2 ივნისს, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით, ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე. ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები, პროკურატურასთან საპროტესტო აქციას აანონსებენ და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ნინოწმინდის პანსიონში არსებული სავარაუდო დანაშაულების შესახებ, ინფორმაციას მიაწვდიან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრებს. შეხვედრა 3 ივნისს საქართველოს პარლამენტში იმართება.
რესპუბლიკური პარტიის წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, რათა პანსიონის კარი გაიხსნას და იქ არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისათვის ცნობილი გახდეს:
„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზეც მე დელეგაციის წევრებს ვესაუბრები, ეს არის ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენები. იმიტომ, რომ ყველა რეფორმა დაგვრჩება უკან, თუ ჩვენ დღესვე ყველა შესაძლო ინსტრუმენტს, პარტნიორების ჩართულობას არ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გავიგოთ, რა ხდება ამ პანსიონში, რომელიც საერთოდ არ უნდა არსებობდეს“.
ნინოწმინდის პანსიონში, ბავშვთა უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრებს ოპოზიციონერი დეპუტატი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძეც:
„სამ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ მათთან და ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ადამიანის უფლებები, მათ შორის, პირველ რიგში, ნინოწმინდის პანსიონში იმ შოკისმომგვრელ ინფორმაციაზე, რომელიც ვრცელდება“.
ბავშვთა პანსიონში სავარაუდო დანაშაულის არსებობის ფაქტებს ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. ის აცხადებს, რომ სახეზეა სახელმწიფო გულგრილობა, რომელიც ბავშვებზე ძალადობას დამატებით ბიძგს აძლევს:
„გუშინდელ განცხადებაში, რომელიც გაავრცელა სახალხო დამცველმა. კერძოდ, საქმე ეხება იმას, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საქართველოში გენ. პროკურატურას საქმე აქვს აღძრული უმძიმესი მუხლებით — ბავშვებზე ძალადობისა და გაუპატიურების. ეს არის უმძიმესი მოცემულობა, როდესაც სახელმწიფოს გულგრილობა პირდაპირი დანაშაულია და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვერც გენერალურმა პროკურატურამ, ვერც შესაბამისმა უწყებებმა ვერ დაადგინეს გამოძიების ობიექტურობით ის, თუ რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში. იქ არსებული უსაფრთხოების საკითხები, რომელიც ეხება ბავშვებს, უნდა ყოფილიყო სასწრაფო განგაშის საფუძველი, განგაშის ზარი უნდა ჩამოეკრა სახელმწიფოს. სახელმწიფოს დანაშაულებრივი გულგრილობა პირდაპირ ახალისებს კონკრეტულ ადამიანებს ძალადობისკენ“.
პარლამენტის ვიცე სპიკერი, არჩილ თალაკვაძე კი თვლის, რომ საქართველოში, ყველა ბავშვი დაცულია კონსტიტუციური მექანიზმებით და ომბუდსმენს მონიტორინგის ჩატარების უფლება ნებისმიერ დაწესებულებაში აქვს:
„სახალხო დამცველს აქვს უფლება რომ ჩაატაროს მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც განთავსებული არიან საქართველო მოქალაქეები და ბავშვები, მათ შორის. და მე დიდი იმედი მაქვს, რომ საპატრიარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხის შეთანხმება მოხდება. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჩაერთო ამ საკითხში და მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი ხელს შეუწყობს ყველანაირად, რომ ამ საერთო ჭეშმარიტებაზე, რასაც კანონი ითვალისწინებს, შეთანხმება მოხდეს. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს მაშინ, როცა საკითხი ეხება ბავშვებზე მზრუნველობას”.
