იპოვეს ავანგარდული მუსიკის კომპოზიტორის, მიხეილ შუღლიაშვილის, უცნობი ნაწარმოები, რომლის მოსმენის საშუალება ამ ზაფხულშივე გვექნება.
ნაწარმოები, რომელსაც „მულტიპლიკაცია“ (გამრავლება) ჰქვია, მართალია, მისსავე სახლში ინახებოდა, მაგრამ ბოლო დრომდე მიაჩნდათ, რომ ეს კომპოზიციის მხოლოდ ნაწილი იყო. მუსიკოსის შვილი დავით შუღლიაშვილი ჰყვება, რომ მამის სიკვდილის მერე მისმა მეგობარმა, კომპოზიტორმა თეიმურაზ ბაკურაძემ, არქივი აღწერა, გააკეთა პატარა სია, სადაც „მულტიპლიკაციის“ გასწვრივ „დაუსრულებელია“ ეწერა. მიხეილ შუღლიაშვილს ჩანაწერების გაკეთების თავისებური სტილი ჰქონდა - წინასწარ ხაზავდა ტაქტებს, პარტიტურაში გარკვეულ ბადეს ქმნიდა, რომელსაც მერე ნოტებით შეავსებდა ხოლმე. ამ პარტიტურაში შევსებული ნაწილის შემდეგ ფურცლები კიდევ არის დახაზული, რომლის გამოც მაშინ იფიქრეს, რომ ნაწარმოები დასრულებული არ იყო.
„ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დაახლოებით, თვე-ნახევრის წინ მე და პიანისტი თამარ კორძაია ერთ რადიოში ვიყავით მიწვეულები. იქ თამრიკომ ცოტა ეგზალტირებულმა თქვა, როგორ მაინტერესებს ეს ნაწარმოები, იქნებ მაინც აღმოჩნდეს სადმე ტახტის ქვეშო. თამრიკოს ასეთმა სურვილმა მაიძულა პარტიტურაში თავიდან ჩამეხედა და, მართლაც, აღმოჩნდა, რომ ცოტა დაკვირვება სჭირდებოდა, რომ დაგენახა - ნაწარმოები დასრულებულია. თან ნოტებიც შტილების გარეშეა (მხოლოდ თავები) დაწერილი და ესეც გაბნევს“, - ჰყვება დავით შუღლიაშვილი.
ნაწარმოები 12 ფორტეპიანოსთვის
ნაწარმოები უცნაური შემადგენლობისაა, დაწერილია 12 ფორტეპიანოსთვის ან ფორტეპიანოსთვისა და მაგნიტოფონისთვის. მაშინ კომპიუტერი არ იყო და იგულისხმებოდა, რომ დანარჩენ 11 ფორტეპიანოს მაგნიტოფონზე ჩაწერდნენ.
ფორტეპიანოსა და მაგნიტოფონისთვის შუღლიაშვილს სხვა ნაწარმოებიც აქვს შექმნილი - „ინვენსია“. ეს არის კომპოზიცია, სადაც ერთი ფორტეპიანო რასაც უკრავს, იმასვე, ოღონდ უკუღმა, უკრავს მეორე ფორტეპიანო ან მაგნიტოფონი.
„რაც შეეხება „მულტიპლიკაციას“, პარტიტურაში პირველი გვერდის ბოლო ხაზზე ერთი ნოტია დასმული, მეორე გვერდზე - ერთი ნოტი და კიდევ რაღაცაა. ასე მივდივართ კულმინაციამდე, სადაც უკვე 12-ვე ხაზია შევსებული. ამის მერე იწყება კლება. ეს არის მიხეილ შუღლიაშვილის ხელწერა, ვისთვისაც უცხო არაა პროგრესიები - რიცხობრივი სერიებით მუსიკალური აზრის დროში აგება“, - ამბობს დავით შუღლიაშვილი.
„მულტიპლიკაცია“ დავით შუღლიაშვილმა პიანისტ თამარ კორძაიას გადასცა, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს. იქ ნაწარმოებს სტუდიაში ჩაწერენ. თამარ კორძაია საქართველოში პერიოდულად აწყობს აქტუალური მუსიკის ფესტივალებს, სადაც უკვე 27 ივნისს „მულტიპლიკაციის“ პრემიერაც იქნება. წლების წინ სწორედ ამ ფესტივალზე შესრულდა პირველად მიხეილ შუღლიაშვილის ერთსაათიანი კომპოზიცია „დიდი ქრომატიული ფანტაზია“.
