ლიტერატურა, რომელზეც თაობები გაიზარდა, ბავშვისთვის უკვე ნაკლებად საინტერესოა. თუმცა ლიტერატორები ამბობენ, რომ მკითხველი ბავშვები დღესაც ბლომად არიან - განსხვავება წაკითხულ წიგნებშია.
„..1625 წლის აპრილის პირველ ორშაბათს დაბა მენგში, სადაც დაიბადა „ვარდის რომანის“ ავტორი, ისეთი მღელვარება იყო, თითქოს მას ჰუგენოტები შესეოდნენ“... - ასე იწყება პირველი თავი წიგნისა, რომელიც მეოცე საუკუნის შუა წლებში თითქმის ყველას ჰქონდა წაკითხული, თან - ერთი ამოსუნთქვით, თავაუღებლად. იმ თაობის შვილები, რომლებიც „სამ მუშკეტერზე“ გაიზარდნენ და დარტანიანის მიბაძვით კარგა ხანს სახელდახელოდ გამოჩორკნილი ხმლით დარბოდნენ, დღეს ვერაფრით იგებენ, რატომ ეჩვენებათ მათ შვილებს იგივე წიგნი მოსაწყენად.
„სამ მუშკეტერს“ ვერ კითხულობენ, ამათ უნდათ „ექშენი“. თითქოს მეტი „ექშენი“ რაღა გინდა, მაგრამ მაინც. მუდმივად უნდა იცვლებოდეს მოქმედება, უნდა ეწეროს მოკლედ და არა გრძლად, ხასიათების აღწერას ავტორისგან დიდი დრო არ ეთმობოდეს. ეს ფილმშიც ასეა და წიგნშიც. იგივე ხდება „გრაფ მონტე-კრისტოსთან“ დაკავშირებითაც. წავიდა დიუმას დრო. თავიდან ძალიან განვიცდიდი, მერე ვიფიქრე, რომ ასეა და მორჩა. მახსენდება, ჩემი მშობლები თავისი ბავშვობის წიგნებზე რომ მიყვებოდნენ. მაგალითად, იყო წიგნი „აპენინიდან ანდამდე“, მათთვის ძალიან საინტერესო, მე კი მაშინ დიდად არ მომეწონა“, - ამბობს გამომცემლობა „სულაკაურის“ რედაქტორი ანა ჭაბაშვილი.
საბავშვო ლიტერატურის მარკეტინგი დიდწილად არა ბავშვებზე, არამედ ზრდასრულებზეა გათვლილი. წიგნს ბავშვისთვის მშობელი ყიდულობს, ამასთან, ყიდულობს იმ წიგნს, რომელიც თავად წაიკითხა პატარაობისას და მოეწონა. ახალ ავტორებს მშობელი ნაკლებად ენდობა. მიაქვს სახლში კლასიკა, მაგალითად, ჯეკ ლონდონის ტომები და მხოლოდ აქ იგებს, რომ მის შვილს ასეთი ლიტერატურა რატომღაც არ აინტერესებს.
„რატომ არ ვკითხულობ და მეზარება“
მარი 13 წლისაა და არცთუ ურიგოდ სწავლობს, თუმცა მხატვრული ლიტერატურის კითხვა არ უყვარს. არც ის მოსწონს, როდესაც მასთან საჩუქრად წიგნი მოაქვთ.
„რატომ არ ვკითხულობ და მეზარება. არ შემიძლია ერთ ადგილას დავჯდე, ვერ ვჩერდები. გაკვეთილებსაც რომ ვამზადებ, თან კლასელებს ველაპარაკები მესინჯერში. ჩართული მაქვს და ერთად ვმეცადინეობთ“, - ამბობს ის.
ფსიქოლოგები, მასწავლებლები, გამოცდილი მშობლები ამბობენ, რომ პრობლემა არა ბავშვშია, არამედ იმაში, რომ გარკვეული ლიტერატურა ამ თაობისთვის უკვე მოძველდა და რაც თანამედროვეა, ისიც დაკვირვებით უნდა შესთავაზო. ისინი ამბობენ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მკითხველი ბავშვები დღესაც არიან, თუმცა შედარებით ცოტანი.
„როცა ამბობენ, რომ ჩვენი ბავშვები არ კითხულობენ, არ ვეთანხმები. ყველა არც ადრე კითხულობდა. კითხულობენ, ოღონდ დამოკიდებულია, მშობელი როგორ ურჩევს წიგნს, ქართულის მასწავლებელი როგორი შეხვდება, კითხვის საათი, წიგნის კლუბები თუ არის სკოლებში, ბიბლიოთეკები თუა... ათასი ღონისძიება უნდა იყოს, თორემ ასე მხოლოდ ერთეული ადამიანია, ვინც თავისით გამოხტება და წიგნს მიახტება“, - ამბობს ჟურნალ „მასწავლებელის“ რედაქტორი ნატო ინგოროყვა.
მისივე თქმით, ყველა კვლევა, რომელიც ბოლო დროს ტარდება, აჩვენებს, რომ ბავშვებს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ, ეს კი იმის ბრალია, რომ სკოლებში მოსწავლეებს მასალას აზეპირებინებენ იმის ნაცვლად, რომ მისი გააზრება ესწავლებინათ.
