სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ნინოწმინდის პანსიონატთან 10 თვის განმავლობაში მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა და ეს კომუნიკაცია შემოიფარგლებოდა, მხოლოდ და მხოლოდ, დაწესებულების ზედამხვედველთან გასაუბრებით. 10 თვის განმავლობაში, არანაირი ტიპის კომუნიკაცია, მათ შორის, არც სატელეფონო გასაუბრება არ ჩატარებულა პანსიონატის ბენეფიციარებთან, ბავშვებთან.
სააგენტოს განმარტებით, ეს შეზღუდვა სააგენტოს გასული წლის 20 ივნისიდან მიმდინარე წლის აპრილის ჩათვლით, პანსიონატის ზედამხედველობამ კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე დაუწესა:
„2021 წლის 19 აპრილს სატელეფონო საუბარი შედგა ნინოწმინდის რაიონული წარმომადგენლობის სოციალურ მუშაკსა და პანსიონატის ზედამხედველს შორის, პანსიონატში ვიზიტების განხორციელებასთან დაკავშირებით, რაზედაც მან აღნიშნა, რომ სოციალურ მუშაკს არ შეუქმნიდა დაბრკოლებას აღნიშნულთან დაკავშირებით“, - გვწერს სახელმწიფო ზედამხედველობის სააგენტო.
რაც შეეხება ნინოწმინდის პანსიონატში სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ წარმოებულ ოთხ სისხლის სამართლის საქმეს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სავარაუდო ძალადობის ორი ფაქტის შესახებ მათ ინფორმაცია ბავშვების მიმართვის საფუძველზე შეიტყვეს. ფაქტებზე გამოძიება 2019 წელს დაიწყოს. სააგენტოსთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ამ საქმეების გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
რადიო თავისუფლება: სააგენტოს ჰქონდა ინფორმაცია პანსიონში სავარაუდო დანაშაულის ფაქტების შესახებ, ამ ფაქტებზე მიმდინარეობდა გამოძიებაც, არ მიიჩნიეთ საგანგაშოდ ის ფაქტი, რომ თვეების განმავლობაში არ გეძლეოდათ პანსიონატში შესვლის შესაძლებლობა? ჩააყენეთ თუ არა ამ ფაქტის შესახებ საქმის კურსში რომელიმე უწყება, მათ შორის, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და თუ შეატყობინეთ მათ ეს ინფორმაცია, რა რეაგირება იყო ამ უწყებებისგან? - ამ კითხვებზე საპასუხოდ სააგენტო გვწერს:
„პანსიონატში სოციალური მუშაკის მიერ მონიტორინგის განხორციელების სირთულეებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს. ასევე, ბენეფიციარების მდგომარეობაზე მონიტორინგის განხორციელების დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან ა(ა) იპ „საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქალაქ ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატს“ გაეგზავნა კორესპონდენცია, რომლითაც კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ფუნქცია-მოვალეობების შესახებ და პანსიონატში განთავსებული ბენეფიციარების მდგომარეობაზე მონიტორინგის გაწევის მიზნით, დაწესებულებაში სოციალური მუშაკების ვიზიტების განხორციელების საჭიროების თაობაზე, ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციებისა და ჰიგიენის წესების დაცვით“.
4 ივნისს, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“,თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ შუამდგომლობით მიმართა. ორგანიზაცია მოსამართლისგან ითხოვს გამოსცეს განჩინება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მცხოვრები ბენეფიციარების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ.
თუკი მოსამართლე გამოსცემს განჩინებას, როგორ და სად მოხდება ბავშვების გადანაწილება? ამ კითხვაზე ზრუნვის სააგენტო გვწერს: „ზრუნვის სხვა ფორმაში. ვმუშაობთ“.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში პანსიონატს ლიცენზია ჰქონდა შეჩერებული, სააგენტო ავრცელებს განცხადებას, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:
კანონის თანახმად, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა უვადოდ და აღნიშნულ დაწესებულებას არასდროს ჰქონია შეჩერებული/შეწყვეტილი სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ლიცენზია 2015 წლის აპრილში გასცა. სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შესაბამისად, დაწესებულებას უნდა ჰქონდეს სააღმზრდელო პროგრამა, ჰყავდეს შესაბამისი რაოდენობის და კვალიფიკაციის პერსონალი, ინფრასტრუქტურა, აღსაზრდელებს უნდა შესთავაზონ შესაბამისი კვებითი რაციონი, და ა.შ.
„სააღმზრდელო დაწესებულებებს, კანონმდებლობით ევალებათ, საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, ყოველწლიური ანგარიშგების წარმოდგენა. ნინოწმინდის დაწესებულებას, ანგარიშგების შევსებული ფორმა წარმოდგენილი აქვს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში“.
თუმცა, სააგენტოს განცხადებითვე, ნინოწმინდის პანსიონატის მიერ 2017-2018 წლებში არ მოხდა ანგარიშგების წარმოდგენა, რის გამოც რეგულირების სააგენტომ, როგორც 2017 ისე 2018 წლებში განახორციელა ადგილზე ვიზიტი, სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების გადამოწმების მიზნით: „შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, ორივე შემთხვევაში, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს“.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მონაცემებით, რომელიც მან რადიო თავისუფლებას მიაწოდა, 4 ივნისის მდგომარეობით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, 6-დან 18 წლამდე, 47 ბენეფიციარი ირიცხება. 2016 წლიდან დღემდე, პანსიონატიდან სულ ამოირიცხა 74 ბენეფიციარი, რომელთაგან 34-მა პანსიონატი სრულწლოვანების გამო დატოვა. 3 ივნისს, პანსიონატი საკუთარი სურვილით დატოვა ექვსმა ბენეფიციარმა. მიმდინარეობს 10 ბავშვის გამოყვანის პროცესი.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის, ნინოწმინდის პანსიონატში, სოციალური მუშაკები ბენეფიციარების მდგომარეობას სწავლობენ, მათ შორის ზრუნვის ფორმის შეცვლასთან დაკავშირებითაც.
ასევე ნახეთ ის, რაც პანსიონში ხდებოდა - ნინოწმინდის ყოფილი ბინადრის მონათხრობირადიო თავისუფლების ინფორმაციით, პანსიონატში იმყოფებიან სამართალდამცავებიც, სადაც ისინი 4 ივნისს, შუა დღისას შევიდნენ. როგორც ადგილიდან იტყობინება ჩვენი კორესპონდენტი, პანსიონატში მიმდინარეობს გამოკითხვის პროცესი.
პარალელურად განცხადებას ავრცელებს შსს, რომელიც მიმართავს მედიასაშუალებებს და მოუწოდებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ფლობენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესაძლო დანაშაულზე გამოძიებისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, ეს ინფორმაცია მათ მიაწოდონ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016-2021 წლებში დაწყებული ოთხი გამოძიების გარდა, დამატებით კიდევ ერთი გამოძიება გუშინ დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა კონკრეტულად რა ტიპის ინფორმაცია, არ არის დაკონკრეტებული.
ნინოწმინდის პანსიონში, სადაც ბავშვებზე, სავარაუდოდ, ძალადობა ხდება, წლებია არ უშვებენ სახალხო დამცველს. 2 ივნისს, ნინო ლომჯარიამ სამართალდამცავი უწყებებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადა, რომ 4 გამოძიებაა დაწყებული ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე.