩვენ არ გავატანთ“.

პანსიონატში მცხოვრები არასრულწლოვნები „გოჩა აბულაძის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობენ, რომ მათ პანსიონატიდან წასვლა არ სურთ: „გუშინ რომ ბავშვები წაიყვანეს, უთხრეს, რომ ერთად იქნებოდნენ და და-ძმები დაშორებულები არიან ახლა ერთმანეთს... თვითონ მოგვწერეს. იმ ბავშვებს ისევ აქ უნდათ მობრუნება“.

რა ხდება პანსიონში ამ დროის მონაცემებით?

4 ივნისის საღამოს მონაცემებით, ნინოწმინდის პანსიონატში სოციალური მუშაკები, რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები და სამართალდამცავები არიან შესულები.

სოციალური მუშაკები ბენეფიციართა მდგომარეობას სწავლობენ. მიმდინარეობს ასევე ბავშვების ზრუნვის ფორმის, ანუ ბენეფიციართა ნაწილის პანსიონატიდან გაყვანის საკითხის განხილვაც. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განცხადებით, ექვსი ბენეფიციარი სააგენტომ მათი სურვილით გადაიყვანა პანსიონატიდან „ზრუნვის სხვა ფორმაში“. მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 10 ბენეფიციარის გადაყვანის საკითხზე. ამ დროისათვის, პანსიონატში 6-დან 18 წლამდე, 47 ბენეფიციარი ირიცხება.

პარალელურად, პანსიონატში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ სამართალდამცავები. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს:

„ამ წუთებშიც მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვა. საქმეში ჩართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ჯანდაცვის სოციალური სამსახური - სოცმუშაკები და ფსიქოლოგები. მიმდინარეობს ამ ადამიანების გამოკითხვა. გუშინვე დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში, ახლაც მიმდინარეობს საპროცესო მოქმედებები, კონკრეტული პირების გამოკითხვა და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს".

რამ მიიყვანა სახელმწიფო სტრუქტურები პანსიონატში?

ნინოწმინდის პანსიონატი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონატში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

ასევე ნახეთ ოპოზიცია, ხელისუფლება, აქტივისტები, ომბუდსმენი - ვინ გახსნის ნინოწმინდის ჩარაზულ კარს?

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, შეიძლება ითქვას, რომ ომბუდსმენის 2 ივნისის განცხადება იქცა საზოგადოების ნაწილის აღშფოთების მიზეზად. საპატრიარქო და შინაგან საქმეთა სამინისტრო კი იძულებულნი გახდნენ, ძალადობისა და გაუპატიურების მუხლებით მიმდინარე გამოძიებებზე განცხადებები გაეკეთებინათ.

ჯერ საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, ჩვენ არაფერი ვიცოდით მსგავსი ფაქტების შესახებ და შსს-მ გაასაჯაროოს, რა საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება, რათა ნათელი მოეფინოს საკითხს და „ადგილი არ ჰქონდეს სპეკულაციებსო“.

შსს-მაც არ დაახანა, საპატრიარქოს მოწოდება „არ გააცია“ და რამდენიმე წუთში, საპასუხო განცხადება მიაგება მათ. უწყებამ განმარტა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე უზრუნველყო და განახორციელა საქმის გარემოების დადგენისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარება. სამინისტროს ცნობით, თითოეულ საქმეზე გამოკითხულია არაერთი მოწმე, ჩატარებულია ექსპერტიზა და სხვა მოქმედებები. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ამ ეტაპზე საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი“.

მეუფე სპირიდონი, რომელსაც 2004 წელს, ჯერ კიდევ დეკანოზ გრიგოლის სახელით მოღვაწე სასულიერო პირს დაავალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჯავახეთში, ნინოწმინდაში, ბავშვთა სახლის შექმნა, უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

მისგან მხოლოდ ის ვიცით, რომ, მაგალითად, სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონატში „ვერასდროს შევლენ“, მხოლოდ მაშინ, თუკი „მის გვამზე გადაივლიან“. ამის შესახებ ის ჯერ კიდევ აპრილში აცხადებდა და მიზეზსაც განმარტავდა: „არ შევუშვით იმიტომ, რომ ეს არის ხალხი, რომელიც ითხოვს ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას! მაგ ხალხის შეშვება არ შეიძლება ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში. წაბილწავენ იქაურობას“.