საქართველოს პროკურატურასთან შეკრებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია:
„ყოველ დღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე! სანამ არ ვიხსნით ბავშვებს ტყვეობიდან არ უნდა გავჩერდეთ! დღეს 6-ზე პროკურატურასთან შევიკრიბოთ და მოვთხოვოთ პასუხი ამ გაუგონარ სისასტიკეზე", - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
პროკურატურასთან მისვლას გეგმავენ 3 ივნისს მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ აქტივისტებიც. „დავასრულოთ ბავშვთა ტყვეობა“, აქცია ამ სახელწოდებით, საქართველოს პროკურატურასთან 18 საათზე იგეგმება. აქციის ორგანიზატორები სახელმწიფოსგან მოითხოვენ:
„დახუროს ნინოწმინდის პანსიონის ტიპის ბავშვთა სახლები და დაიხსნას ბავშვები ძალადობრივი გარემოდან; სასწრაფოდ გამოიძიოს პანსიონთან დაკავშირებული დანაშაულებები; შეუშვას სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაწესებულებაში“.
სახალხო დამცველის ოფისი პანსიონში სავარაუდო სისხლის სამართლებრივ დანაშაულზე
როგორც რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძე ეუბნება, ინფორმაცია პანსიონატში სავარაუდო დანაშაულის ფაქტების შესახებ მიმდინარე გამოძიებების თაობაზე, სახალხო დამცველის ოფისმა რამდენიმე დღის წინ, მაისის ბოლოს მიიღო:
„გენერალური პროკურატურიდან, მაისის დასაწყისში გამოვითხოვეთ ინფორმაცია, იქ მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2016-2021 წლების პერიოდში, დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. ყველა ეს გამოძიება ეხება არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო ძალადობას, მათგან სამი მიმდინარეობს ძალადობის მუხლით, ხოლო ერთი, სავარაუდო გაუპატიურების მუხლით. ჩვენ არ გვაქვს დეტალები სავარაუდო დანაშაულში მონაწილე პირების შესახებ, ასევე სად და რა ვითარებაში მოხდა სავარაუდო დანაშაულები, ან სად იმყოფებიან ახლა ეს ბავშვები. ამ დეტალების დაზუსტების მიზნით მივმართეთ შსს-სა და გენერალურ პროკურატურას და ვთხოვეთ, რომ საგამონაკლისო წესით უზრუნველყონ ჩვენთვის ამ მასალების გაცნობა. მათგან ველოდებით დამატებით დეტალებს. გარდა ამისა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, დღეს სად იმყოფებიან ეს ბავშვები, რა ღონისძიებები გაატარეს მათ ამ შემთხვევებზე. თუმცა, ჯერჯერობით, მათგან ეს ინფორმაცია არ მიგვიღია“.
ეკა სხილაძის თქმით, სახალხო დამცველის ოფისს უკავშირდებიან ასევე ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარები და იქ არსებულ, სავარაუდო, ძალადობის ფაქტების შესახებ აწვდიან ინფორმაციას:
„ჩვენ ამ ადამიანებთან გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია და ვსწავლობთ მათ საკითხებსაც. ერთი მხრივ, ვესაუბრებით ამ ადამიანებს, მეორე მხრივ, ვამოწმებთ დეტალურად ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში - ამ ადამიანების მოყოლილ ფაქტებზე, რომლებიც სავარაუდო უფლებების დარღვევას ეხება, იყო თუ არა რაიმე რეაგირება სააგენტოს მხრიდან, ან ახლა ხომ არ არის რაიმე რეაგირების რესურსი. უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, ამ საკითხებზეც გვექნება დამატებითი ინფორმაცია. ეს ადამიანები, რომლებიც გვიკავშირდებიან, ლაპარაკობენ, სავარაუდო უფლებების დარღვევის ფაქტებზე, დეტალებზე ლაპარაკი ახლა გამიჭირდება, თუმცა, მათი მონათხრობი თანხვედრაშია იმ მიგნებებთან, რაზეც სახალხო დამცველი თავის 2015 და 2018 წლის ანგარიშებში ლაპარაკობს“.