კიდევ ერთი დაუსრულებელი ნაწარმოები
„გრანდ კანონი“ - ეს არის მიხეილ შუღლიაშვილის კიდევ ერთი ნაწარმოები, რომელიც დაუსრულებელი დარჩა.
„მისი მეხუთედიც არაა ნოტებად ქცეული, დანარჩენი დაკარგულია, თუ არც არსებობს, არ ვიცი. სანამ ნოტებად ჩაწერას დაიწყებდა, მთელი კომპოზიცია ჰქონდა წარმოდგენილი და მის სქემატურ სურათს აკეთებდა, ფურცლებზე ხაზავდა. ეს სქემა მხოლოდ მისთვის იყო გასაგები. შემდეგ გადაჰქონდა ნოტებში. სქემა მაქვს, მაგრამ ნოტების მხოლოდ პატარა ნაწილია. ამით მუსიკას ვერ აღადგენ“, - ამბობს დავით შუღლიაშვილი.
მთლიანად მიხეილ შუღლიაშვილს ოცზე მეტი ნაწარმოები აქვს დატოვებული, თუმცა მის სიცოცხლეში მხოლოდ 3-4 კომპოზიცია შესრულდა. 2021 წელი მისთვის საიუბილეოა - 17 იანვარს კომპოზიტორს 80 წელი შეუსრულდებოდა.
ძალიან ძნელი იყო ამ ნაწარმოების შესრულება. საფორტეპიანო და კამერულ ნაწარმოებებს კიდევ ასრულებდნენ, მაგრამ აქვს საოცარი ნაწარმოებები სიმფონიური ორკესტრისთვის. ისე გარდაიცვალა, არც მოუსმენიანინო ჟვანია
თბილისის კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, პიანისტი ნინო ჟვანია, რომელიც შუღლიაშვილის ნაწარმოებების ერთ-ერთი შემსრულებელია, ამბობს, რომ მიხეილ შუღლიაშვილი არის ტრაგიკული ბედის კომპოზიტორი, რომელსაც წილად ხვდა დაბადებულიყო საბჭოთა კავშირში, სადაც ყველა ღონეს ხმარობდნენ იმისთვის, რომ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებს გასაქანი არ მისცემოდათ.
„მთელი დეკადების განმავლობაში სასწავლო პროგრამაში არ შედიოდა ის პროგრესული ნაწარმოებები, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში იქმნებოდა. მიუხედავად ამისა, მიხეილ შუღლიაშვილი მაინც საოცრად პროგრესული მუსიკოსი იყო. მან გამოიყენა ის მწირი ინფორმაცია, რომელიც 60-იანი წლების შემდეგ მაინც შემოდიოდა საქართველოში და თანამედროვე მუსიკა შექმნა“, - ამბობს ნინო ჟვანია. - „ამასთან, ძალიან ძნელი იყო ამ ნაწარმოების შესრულება. საფორტეპიანო და კამერულ ნაწარმოებებს კიდევ ასრულებდნენ, მაგრამ აქვს საოცარი ნაწარმოებები სიმფონიური ორკესტრისთვის. ისე გარდაიცვალა, არც მოუსმენია“.
ნინო ჟვანიას მიაჩნია, რომ მაშინდელი თაობისთვის დანაკარგი იყო არა მარტო ჩრდილში მოქცეული მუსიკა, არამედ ის ფაქტიც, რომ მიხეილ შუღლიაშვილი კონსერვატორიაში არ ასწავლიდა.
„ოფიციალურად ამ კაცს თავისი კლასიც კი არ ჰყავდა, რადგან მთელი ცხოვრება მუსიკალურ სასწავლებელში მუსიკის თეორიას ასწავლიდა, რასაც ასევე ფანტასტიკურად აკეთებდა. რამდენიმე ვიდეოგაკვეთილია შემორჩენილი, რომლებსაც რომ ვუყურებ, მენანება, რომ მე მუსიკის თეორია მიხეილ შუღლიაშვილმა არ მასწავლა“.