რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში? - კითხვა რომელიც უპასუხოდ რჩება
საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის პანსიონის გარშემო მღელვარება მატულობს, კარი კი ისევ ჩაკეტილი რჩება სახალხო დამცველისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც აქვს კითხვები ბავშვების მდგომარეობასთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ ოთხი გამოძიებაა დაწყებული. მათ შორის, ერთი - სავარაუდო გაუპატიურების, დანარჩენი სამი კი სავარაუდო ძალადობის შესახებ.
კითხვებზე ამომწურავი პასუხების მიღების მოთხოვნით, გუშინ პროკურატურასთან გამართული საპროტესტო აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. დააკავეს რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის გიგა მაქარაშვილიც, რომელიც დაპირისპირების დროს დაშავდა.
პანსიონში რომ მდგომარეობის დაუყოვნებლივ შესწავლას საჭიროებს, ამას რამდენიმე ფაქტი მოწმობს. გუშინ რადიო თავისუფლებამ გაავრცელა პანსიონის ყოფილი ბინადრის კომენტარი. 19 წლის ბიჭი, რომელმაც იქაურობა 15 წლის ასაკში დატოვა, საუბრობს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე. ჩვენმა რესპონდენტმა მოგვითხრო დაწესებულებაში მომხდარ ერთ ძალიან მძიმე დანაშაულზეც, რომელზეც ახლა ღიად არ ვყვებით, სანამ არ გადავამოწმებთ, აღძრულია თუ არა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე.
რას ჰყვება დახურული პანსიონის ყოფილი ბინადარი, წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში.
ამ თემაზე ასევე ნახე:
- ოპოზიცია, ხელისუფლება, აქტივისტები, ომბუდსმენი - ვინ გახსნის ნინოწმინდის ჩარაზულ კარს?
- საპატრიარქო შსს-ს მიმართავს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაასაჯაროვოს
PHR სასამართლოს მიმართავს ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ყველა ბავშვის გამოყვანის მოთხოვნით
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) კიდევ ერთხელ მიმართავს სასამართლოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით. ამჯერად ორგანიზაციის იურისტები მოითხოვენ ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას. ამის შესახებ PHR-ის წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა ფეისბუკზე დაწერა:
„ხვალ დილას სასამართლოში შევიტანთ ახალ შუამდგომლობას და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოვითხოვთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას. მხოლოდ მონიტორინგის მოთხოვნა აღარ არის საკმარისი. დღეს გავრცელებული ახალი კადრები და ინფორმაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის და დანაშაულების შესახებ ჩვენთვის საგანგაშოა“, - წერს ის.
ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სასამართლოს გასულ თვეშიც მიმართა სახალხო დამცველის დაწესებულებაში შეშვების მოთხოვნით, თუმცა მოსამართლემ მაშინ ამაზე უარი უთხრა.
დღეს ამერიკელი სენატორები საქართველოს დატოვებენ. როგორ დასრულდა ოპოზიციასთან მათი შეხვედრა?
გუშინ გვიან ღამით დასრულდა ოპოზიციის შეხვედრა ამერიკელ სენატორებთან ჯინ შაჰინსა და რობ პორტმანთან. მართლმსაჯულების რეფორმა, ნატოში გაწევრიანება, „შარლ მიშელის შეთანხმების“ შესრულება და მოახლოებული არჩევნები იყო ის თემები, რაზეც შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება.
„ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, აშშ მართლმსაჯულების რეფორმას უმნიშვნელოვანეს საკითხად მიიჩნევს.
„ჩვენ შევეხეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ქვეყნისთვის არის მართლაც გამოკვეთილი - ეს არის ნატოში გაწევრიანება, ეს არის საგარეო გამოწვევები, ეს არის შიდა გამოწვევები, მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიერ განიხილება, როგორც გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი რეფორმა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. გვქონდა ძალიან შინაარსიანი და კარგი საუბარი. უნდა ითქვას, რომ ისეთი საკითხები, როგორიც არის ნატოში გაწევრიანება იმ ფორმულით, როდესაც შესაძლებელია ჩვენ გავხდეთ ნატოს წევრი, ოღონდ მეხუთე მუხლი არ ამოქმედდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ამოქმედდება მაშინ, როცა მოხდება ამ რეგიონების რეინტეგრირება ჩვენს ქვეყანაში - ეს თემაც იყო განხილული. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ მოლაპარაკებები რუსეთთან, ჟენევის ფორმატში აიწიოს დონე და სახელმწიფო მდივნის დონეზე მოხდეს ამ პრობლემის განხილვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ დავძრათ ეს დეოკუპაციის უმნიშვნელოვანესი თემა. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ამერიკელი მეგობრების მხრიდან და ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, კიდევ უფრო ხშირი იქნება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მეგობრები თვალს ადევნებენ არა მხოლოდ შეთანხმების შემდგომ პერიოდს, არამედ იმას, რომ ყველა ვალდებულება, რომელიც აღებულ იქნა ამ ხელშეკრულებით „ქართული ოცნების“ და ყველა იმ მხარის მიერ, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას, იქნეს სრულად შესრულებული“, - თქვა ჯაფარიძემ.
ამერიკელი სენატორები საქართველოს დღეს დატოვებენ.
ასევე ნახეთ სენატორები თბილისში - მეტი რეფორმა, მეტი უსაფრთხოება
პარლამენტში ოპოზიციური ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შეიქმნა
საქართველო პარლამენტში მეორე ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა. ფრაქციას "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" ერქმევა და მასში სამი პარტია და ორი უპარტიო დეპუტატი იქნება გაერთიანებული.
