ხვიჩია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს: ინფლაციაზე უტიფრობის შემდეგ რა არის თქვენი ზღვარი, რომ გადადგეთ?

"გირჩის" ლიდერი და პარლამენტის წევრი იაგო ხვიჩია უტიფრობას უწოდებს ეროვნული ბანკის განმარტებას ქვეყანაში მაღალი ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე. ამის შესახებ დეპუტატმა პირისპირ უთხრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს და ჰკითხა, რა შემთხვევაში გადადგებოდა.

"[როგორც თქვენ აღნიშნავთ] საქართველოში ინფლაცია 2020 წელს, რომლის ერთ-ერთი მიზეზი არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი ვითარება, არის 7 პროცენტზე მაღალი. სომხეთში - 3,7%-ია, აზერბაიჯანში 2,8%. ანუ ამ ორმა ქვეყანამ ომი გადაიტანა, ჩვენ ამათი ომის გამო ინფლაცია დაგვეწყო, მაგრამ ჩვენი ინფლაცია უფრო მეტია, ვიდრე ომის მონაწილე ქვეყნებში... თქვენ ამაში არაფერი არანორმალური არ გგონიათ - თურმე სიგიჟის გჯერათ... ასეთი უტიფრობით, რომ თურმე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი საქართველოს ინფლაციაზე ახდენს გავლენას და არა საკუთარ ქვეყნებზე, ეს რომ მოგყავთ - ამაზე მეტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იმისთვის, რომ დღის წესრიგში დადგეს გადადგომის საკითხი, თქვენი ზღვარი რა არის?.." - ჰკითხა იაგო ხვიჩიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

იაგო ხვიჩიას ამ კითხვას კობა გვენეტაძემ მხოლოდ შეხსენების შემდეგ უპასუხა.

"მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას, რომელიც გაწერილია კანონით... რაც კანონში არის, ის კეთდება. მე არ ვიცი, თქვენთან სამეფოში რა წესებია... ეროვნულმა ბანკმა, ორგანიზაციამ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, გაატარა სწორი მაკროეკონომიკული ნაბიჯები, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელსაც აქვს ექსპერტიზა ამ მიმართულებით, შეაფასა სწორ პოლიტიკად... შედეგი ბევრი მიმართულებით გაკეთდა და კიდევ უფრო მეტი გაკეთდებოდა, რომ არ ყოფილიყო გამოწვევები... ამ პირობებშიც კი [პანდემია], მაშინ, როდესაც მოხდა ეკონომიკის ვარდნა, ფინანსურმა სისტემამ გაუძლო".

ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოში პროდუქტი 7,2 პროცენტით გაძვირდა. ერთ-ერთი ჯგუფი, რომელზეც ფასები გაიზარდა, ტრანსპორტია. ზრდა 12,4 პროცენტი იყო. შედარებით ნაკლებად გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი, თუმცა ამ ჯგუფში შემავალი რამდენიმე პროდუქტი გაცილებით მეტად არის გაზრდილი. მაგალითად, ზეთი და ცხიმი გაძვირებულია 40,2 პროცენტით.

მაღალი ინფლაციის შესამცირებლად ეროვნულმა ბანკმა სესხზე 100 ათასზე მეტ ადამიანს პროცენტი გაუძვირა.