"იმედის" განმარტება: არ მივიჩნიეთ განსაკუთრებულ მოვლენად და არც გახარიაა თანამდებობის პირი

ტელეკომპანია "იმედი" აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიასთან ინტერვიუზე სხვა ტელევიზიების წარმომადგენლებთან ერთად იმ მიზეზით არ მივიდნენ, რომ ეს შეხვედრა არ მიიჩნიეს განსაკუთრებულ მოვლენად. არხი საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ გახარია აღარაა მაღალი თანამდებობის პირი.

"სამწუხაროა, რომ ახალშობილმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომლის სლოგანია „არავის წინააღმდეგ“, თავისი აქტივობა დაიწყო მედიის მისამართით „თითის ქნევით“ და გაილაშქრა ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ. ამ შეკრებაზე ჩვენი ტელეკომპანია არ იყო წარმოდგენილი მარტივი მიზეზით: ჩვენ შემოგვთავაზეს ფორმატი, რომელშიც რამდენიმე ტელევიზიის პოლიტიკური ტოქ-შოუს წამყვანებს, ერთად იბარებდნენ ინტერვიუზე გიორგი გახარიასთან. დამკვიდრებული პრაქტიკით, ამგვარი ფორმატი გულისხმობს მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობას ან გამოიყენება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენების გაშუქების შემთხვევაში. ტელეკომპანია „იმედმა“ არ მიიჩნია მოძრაობა „საქართველოსთვის“ შეკრება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად და არც ბატონი გახარია აღარ გახლავთ მაღალი თანამდებობის პირი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ტელეკომპანია, სხვა მედიასაშუალებებთან შედარებით, ყველაზე მეტად დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. შესაბამისად, „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკის მიზანია, შევეწინააღმდეგოთ ანტიდემოკრატიული ძალების პოლიტიკურ რეანიმაციას, რასაც მხილებით და სიმართლის თქმით ვაკეთებთ - ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას: გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება იმ მომენტში, ცალსახად ემსახურებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს. რაც შეეხება მის სურვილს, დავუთმოთ „იმედის“ ყველაზე რეიტინგული ეთერი - ბატონი გახარიას მიერ ჩვენს ტელეკომპანიაზე უსაფუძვლო თავდასხმის შემდეგ, მისთვის ამ შესაძლებლობის მიცემა, ჯერჯერობით არარელევანტურად გვეჩვენება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე ნახეთ ტოქშოუების წამყვანებთან გიორგი გახარიას შეხვედრას არ ესწრებიან „იმედი“ და „პოსტივი“

გიორგი გახარიამ პარტიის შექმნიდან ორ დღეში ტელეწამყვანებთან შეხვედრა გამართა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრას არ ესწრებიან „იმედისა“ და „პოსტივის“ წამყვანები.

„ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო „იმედის“ და „პოსტივის“ ადგილები არის თავისუფალი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისინი მოვიწვიეთ, უფრო მეტიც, ვთხოვეთ, აქ ყოფილიყვნენ. მოგეხსენებათ, „იმედი“ დღეს ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა. უბრალოდ, ამას თავისი ახსნაც აქვს. მე ზუსტად ვიცი, რომ „იმედის“ ბევრი ჟურნალისტი ვერ ხსნის და ვერ გაუგია, რატომ არ უნდა იყოს მათი ტელევიზია აქ წარმოდგენილი“, - თქვა გახარიამ და „იმედს“ შესთავაზა, რომ სურვილის შემთხვევაში პირველად ტოქშოუში, სწორედ, ამ არხს ეწვეოდა.

გიორგი გახარიამ არაერთხელ ახსენა ტელეკომპანია „იმედი" და მას უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული ტელევიზია, რომლის გადაწყვეტილებაც დაუკავშირა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

„მთავარი არხის“ შეკითხვაზე, არ იცოდით აქამდე, რომ „იმედი“ პოლიტიკური ტელევიზია იყო? გახარიამ უპასუხა: „ეჭვი მეპარებოდა“. როგორც ყოფილი პრემიერი აზუსტებს, ეჭვი გაუჩნდა, რომ „იმედი“ არის პოლიტიკური ტელევიზია.

ასევე ნახეთ ჟურნალისტიკა, როგორც ფრონტის წინა ხაზი - რატომ დაადგინა ქარტიამ "იმედის" ჰოლდინგში ცენზურა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ბოლო მედიამონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2021 წლის 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა, „იმედი“ და POSTV ხელისუფლებისადმი მიკერძოებით გამოირჩეოდა. ამ პერიოდში გახარია მმართველი პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრი იყო. მან თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.