ამერიკელი სენატორები საქართველოში - რა არ უნდა გამოგრჩეს 3 ივნისს

დეგნანი: სენატორებს აინტერესებთ, რამდენად ძლიერია საქართველოს სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ

ამერიკელი სენატორები საქართველოში არიან. მოვლენები. დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი რობ პორტმანი 4 ივნისამდე დარჩებიან საქართველოში. აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ამერიკელ სენატორებს აინტერესებთ, როგორ ვითარდება საქართველოში.

„საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება და მე ვფიქრობ, ისინი დაინტერესებულები არიან, რას აკეთებს საქართველო და რამდენად ძლიერი რჩება მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა“, - თქვა აშშ-ის ელჩმა.

კელი დეგნანის ინფორმაციით, სენატორები შეხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ლიდერებს. მისივე თქმით, ფოკუსში იქნება განგრძობადი რუსული აგრესია, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია.

საქართველომდე სენატორები სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს უკრაინაში შეხვდნენ. 1 ივნისს, უკრაინაში ჩასვლისას სენატორმა შაჰინმა ტვიტერზე დაწერა, რომ მათი მიზანია აშშ-ის პარტნიორებს აჩვენონ ორპარტიული მხარდაჭერისადმი ერთგულება რუსული აგრესიის წინააღმდეგ და რეფორმების გაგრძელების საკითხში.

წაიკითხე მეტი.

ასევე ნახეთ სენატორების მისია - ორპარტიული გზავნილები მოკავშირეთა გასამხნევებლად

სოლიდარობა რიონის ხეობის მცველებს: პოლიციელი და ჯარისკაცი ამბობენ, რომ სისტემას ტოვებენ

ვანის პოლიციის დეტექტივმა ზურაბ ხმელაძემ და მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ჯარისკაცმა ნიკოლოზ კვანჭიანმა თქვეს, რომ დატოვეს სამსახური უკანონო დავალებებისა და აზრის გამოხატვის შეზღუდვის გამო. ორივე ყოფილი ძალოვანი სოლიდარობას უცხადებს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს. ვარლამ გოლეთიანის თქმით, ადგილობრივი პოლიცია აქამდე 10-მდე ადამიანმა დატოვა, თუმცა ეს ამბები არ გასაჯაროვებულა.

რადიო თავისუფლებამ სცადა გაეგო ნიკოლოზ კვანჭიანისგან, ვინ, რატომ და რასთან დაკავშირებით უზღუდავდა აზრის გამოხატვას, თუმცა ნიკოლოზი დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

„რაც გავაკეთე განცხადება, იმის იქით აღარ ვაპირებ“, - ამბობს ის.

სატელევიზიო ეთერით განაცხადა თანამდებობის დატოვების შესახებ იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელმა, ზურაბ ხმელაძემ. ის „მთავარ არხთან“ განმარტავს, რომ არ აპირებს შეასრულოს „უკანონო დავალება“ და შეუზღუდოს გადაადგილება „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს.

წაიკითხე მეტი.

მუქარა შუქრუთელებს - პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება, ნარკოტიკების ჩადება

სოფელ შუქრუთის საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, უკვე 10 დღეა გამოძიება მიდის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარის ფაქტზე. გარდა ამისა, რადიო თავისუფლებისათვის ცნობილი გახდა, რომ საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილის მიმართ, ჭიათურის პოლიციის უფროსის მიერ განხორციელებული მუქარის ფაქტის მოკვლევა დაიწყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ.

სოფელ შუქრუთის მკვიდრის, ვერა კუპატაძის ტელეფონზე, მუქარის ზარი 24 მაისს შევიდა. 61 წლის ქალს, რომელსაც პირი აქვს ამოკერილი და მადნის მოპოვებით დაზარალებულთა გვერდით შიმშილობს, ამბობს, რომ მისთვის უცნობი ადამიანი, ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით დაემუქრა.