ფრაქციის წევრები იქნებიან:
- გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი";
- თეონა აქუბარდია - "სტრატეგია აღმაშენებელი";
- პაატა მანჯგალაძე -"სტრატეგია აღმაშენებელი";
- ხათუნა სამნიძე - "რესპუბლიკური პარტია";
- ზურა ჯაფარიძე - "გირჩი - მეტი თავისუფლება";
- ტარიელი ნაკაიძე - უპარტიო;
- გრიგოლ ვაშაძე - უპარტიო.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში სულ სამი ფრაქციაა. მესამე ფრაქცია უმრავლესობას, "ქართულ ოცნებას" აქვს შექმნილი.
"იმედის" განმარტება: არ მივიჩნიეთ განსაკუთრებულ მოვლენად და არც გახარიაა თანამდებობის პირი
ტელეკომპანია "იმედი" აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ბრიფინგზე სხვა ტელევიზიების წარმომადგენლებთან ერთად იმ მიზეზით არ მივიდნენ, რომ ეს შეხვედრა არ მიიჩნიეს განსაკუთრებულ მოვლენად. არხი საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ გახარია აღარაა მაღალი თანამდებობის პირი.
"ტელეკომპანია „იმედმა“ არ მიიჩნია მოძრაობა „საქართველოსთვის“ შეკრება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად და არც ბატონი გახარია აღარ გახლავთ მაღალი თანამდებობის პირი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ტელეკომპანია, სხვა მედიასაშუალებებთან შედარებით, ყველაზე მეტად დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. შესაბამისად, „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკის მიზანია, შევეწინააღმდეგოთ ანტიდემოკრატიული ძალების პოლიტიკურ რეანიმაციას, რასაც მხილებით და სიმართლის თქმით ვაკეთებთ - ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას: გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება იმ მომენტში, ცალსახად ემსახურებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს. რაც შეეხება მის სურვილს, დავუთმოთ „იმედის“ ყველაზე რეიტინგული ეთერი - ბატონი გახარიას მიერ ჩვენს ტელეკომპანიაზე უსაფუძვლო თავდასხმის შემდეგ, მისთვის ამ შესაძლებლობის მიცემა, ჯერჯერობით არარელევანტურად გვეჩვენება", - წერია განცხადებაში.
ნატოს სამიტზე ბელარუსის მიმართ ახალ სანქციებზე იმსჯელებენ
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ კომპანია „რაინეარის“ სამგზავრო თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვებისა და ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის დაპატიმრების გამო, ალიანსის 14 ივნისის სამიტზე, ბელარუსისათვის მორიგი სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ.
როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იუწყება, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, ოთხშაბათს მხარი დაუჭირეს ბელარუსის რეჟიმისათვის მკაცრი სანქციების დაწესებას.
ლონდონში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სამუშაო რეზიდენციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იენს სტოლტენბერგმა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა უწოდა 23 მაისს სამგზავრო თვითმფრინავის მინსკის აეროდრომზე იძულებით დასმისა და მასზე მყოფი რამან პრატასევიჩისა და მისი მეგობრის, სოფია საპეგას, დაკავებას.
დიუმასა და ჟიულ ვერნის დრო წავიდა? - რას კითხულობენ ბავშვები
ლიტერატურა, რომელზეც თაობები გაიზარდა, ბავშვისთვის უკვე ნაკლებად საინტერესოა. თუმცა ლიტერატორები ამბობენ, რომ მკითხველი ბავშვები დღესაც ბლომად არიან - განსხვავება წაკითხულ წიგნებშია.
„..1625 წლის აპრილის პირველ ორშაბათს დაბა მენგში, სადაც დაიბადა „ვარდის რომანის“ ავტორი, ისეთი მღელვარება იყო, თითქოს მას ჰუგენოტები შესეოდნენ“... - ასე იწყება პირველი თავი წიგნისა, რომელიც მეოცე საუკუნის შუა წლებში თითქმის ყველას ჰქონდა წაკითხული, თან - ერთი ამოსუნთქვით, თავაუღებლად. იმ თაობის შვილები, რომლებიც „სამ მუშკეტერზე“ გაიზარდნენ და დარტანიანის მიბაძვით კარგა ხანს სახელდახელოდ გამოჩორკნილი ხმლით დარბოდნენ, დღეს ვერაფრით იგებენ, რატომ ეჩვენებათ მათ შვილებს იგივე წიგნი მოსაწყენად.
მარი 13 წლისაა და არცთუ ურიგოდ სწავლობს, თუმცა მხატვრული ლიტერატურის კითხვა არ უყვარს. არც ის მოსწონს, როდესაც მასთან საჩუქრად წიგნი მოაქვთ.
„რატომ არ ვკითხულობ და მეზარება. არ შემიძლია ერთ ადგილას დავჯდე, ვერ ვჩერდები. გაკვეთილებსაც რომ ვამზადებ, თან კლასელებს ველაპარაკები მესინჯერში. ჩართული მაქვს და ერთად ვმეცადინეობთ“, - ამბობს ის.
ფსიქოლოგები, მასწავლებლები, გამოცდილი მშობლები ამბობენ, რომ პრობლემა არა ბავშვშია, არამედ იმაში, რომ გარკვეული ლიტერატურა ამ თაობისთვის უკვე მოძველდა და რაც თანამედროვეა, ისიც დაკვირვებით უნდა შესთავაზო.
წაიკითხე ვრცლად თეა თოფურიას სტატიაში.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბინადარი, რომელიც დღეს 19 წლისაა და იქაურობა 15 წლის ასაკში დატოვა, რადიო თავისუფლებას უამბობს, რა ხდებოდა პანსიონში წლების განმავლობაში. ამბები, რომელსაც ის ჰყვება, 2006-2007 წლებიდან იწყება.