124398 Irakli simonia - ინტერვიუ ქართველ მეცნიერთან, რომლის სახელიც პლანეტას მიენიჭა

ირაკლი სიმონია ასტროფიზიკოსი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და 86 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელიც 35 წელზე მეტია, რაც ციურ სხეულებს და კოსმოსურ მტვერს შეისწავლის. ორი დღის წინ საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა მისი სახელი მცირე პლანეტას მიანიჭა - ახლა ის იძებნება, როგორც 124398 Iraklisimonia. ირაკლი გვიამბობს, თუ რატომ დაიწყო კოსმოსის შესწავლა, რას ნიშნავს არქეოასტრონომია და როგორია, როცა პლანეტას შენი სახელი ჰქვია.

სადღაც 13 წლის ვიყავი, ჩამივარდა ხელში ეფრემოვის წიგნი „ანდრომედას ნისლეული“. წავიკითხე ორ დღეში და როცა დავამთავრე, დავიწყე გაგრძელების მოძებნა. ვერ ვნახე და მეორედ წავიკითხე. ამის მერე ვიფიქრე: ახლა რაღა ვქნა? მოდი, მე თვითონ გავაკეთებ ამ საქმეს. იმის მერე დაიწყო ჩემი მოგზაურობა. ამ წიგნის წაკითხვა პირველი, განუმეორებელი მუხტი იყო.

ძალიან მიყვარს მუსიკა და სკოლა რომ დავამთავრე, სულ ვფიქრობდი, რაღა გავაკეთო. სიმღერა მიყვარს და სულ ვფიქრობდი, მუსიკა, თუ ისევ წიგნებში, მათემატიკასა და ფიზიკაში დაბრუნება? მენანება, რომ მუსიკა აღარ არის ჩემი დარგი, მაგრამ, ალბათ, სადღაც არის კავშირი ვარსკვლავებსა და მუსიკას შორის.

დავიწყე კომეტების ფიზიკით. ვმუშაობდი მეტეორიტებისა და ყინულოვანი ობიექტების შესწავლაზე, ყოველთვის ბევრი მიმართულებით. უფროსი კოლეგები მეუბნებოდნენ კიდეც, არ არის კარგი, როცა ბევრი მიმართულებით მუშაობ, მაგრამ მე არ გამომივიდა სხვანაირად. მკვრივი კოსმოსური მატერიის ლუმინისცენციის თეორია, ნანოზომის მტვერი, კოსმოქიმია - ორგანული მატერია კომეტებში. დავაპატენტე ზედაპირების შესწავლის სპეციალური მეთოდი, რომლითაც შეიძლება მიიღო ზედაპირის გამოსახულება 0.1-0.2 მიკრონის სიზუსტით.

თქვენ მსოფლიოში პირველი არქეოასტრონომიის სადოქტორო პროგრამა დააფუძნეთ. რას შეისწავლის ეს მეცნიერება?

არქეოასტრონომია არის ძველი ადამიანის ასტრონომიული მსოფლმხედველობის შესწავლა და ძველი ადამიანის კონსტრუქციების შესწავლა, რომლითაც დაკვირვებებს აწარმოებდა. მათთვის ეს კონსტრუქციები სალოცავები იყო, მაგრამ პარალელურად ცოდნასაც იღებდნენ - ძალიან კარგად იცოდნენ, რომელი ვარსკვლავი რა მიმართულებით ამოდიოდა. გარდა ამისა, ეს იყო ძველი კალენდარიც - ისინი ზომავდნენ დროს მნათობების მიხედვით. სხვადასხვა კულტურებში სხვადასხვა განვითარების დონე იყო, მაგრამ მთელ მსოფლიოში შეინიშნება ერთობლიობა. მაგალითად, რომ ნახოთ აბულის კონსტრუქცია, დაახლოებით იგივე შეგხვდებათ ევროპაშიც. ეს ერთობლივი სვლა იყო ძველი ადამიანების ღმერთებსა და ცოდნასთან.

საქართველოში ჩვენ შევისწავლეთ აბულის და შაორის მეგალითური კომპლექსები და დავარქვით მზის სადგურები. ასტრონომიის ტრადიცია საქართველოში არსებობს, დაახლოებით, 4-5 ათასი წლის განმავლობაში. ამის შესწავლას გაცილებით მეტი რესურსი უნდა და კოლექტიური შრომა. ამიტომ დავაფუძნეთ ეს სადოქტორო პროგრამა, რომელიც ძალიან პოპულარულია. აპლიკაციები შემოგვდის როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან - აშშ, არგენტინა, ინდოეთი.