ვერა კუპატაძესთან განხორციელებული ზარის შესახებ რადიო თავისუფლებას მისი თანასოფლელი და პროტესტის მონაწილე გიორგი ნეფარიძე უყვება. თავად ვერა კუპატაძემ ჩვენთან ლაპარაკი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო. როგორც გიორგი ნეფარიძე გვეუბნება, მუქარის ზარი ქალის ტელეფონზე უცნობი, თუმცა, ღია ტელეფონის ნომრიდან შევიდა:

„24 მაისს დაურეკეს. ზარი კაცმა განახორციელა. უთხრა, ახლა მიმდინარეობს შენი ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების დამუშავება და თუ პროტესტს დაუყოვნებლივ არ შეწყვეტ, გავასაჯაროებთ კადრებს, საქვეყნოდ მოგჭრით თავს და ტალახში ამოგსვრითო. ქალმა მაშინვე დარეკა 112-ში. ამის შემდეგ, მოშიმშილეთა კარავში ამოვიდა ჭიათურის პოლიციის უფროსი, ფილიმონ აბრამიშვილი, პირველ მოადგილესთან ერთად. ქალბატონი ვერა რამდენიმე ქალთან ერთად გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მან გამოძიებას ჩვენება მისცა“.

კიდევ რას ყვებიან მოშიმშილე შუქრუთელები? წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი გაიმართება

3 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 საათზე ჩანიშნულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი. ამჯერად საქმე ეხება ძიუდოისტის ბადრი გავაშელიშვილის შესაძლო ცემის ფაქტს.

შემთხვევა 2019 წელს აეროპორტში მოხდა. უგულავას ბრალი სს კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი. მასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

„ის იყო უნდა მერწმუნა „ქართული ოცნების“ ფერისცვალების, ქართულმა თემიდამ ლახვარი ჩამსცა", - ასე გამოეხმაურა გიგი უგუგავა ფეისბუკში დღეს დაგეგმილ სასამართლო პროცესს.

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში აღარ იძებნება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღარ იძებნება გამოცემა Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში.

ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია, რომლის მონაცემებიც ახლდება ნიუ-იორკის ყოველი სავაჭრო დღის ბოლოს.

ივანიშვილმა 2021 წლის იანვარში - ქართული პოლიტიკიდან წასვლასთან ერთად - განაცხადა, რომ დაიტოვებდა მხოლოდ 200 მილიონ დოლარს, აქტივების უმრავლესობის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცემდა.

„ბლუმბერგის“ ბოლო მონაცემებით, ივანიშვილის ქონება $5.5 მილიარდად იყო შეფასებული.

წაიკითხე მეტი.

WHO: მსოფლიოში მეხუთე კვირაა იკლებს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, გასულ კვირაში მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 3 550 456 შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 15%-ით ნაკლებია.

გასული კვირის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 78 665 ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი შემცირებულია 7%-ით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეხუთე კვირაა შენარჩუნებულია დაავადების და გარდაცვალების ახალი შემთხვევების კლების ზოგადი ტენდენცია, ბევრ ქვეყანასა და რეგიონში ორივე მაჩვენებელი ისევ მაღალ ნიშნულზეა.

წაიკითხე მეტი.

„ჩვენ მშვიდობა“ - ერთი გურული სიმღერის თავგადასავალი

გურულებს აქვს ერთი ძველი, გამორჩეული სიმღერა - „ჩვენ მშვიდობა“, რომელსაც უკვე საუკუნეზე მეტია (და შესაძლოა, უფრო ძველი დროიდანაც ) მღერიან და თან, ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად.

ამ სიმღერის აუდიოჩანაწერის 70-მდე (შესაძლოა, მეტიც!) ვერსია არსებობს და ყველგან, ყველა შემსრულებელი რაღაც განსაკუთრებულად თავისას უმატებს შესრულებას.

მათგან 40 საუკეთესო ნამღერის აუდიოჩანაწერი ერთად მოაგროვა და ამავე სიმღერის სახელწოდების მქონე წიგნს დაურთო მუსიკოლოგიის დოქტორმა დავით შუღლიაშვილმა.

ამ წიგნში, რომელსაც ხუმრობით მისმა მეგობრებმა „ჩვენ მშვიდობისათვის“ დადგმული პატარა ძეგლიც უწოდეს, შესულია ორმოცივე ნამღერის სანოტო ტრანსკრიფციაც, რაც აქამდე არ არსებობდა - იყო მხოლოდ ხუთი ნიმუშის სანოტო ვერსია.

ეს „ჩვენ მშვიდობის“ მომღერლებს მომავალში საქმესაც გაუადვილებს, რადგან ძველი ჩანაწერების ნაწილი საკმაოდ დაზიანებულია და რთულად გასარკვევიც, ამიტომ ნოტების გამოყენებით ძველი ვერსიების აღდგენა ადვილად შესაძლებელი გახდება.

წაიკითხე, მოისმინე და ნახე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.