ნინოწმინდის პანსიონატში 3 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტები შევიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებმა ჟურნალისტებთან საუბრისას, მათზე ძალადობის ფაქტები ვერ დამალეს, პირდაპირ ამბობდნენ, რომ პანსიონატში ადგილი აქვს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და მათ შორის, ერთ-ერთი ბოლო მსგავსი ფაქტი პირველ ივნისსაც მოხდა, ბავშვები ამბობენ, რომ ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ აქვს მეუფე სპირიდონს და ძალადობის შემთხვევები მთლიანად პანსიონატის აღმზრდელების პასუხისმგებლობაა:

„ტელევიზორთან რომ ვისხედით, შემოგვადებდნენ მასწავლებლები ფეხებს და გვაკეთებინებდნენ მასაჟს... ლოგინის თავზე დამარტყმევინეს თვალი... მაგალითად, ზედამხედველს თუ ეტყოდი შენი მასწავლებლის შესახებ რამეს, ის ხომ მისცემდა საყვედურს, მაგრამ რომ გავიდოდა, უარესს აკეთებდა. შეშინებულები ვიყავით და ვერაფერს ვამბობდით მეუფესთან. მაგალითად, მე თვალი მქონდა დალურჯებული და „პუდრი“ წამისვეს, რომ არ გამოჩენილიყო“.

არის თუ არა გოჩა აბულაძე ნასამართლევი?

ინფორმაცია მეუფე სპირიდონის ნასამართლობის შესახებ, ინტერნეტსივრცეში, სხვადასხვა ფორუმსა და პლატფორმაზე, ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის 80-იან წლებში, ორჯერ იყო ნასამართლევი. მათ შორის ერთი საქმე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადიოდა.

ინფორმაცია გოჩა აბულაძის ნასამართლობის შესახებ, სახალხო დამცველის ოფისმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიმდინარე წლის აპრილში გამოითხოვა. ეკა სხილაძე, ომბუდსმენის მოადგილე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სახალხო დამცველის ოფისი ამ საკითხს სწავლობს, თუმცა, მეტი დეტალის გასაჯაროებისგან ისინი, ამ ეტაპისთვის, თავს იკავებენ.

რადიო თავისუფლებამ შსს-ს მიმართა კითხვით, მეუფე სპირიდონის წარსულში სავარაუდო ნასამართლობის შესახებ. უწყების პრესსამსახურის განმატებით, ინფორმაციის მისაღებად, მათ ოფიციალური წერილით უნდა მივმართოთ.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სჯულის კანონის თანახმად, პირი, რომელიც მძიმე დანაშაულშია მხილებული, არ შეიძლება იყოს სასულიერო პირი და მათი სასულიერო პირად კურთხევა აკრძალულია. თუმცა, მას არ უკვირს, რომ, სავარაუდოდ, მძიმე დანაშაულში მხილებული პირი, დღეს მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირია:

„ჩვენთან ეს აკრძალვები საერთოდ არ მოქმედებს, რადგან ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ახდენდა ეკლესიის ფორმირებას და ჩვენ დღეს ამ შედეგს ვიმკით. თავიდან ბოლომდე "კგბ" ქმნიდა, აკონტროლებდა და ავსებდა ეკლესიას. ეს ყველასთვის ნათელია. აქ რა რჯულის კანონსა და რა თეოლოგიაზეა ლაპარაკი. დღესაც, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ამ ანტიადამიანური ექსპერიმენტის ნარჩენია საპატრიარქოსა და სასულიერო პირების უმრავლესობის სახით“.

ბექა მინდიაშვილს არ უჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატი ნამდვილად შეიძლება იყოს ძალადობის ადგილი. ასე ფიქრის საფუძველს მას აძლევს სხალთელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მსოფლმხედველობა და მისი ე.წ. ცნობილი გამონათქვამები, იქნება ეს რუსული პოლიტიკისა და პუტინის მხარდამჭერი განცხადებები თუ ღიად ანტიდასავლური ქადაგებები ამბიონიდან:

„პირადად ჩემთვის, თავად სპირიდონის ფიგურა უკვე ძალადობის სიმბოლოა. ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში, საქართველოში ამკვიდრებს და ქადაგებს პუტინიზმს. ეს არის ადამიანი, რომელიც ქადაგებს სტალინიზმს. ეს არის ადამიანი, რომელიც არ იხევს უკან აბსოლუტურად არანაირი ძალადობის გამართლებაზე. პირადად ჩემთვისაც, წლების განმავლობაში ცნობილი იყო, რომ პანსიონატში ბავშვების მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი. ეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გარედან უცქერენ ამ ყველაფერს, შეიძლება გაუგებარი იყოს, მაგრამ ჩვენს ეკლესიაში, აწყვეტილი სიშლეგის გამოვლინებაა ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება. საპატრიარქოს საერთოდ არ ადარდებს, რა ხდება ბავშვთა სახლში, რადგან ამბობს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია იქ არსებული ძალადობის ფაქტების შესახებ. არ აინტერესებთ, რას ამბობს სახალხო დამცველი, ბავშვთა უფლებადამცველები“.

