5 ივლისს "თბილისი პრაიდი" "ღირსების მარშს" გამართავს. სამომავლო გეგმებზე ორგანიზაციის წარმომადგენლები ჟურნალისტებს ესაუბრნენ.
"ღირსების მარშის" სლოგანი იქნება "გამოდი სოლიდარობისთვის".
გარდა ამისა, "თბილისი პრაიდი" პრაიდის კვირეულის ფარგლებში მოაწყობს დოკუმენტური ფილმის ჩვენებას და მუსიკალურ ფესტივალს.
"ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე; გვჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა", - აღნიშნავენ "ღირსების მარშის" ორგანიზატორები.
Your browser doesn’t support HTML5
"თბილისი პრაიდი" სახელმწიფოსგან მოითხოვს:
- აწარმოოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა;
- შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;
- გამოიძიოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;
- დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის იდენტობისა.
პრაიდის კვირეულს უერთდებიან "სირცხვილია" და "ქალთა მოძრაობა".
"თბილისი პრაიდს" "ღირსების მარშის" გამართვა ჯერ კიდევ 2019 წელს სურდა, თუმცა ივნისში დაანონსებული ღონისძიება ივლისისთვის გადაიდო. მიზეზი ყველა შემთხვევაში აქტივისტების უსაფრთხოების დაცვა იყო.
იმ წელს "ღირსების მარშის" კონტრაქცია "ზნეობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა გამართა. ამ აქციაზე იყო "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელი, ლევან ვასაძეც. სწორედ ამიტომ ლგბტ თემის მხარდამჭერი აქტივისტები რუსთაველის გამზირის ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მივიდნენ და მსვლელობა რამდენიმე წუთი გაგრძელდა.