ასევე საინტერესოა ქართული ძველი ასტრონომიაც. ჩვენი ქართული მანუსკრიპტები მოდის მეათე საუკუნიდან, იქ არის ასტრონომიის და ასტროლოგიის ნაზავი. ეს უამრავი მასალაა, რომელიც საჭიროებს დამუშავებას.

რა ვიცით 124398 Iraklisimonia-ს შესახებ?

ეს მცირე პლანეტაა, მარსსა და იუპიტერს შორის, ასტეროიდების სარტყელში - 2001 წელს აღმოჩენილი ამერიკელი ასტრონომის, როი ტაკერის მიერ. მისი დიამეტრი 6 კილომეტრია. წრიული ორბიტა აქვს, მზის გარშემო პერიოდი არის 4.5 წელი. ირეკლავს საკმაოდ სუსტად - არის შავი, ნახშირბადის მასალის არის, ალბათ, და ასტროქიმიისთვის ძალიან საინტერესოა. მისი დაკვირვება საკმაოდ რთულია და მხოლოდ გამოცდილ სპეციალისტს შეუძლია.

რას ნიშნავს, როცა შენი სახელობის პლანეტა გაქვს?

ასტრონომიული კავშირის ბიულეტენები სულ მოდის, ზოგჯერ წაუკითხავიც მრჩება და, საერთოდ, არ ველოდი ამას. ვიგრძენი სიხარული, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობაც. „124 398 ირაკლი სიმონია“ - ეს, ალბათ, შედეგია გრძელი და დამღლელი მუშაობის. 86 წლიდან ამ საქმეში ვარ დაუღალავად და როცა 90-იანებში ჩვენთან იყო შუქის და გაზის პრობლემა, ვიჯექი სანთლის შუქზე, სიცივეში ჩემი ქურთუკით და ვმუშაობდი.

როცა ასეთი რამ ხდება, ხვდები, რომ ის ცხოვრება, რაც გუშინ იყო, დღეს აღარ არის, ამიერიდან შენს ყველა სიტყვას სხვა წონა აქვს. მაგრამ ძალიან ბევრი ფიქრიც არ შეიძლება - როგორც მუშაობდი, უნდა იმუშაო, არ უნდა მოცდე. ემოციების დრო არ არის, უნდა დარჩე პროფესიულ ტალღაზე და რაც შეგიძლია, გააკეთო.

ასტეროიდი

პატარა საქართველოკოსმოსში

ციური ობიექტების სახელების საკითხს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი წყვეტს - ან ობიექტის აღმომჩენის განაცხადის საფუძველზე, ან კონფერენციაზე მონაწილე მეცნიერების ხელმოწერებით, ან რომელიმე გამოჩენილი მეცნიერის დამსახურების მიხედვით.

საქართველოსთან დაკავშირებული, ანდა ქართველი მეცნიერების სახელობის მცირე პლანეტებისა და ასტეროდიების ჯგუფს ასტრონომები „პატარა საქართველოს“ ეძახიან. ირაკლი სიმონიას სახელობის პლანეტა ამ ჯგუფში ოცდამეექვსეა.

დანარჩენი „ქართული“ მცირე პლანეტების სახელებია: ქართველია, თბილისი, მცხეთა, სვანეთი, კოლხეთი, ქუთაისი, ყაზბეგი, გორგასალი, აბასთუმანი, რუსთაველი, თამარი, ხერგიანი, გუდიაშვილი, კაკაბაძე, წერეთელი, თამრიკო, ნუკი, ირაკლი, მახარაძე, დათო, ბაგრატიონი, ოკუჯავა, მედეა, ხარაძე და კილაძე.

212 Medea აქედან ყველაზე ძველი 1880 წლის აღმოჩენაა, 781 Kartvelia- 1914 წლის.

დანარჩენი მცირე პლანეტების უმეტესობის აღმომჩენი დანიელი ასტრონომი რიჩარდ უესტია, რომელიც ქართველი ასტრონომის, აბასთუმნის ობსერვატორიის დამაარსებლის, ევგენი ხარაძის ასპირანტი იყო, ნუკი და თამრიკო კი რიჩარდ უესტის შვილები არიან.

თავად ევგენი ხარაძის სახელობის მცირე პლანეტა პირველი იყო, რომელსაც ქართველი მეცნიერის სახელი დაერქვა. ევგენი ხარაძემ ცხოვრება გალაქტიკის აგებულების შესწავლას მიუძღვნა - სწავლობდა ვარსკვლავთა სპექტრულ მახასიათებლებს, მათი და ვარსკვლავთშორისი ნივთიერების სივრცულ განაწილებას. მან საფუძველი ჩაუყარა ქართული მთიანი რაიონების ასტრონომიული კლიმატის შესწავლას. მისი სახელობის ობსერვატორიაში დღესაც გრძელდება ციურ სხეულებზე დაკვირვება.