„ოდიოზური“, „მოძალადე ფიგურა“, - ასე მოიხსენიებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მეუფე სპირიდონს კიდევ ერთი თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი და მას ახასიათებს, როგორც „იმპულსურ, გაუწონასწორებელ, ზედმეტად ემოციურ ადამიანს, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით უმწიფარი ახალგაზრდების მიმართ“.

გიორგი ტიგინაშვილი ამბობს, რომ წლების წინ, ყოვლად დაუშვებელი გადაწყვეტილება მიიღო საპატრიარქომ, როდესაც ასეთი ტიპის დაწესებულების მართვა მეუფე სპირიდონს მიანდო:

„სწორედ აქ ჩანს საპატრიარქოს სისტემური მარცხი და ის რეჟიმი, რომელსაც მოცული აქვს საეკლესიო წიაღი. ამ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ სპირიდონს, არამედ, უშუალოდ, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომლის საკადრო პოლიტიკა მძიმე და მორალურად გაუმართლებელია. ნინოწმინდის პანსიონატი, ეს არის არა სააღმზრდელო დაწესებულება, არამედ, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კოლონია, გეტო, ყველა პარამეტრით, ყველა კრიტერიუმით. ეს არის შეუვალი, დახურული სივრცე, სადაც არავინ იცის, თუ რა ვითარებაა. და ჩვენ გუშინ გავიგეთ, რომ თურმე, პროკურატურამ და შსს-მ იცის იქ არსებული სიტუაციის შესახებ. გამაოგნებელი პარადოქსია, როდესაც საპატრიარქო აცხადებს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია პანსიონატში არსებული ძალადობის ფაქტების შესახებ“.

გიორგი ტიგინაშვილისთვის აბსოლუტურად არ არის სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მეუფე სპირიდონს არ ჰქონდა ცნობები პანსიონატში არსებული სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე:

„ძალიან ბანალური შედარებაა, რომ თითქოს სტალინმა არ იცოდა, როგორ ხდებოდა ადამიანების დახვრეტა, რეპრესირება, გადასახლება და რომ სტალინი იყო კეთილშობილი და უბრალოდ სისტემა იყო არასწორი და მას უმტყუნა ხელქვეითების გარკვეულმა წრემ. ზუსტად ანალოგიური მცდელობაა ახლა, რომ მეუფე სპირიდონი განარიდონ პასუხისმგებლობას, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, აქ ლაპარაკია სისხლის სამართლის საქმეებზე. საპატრიარქოსთვის გაცილებით ადვილი იქნება, თუკი გაწირავენ რომელიმე პერსონალს და იტყვიან, რომ მან გადააჭარბა თანამდებობრივ უფლებამოსილებას და მან ეს გააკეთა მეუფე სპირიდონის თვალს მიღმა. სინამდვილეში, როდესაც ბავშვები მედიით, საჯაროდ ჩივიან, თუ რა ვითარებაა პანსიონატში, ნუთუ ისინი ამის შესახებ არ დაიჩივლებდნენ ზედამხედველ მეუფე სპირიდონთან, რომელსაც აღსარებასაც აბარებდნენ? ამდენად, ყოვლად წარმოუდგენლად მიმაჩნია ის, რომ მეუფე სპირიდონი არ იყო საქმის კურსში პანსიონატში არსებულ ატმოსფეროსა და განვითარებულ მოვლენებზე“.

4 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს საპატრიარქოში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში შექმნილ ვითარებას.

რაც შეეხება „გოჩა აბულაძის“ მიერ 4 ივნისს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს ნინოწმინდის პანსიონატიდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ მან დაიწყო ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა:

„ბავშვების, მით უფრო, ბავშვთა სახლის ბენეფიციარების კონფიდენციალობის დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას, მის განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას; გამოიწვიოს ბავშვის ღირსების შელახვა, მისი სტიგმატიზაცია, ბულინგი, დისკრიმინაცია და ნეგატიური გავლენა მის ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე“.

„ფეისბუკზე“ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი. მან სახელმწიფო უწყებებს დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ბენეფიციარი არასრულწლოვნების ვიდეოების „ფეისბუკზე“ გავრცელების შემდეგ ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ მოითხოვა მთავარეპისკოპოს სპირიდონის შემაკავებელი ორდერის გამოწერა.