კითხვები სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს
რადიო თავისუფლებამ კითხვებით მიმართა სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოსაც. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა, მერი მაღლაფერიძემ 2 ივნისს, ტელეკომპანია „რუსთავის“ ეთერში განაცხადა, თვეების განმავლობაში, 2020 წლის ივნისიდან, სააგენტოს წარმომადგენლები პანსიონში ვერ შედიოდნენ, თუმცა თქვა, რომ პანსიონატთან კომუნიკაცია შენარჩუნებული იყო, მათ შორის, კოვიდთან დაკავშირებული რეკომენდაციის გაგზავნის გზით და სატელეფონო ზარებით. მერი მაღლაფერიძის თქმით, 2021 წლის აპრილიდან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის დაწესებულება ღიაა:
“მას შემდეგ, რაც ხელახლა გაიხსნა დაწესებულების კარი ჩვენთვის, გაიწერა ძალიან კონკრეტული გეგმა ამ დაწესებულებებში ვიზიტების, ხდება ბავშვების ხელახალი შეფასება”.
რადიო თავისუფლებამ 3 ივნისს სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს კითხვებით მიმართა. ამ კითხვებზე პასუხი სააგენტოსგან ჯერჯერობით, არ მიგვიღია. კითხვების ჩამონათვალი ასეთია:
- ბოლოს როდის იყვნენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლები პანსიონში?
- რა ტიპის სამუშაოები განახორციელეს სააგენტოს თანამშრომლებმა?
- სააგენტოს ხელმძღვანელმა, 2 ივნისს, სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ გასული წლის 20 ივნისიდან არ გქონდათ პანსიონში შესვლის შესაძლებლობა და მხოლოდ 2021 წლის აპრილიდან გაიხსნა თქვენთვის კარი. რატომ იყო პანსიონი სააგენტოს თანამშრომლებისთვის დაკეტილი?
- გამოდის, რომ 10 თვის განმავლობაში, არ გქონდათ საშუალება, ადგილზე გასცნობოდით პანსიონში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობას. ამ 10 თვის განმავლობაში, კონკრეტულად რა ტიპის კომუნიკაცია გქონდათ პანსიონთან?
- გავრცელდა ინფორმაცია პანსიონში 4 სისხლის სამართლის საქმის წარმოების შესახებ. სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მათან ორი სავარაუდო ძალადობის ფაქტის შესახებ, 2019 წელს თქვენ შეატყობინეთ შსს-ს. რა ტიპის სავარაუდო ძალადობაზეა ლაპარაკი? როგორ შეიტყვეთ ამ ფაქტების შესახებ, ბავშვებისგან თუ აღმზრდელებისგან?
- 2019 წლის შემდეგ, ორი წელია გასული. ხართ თუ არა საქმის კურსში, რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა გამოძიებამ? რა კონდიციაშია ახლა საგამოძიებო პროცესი? სად იმყოფებიან ბავშვები, რომელთა მიმართაც სავარაუდო ძალადობის ფაქტები განხორციელდა?
- გარდა თქვენს მიერ დაფიქსირებული სავარაუდო ძალადობის ფაქტებისა, სახალხო დამცველი სავარაუდო დანაშაულის კიდევ 2 ფაქტზე ლაპარაკობს, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე. რა იცით თქვენ ამ ფაქტების შესახებ. იყავით თუ არა საქმის კურსში ამ ორი სავარაუდო დანაშაულის შესახებ და გქონდათ თუ არა კომუნიკაცია გამოძიებასთან?
- თქვენ გქონდათ ინფორმაცია პანსიონში სავარაუდო დანაშაულის ფაქტების შესახებ, ამ ფაქტებზე მიმდინარეობდა გამოძიებაც, არ მიიჩნიეთ საგანგაშოდ ის ფაქტი, რომ პანსიონში თვეების განმავლობაში არ გეძლეოდათ შესვლის საშუალება? ჩააყენეთ თუ არა საქმის კურსში ამ ფაქტის შესახებ რომელიმე უწყება, მათ შორის, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო?.. და თუ შეატყობინეთ მათ ეს ინფორმაცია, რა რეაგირება იყო ამ უწყებებისგან?
- გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანსიონატს 2020 წლის სექტემბრიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, ლიცენზია ჰქონდა შეჩერებული. ეს პერიოდი ემთხვევა სწორედ იმ დროს, როდესაც თქვენ პანსიონში შესვლის უფლება არ გქონდათ. იცოდით თუ არა ამ ფაქტის შესახებ და რა გახდა პანსიონატისთვის ლიცენზიის შეჩერების მიზეზი?
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატზე, ამ ეტაპზე, კომენტარს არ აკეთებს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი სოფო კილაძე. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე „ფორმულასთან“ საუბრისას აცხადებს, მას ეკრძალება საქართველოს საკითხებზე პირდაპირ ან ირიბად კომენტარის გაკეთება:
„მე გაეროს წესებით მეკრძალება ნებისმიერ გადაწყვეტილებაში პირდაპირ ან ირიბად ჩართვა, რომ არ დაირღვეს ნეიტრალურობის პრინციპი. მათ შორის კომენტარების გაკეთება ირიბად ჩართვას ნიშნავს, რომელიც საქართველოს ეხება. ნებისმიერი საკითხზე, რომელიც გადაწყვეტილების ირგვლივ არის, უნდა ვიყოთ კომიტეტის წევრები აბსოლუტურად ნეიტრალურები".
შეგახსენებთ, სახალხო დამცველი წლებია წერს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში არაერთხელ გამოიკვეთა ბავშვთა მიმართ ძალადობისა და მათი დასჯის შემთხვევები, რომ პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები იზოლირებულები არიან სოციუმიდან და არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობასაც რეაგირებისკენ. პანსიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია და დაწესებულებაში არ უშვებენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს.
ასევე ნახეთ ნინოწმინდის ჩაკეტილი ბავშვთა პანსიონი - რატომ დუმს სახელმწიფო?სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემებით, პანსიონატში 56 ბავშვი ირიცხება, თუმცა, სხალთის მთავარეპისკოპისის, მეუფე სპირიდონ აბულაძე ამბობს, რომ იქ 150-მდე ბავშვი ცხოვრობს.
მეუფე სპირიდონი აცხადებს, რომ პანსიონატის კარი სახალხო დამცველისთვის სწორედ მისი კურთხევითაა ჩაკეტილი:
„არ შევუშვით იმიტომ, რომ ეს არის ხალხი, რომელიც ითხოვს ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას! მაგ ხალხის შეშვება არ შეიძლება ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში. წაბილწავენ იქაურობას“.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში შექმნილ ვითარებას, სოციალური ქსელით გამოეხმაურა 2 ივნისს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საგანგაშო მდგომარეობაა და ბავშვებს სასწრაფოდ შველა სჭირდებათ:
"რატომ ვარ დარწმუნებული?! იმიტომ, რომ მთ. ეპისკოპოს სპირიდონ აბულაძეს ჩაკეტილი აქვს კარი კონტროლისთვის და დღემდე არ უშვებს შიგნით საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ სახალხო დამცველს და მისი კონტროლის ჯგუფს. ფაქტობრივად მთ. ეპისკოპოსი სპირიდონი სახელმწიფოს თავზე ახევს კონსტიტუციას. ეს დაუშვებელია. სახელმწიფომ არ უნდა მისცეს ამის ნება არავის, მით უმეტეს როცა ბავშვების უსაფრთხოებას ეხება საქმე... ნამახვანზე დიდი პრობლემაა ეს ბავშვები!"
მიმდინარე წლის 7 მაისს, გაეროს ბავშვის კომიტეტმა ნინოწმინდის პანსიონატის საკითხზე დროებითი ღონისძიება გამოსცა. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) განცხადებით, ამ ღონისძიებით, კომიტეტმა დააკმაყოფილა ორგანიზაციის 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა. როგორც ორგანიზაცია განმარტავს, დროებით ზომას გაერო მხოლოდ ისეთ შემთხვევაში იყენებს, როდესაც სახეზეა საგანგებო ვითარება, ბავშვების მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე.