დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტში თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას მიუბრუნდნენ. პროექტს ე. წ. საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ. ამნისტიის შესახებ კანონის მიღებას ერთი წლის წინაც აპირებდნენ, თუმცა მაშინ ამ საკითხის განხილვა ბიბილოვის მომხრე პარტიის წარმომადგენლების ინიციატივით გადაიდო. წელს კი ე. წ. დეპუტატები ამ განხილვას დე ფაქტო რესპუბლიკის ე. წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების 30-ე წლისთავს უძღვნიან. დე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერ ე. წ. დეპუტატს, დავით სანაკოევს, კანონპროექტის მიმართ შენიშვნები აქვს. მისი თქმით, ამნისტია, პირველ რიგში, იმ ვეტერანებს უნდა შეეხოთ, ვინც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და ახლა სასჯელს ცხინვალის ციხეში იხდიან.
”გუშინ კანონიერების, კანონმდებლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტებში იყო განხილვა. ჩვენ გვაქვს ჩვენი წინადადებები, რომლებიც მოვამზადეთ და წარვადგინეთ, ვგულისხმობ დეპუტატთა ჯგუფს. ეს წინადადებები ეხება სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს, რომლებმაც სახელმწიფო ჯილდოები მიიღეს. ისინი უნდა მოხვდნენ ამ სიაში. ძირითადად, როდესაც ეს კანონპროექტი დავგეგმეთ, ამ კატეგორიის ადამიანებისთვის დავგეგმეთ და არა მათთვის, ვინც ციხეშია, მაგალითად, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამო. შეიძლება გათავისუფლდნენ საშუალო სიმძიმის დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები“, - უთხრა „ეხო კავკაზას“ დავით სანაკოევმა.
ოპოზიციონერი დეპუტატები ამ კანონპროექტის ქვეშ პირველ რიგში მოიაზრებენ კოკოითის ხელისუფლების მასობრივი კომუნიკაციების ყოფილ ე. წ. მინისტრს, გიორგი კაბისოვს, რომელიც სასჯელს კორუფციული დანაშაულის გამო იხდის. კაბისოვის გათავისუფლების მოთხოვნით ცხინვალში მისმა ნათესავებმა საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართეს და მას პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ. ე. წ. დეპუტატების თქმით, კაბისოვი სამხრეთ ოსეთის ე. წ. დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, სახელმწიფო ჯილდოები აქვს მიღებული და ის უკანონო პატიმარია, რომელიც უნდა გათავისუფლდეს.
ასევე ნახეთ ზაზა გახელაძის პატიმრობის 300 დღე. გადადებული საპროტესტო აქციადე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ოპოზიციონერი ალექსანდრ პლიევი აცხადებს, რომ 2017 წლის შემდეგ სამხრეთ ოსეთს ამნისტია არ გამოუცხადებია და ამის გაკეთება ახლაა საჭირო.
„ეს, შეიძლება ითქვას, არ არის არც ახალი პროცედურა და არც ახალი მსოფლიო პრაქტიკა. არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში მიიღება ამნისტია სერიოზული, მნიშვნელოვანი მოვლენებისა და თარიღების აღსანიშნავად. ეს ჩვენ გავაკეთეთ, როგორც ნაციზმზე გამარჯვების 70 წლის იუბილეზე, ასევე 65-ე წლისთავზე. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომელსაც პარლამენტი უნდა იცავდეს. მეორე საკითხი კი თავად პრეზიდენტმა გაახმაურა პატიმრების ნათესავებთან, რომლებსაც დაჰპირდა, რომ პარლამენტი გარკვეულ კანონებშიც შეიტანდა ცვლილებებს და გაიზრდებოდა პატიმრებთან პაემნების რაოდენობა”.
ოსური მედიის ცნობით, ამნისტიის კანონპროექტის შესახებ მსჯელობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. დე ფაქტო რესპუბლიკაში ამნისტიის აქტი ბოლოს 2017 წელს მიიღეს და ის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის, არჩევასთან იყო დაკავშირებული.
ჯერჯერობით უცნობია, ამნისტიის აქტი დანაშაულის რომელ მუხლებს შეეხება. ცხინვალიდან ჯერჯერობით არ არის ცნობილი, გავრცელდება თუ არა ამნისტიის აქტი მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეებზე.
ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიდან ყველაზე მკაცრი სასჯელი ზაზა გახელაძეს გამოუტანეს. მას თავისუფლება 12 წლით და 6 თვით აღუკვეთეს. გახელაძეს ბრალად ედება ე. წ. საზღვრის დარღვევა და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. მის გარდა ცხინვალის ციხეში იმყოფებიან გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი.
რადიო თავისუფლება ზაზა გახელაძის ცოლს, ირმა ბუთხუზს, დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ამნისტიის დიდი იმედი და მოლოდინი არა აქვს. მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა გაააქტიურონ მუშაობა ზაზას გასათავისუფლებლად. გასულ თვეში გახელაძის ოჯახის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, შეხვდნენ, რომელმაც დრო ითხოვა საქმის ბოლომდე მისაყვანად. დაკავებულის ოჯახს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეხვდნენ. გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციებს ივნისის ბოლოსთვის აანონსებს, თუ მანამდე ცხინვალის პატიმარს არ გაათავისუფლებენ. ივნისში ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაც არის დაგეგმილი, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.