ისევ დაწუნებული კლასიკა
„აღარც ჟიულ ვერნს კითხულობენ“, - ამბობს ანა ჭაბაშვილი. მიზეზი ციფრულ ტექნოლოგიებშია, რომელთა მეშვეობითაც ბავშვი ძალიან პატარა ასაკშიც კი გაცილებით მეტს იგებს, ვიდრე მისმა მშობლებმა იმავე ასაკში იცოდნენ. ამის გამო დღეს ბავშვებისთვის საინტერესო აღარაა ჟიულ ვერნის ნაწარმოებები, რომელთა წაკითხვა ადრე არა მხოლოდ თავგადასავალს, არამედ მსოფლიოს გაცნობას ნიშნავდა - სწორედ ამ წიგნებიდან იგებდი, რომელი ცხოველები ბინადრობდნენ ამერიკაში, როგორ უნდა გადაგერჩინა თავი გემის ჩაძირვის შემდეგ, როგორ მოგეყვანა მოსავალი დაუსახლებელ კუნძულზე... რაც შეეხება იმ გამოგონილ სამყაროებს, რომლებიც ჟიულ ვერნს აქვს აღწერილი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბევრ მკითხველს მათი რეალურად არსებობისაც სჯეროდა და მათ აღმოჩენასაც კი ცდილობდა.
„ახლა სულ სხვა ლიტერატურა იწერება. ბავშვს, რომელიც ეზიარა „ჰარი პოტერს“, აღარ უნდა სხვა არაფრის წაკითხვა. ძალიან დიდი მოთხოვნაა ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრზე. მას არა მხოლოდ ბავშვები, დიდებიც ეტანებიან“, - ამბობს ანა ჭაბაშვილი.
ბავშვების რჩეულები
„აუცილებლად მორალზე აგებული ხომ არ უნდა იყოს წიგნი? ხომ შეიძლება გამართოს, თავგადასავალი მაჩუქოს? ვიზუალურადაც საინტერესო უნდა იყოს. იმ ენაზე უნდა მელაპარაკებოდეს, რომელზეც თავად ვლაპარაკობ“, - აზუსტებს ნატო ინგოროყვა.
მაინც რომელი წიგნები მოსწონთ დღეს? სამი გამომცემლობის მონაცემებს თუ გადავხედავთ, ბესტსელერების ხუთეული ასე გამოიყურება:
სულაკაურის გამომცემლობა:
ენიდ ბრაიტონლი: „ცნობილი ხუთეული“
ლინდა მალალი ჰანთი: „თევზი ხეზე“
ანე-კატერინე ვესტლი: „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“
ასტრიდ ლინდგრენი: „პეპი გრძელწინდა“
ჯოანა როულინგი: „ჰარი პოტერი“
გამომცემლობა „ბაკმი“:
მარკ ტვენი: „ტომ სოიერი“
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი: „პატარა უფლისწული“
ჯეიმს გრინვუდი: „პატარა მაწანწალა“
ბონდო მაცაბერიძე: „ზღაპარი ბექნა ბიჭზე“
ნატო დავითაშვილი: „ნისლებში და ნისლებს მიღმა“
გამომცემლობა „პალიტრა L“
საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია
ალან მილნი: „ვინი პუჰის თავგადასავლები“
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი: „პატარა პრინცი“
დევიდ ბედიელი: „საოცნებო მშობლები“
კრესიდა კოუელი: „როგორ მოვარჯულოთ დრაკონი“
„თევზი ხეზე“, „ხოჭო ბიჭი“, „საშლელები“, „სული ჩიტი“, „გონების მიღმა“, „წერილი ბოთლში“, „14 კრისტალის თეორია“, „ცნობილი ხუთეული“... უფრო ძველებიდან: „ანა ფრანკის დღიური“, „სალამურას თავგადასავალი“, „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“, „ტომ სოიერი“… - სკოლა „ქორალის“ ქართულის მასწავლებელი ნათია ფურცელაძე იმ წიგნებს ჩამოთვლის, რომლებსაც, მისი დაკვირვებით, ბავშვები სიამოვნებით კითხულობენ.
„ბავშვები ნამდვილად კითხულობენ, თუმცა მკითხველი სხვადასხვაგვარია - ზოგი მუდამ კითხულობს, ზოგი - დასვენების დღეებში. მე თავიდან გზამკვლევის როლს ვიკისრებ ხოლმე, თამაშებს ვიგონებ, რომ დავაინტერესო. მკითხველი ბავშვი კრიტიკულად მოაზროვნეა, ემპათიურია, რადგან ბევრ პერსონაჟს ეცნობა და ყველას ცხოვრებას გადის. ისინი ძალიან დახვეწილად საუბრობენ, ტექსტის გააზრება უადვილდებათ და არც ინტერესები ელევათ. ერთგვარი მოგზაურები არიან ასეთი ბავშვები, უამრავ ქალაქს იცნობენ ლიტერატურით და ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა და დანახვა“, - ამბობს ნათია ფურცელაძე.
მთავარი პირობა იმისთვის, რომ ბავშვმა წიგნი წაიკითხოს, წიგნის არსებობაა. ახალი საბავშვო წიგნი საშუალოდ 10 ლარამდე ღირს, რაც ბევრისთვის იაფი არ არის. რეგიონებში ბევრ ბავშვს არც ინტერნეტზე და, შესაბამისად, არც ციფრულ წიგნებზე მიუწვდება ხელი. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც მიუთითებენ, არის ის, რომ საქართველოში შედარებით ნაკლებია ლიტერატურა, რომელიც არა ძალიან პატარა ასაკის ბავშვებზე, არამედ 13-15 წლის მოზარდებზე იქნება გათვლილი.