1 ივნისიდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ სახმელეთო საზღვრები გახსნა, თუმცა ირკვევა, რომ არც ამის შემდეგ არის შესაძლებელი ყველა გამშვებ პუნქტზე საზღვრის კვეთა. მიუხედავად მცდელობისა, რადიო თავისუფლებამ ვერც ერთი სახელმწიფო უწყებისგან ვერ მიიღო ინფორმაცია, სად შეიძლება უცხოელმა ან საქართველოს მოქალაქემ დააზუსტოს, ფუნქციონირებს თუ არა მისთვის ხელსაყრელი საბაჟო პუნქტი.
გუშინ, საზღვრების გახსნის პირველ დღეს, ლაგოდეხის გამშვებ პუნქტთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი ჩაკეტილი იყო. კოვიდ-19-თან ბრძოლის მიზნით საზღვრის ეს მონაკვეთი ჯერ კიდევ გასული 202O წლის მარტში ჩაიკეტა, ისევე როგორც სხვა სახმელეთო და საჰაერო საზღვრები.
“18 გამშვები პუნქტიდან ფუნქციონირებს 2 - სარფისა და სადახლოს გამშვები პუნქტები”, რომლებიც საქართველოს, შესაბამისად, თურქეთსა და სომხეთთან აკავშირებს, - უთხრეს რადიო თავისუფლებას გამშვები პუნქტების ოპერატიული უზრუნველყოფის განყოფილებაში.
1 ივნისიდან მოყოლებული სარფის საბაჟოდან მართლაც გადმოდიან ტურისტები და საქართველოს მოქალაქეები, რომლთაც საზღვრის გადმოკვეთა შეუძლიათ სრული ვაქცინაციისა და უარყოფითი PCR ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ დოკუმენტების გარეშე კვეთთ საზღვარს, 8 დღის თვითიზოლაციაში გატარება იქნება სავალდებულო.
Your browser doesn’t support HTML5
რა ხდება სხვაგან? საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ ყველა გამშვები პუნქტი გახსნილი არ არის, თუმცა, სარფისა და სადახლოს გამშვები პუნქტების გარდა, ფუნქციონირებს ასევე „წითელი ხიდისა“ და ლარსის საბაჟოები.
„წითელ ხიდზე“ საზღვარი უპრობლემოდ გადმოლახა ელმირა ტარტარაშვილმა. 2020 წლის მარტში დაწესებული შეზღუდვების გამო აზერბაიჯანში დარჩა და ერთი წლის თავზე საქართველოში დაბრუნდა.
Your browser doesn’t support HTML5
შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე კი გამოქვეყნებულია 12 საბაჟო გამშვები პუნქტის სია, სადაც მითითებულია, რომ „წითელ ხიდზე“ აკრძალულია საზღვრის კვეთა, ისევე როგორც „ნინოწმინდის“, „კარწახისა“ და „ვალეს“ გამშვებ პუნქტებზე.
ადგილზე მყოფმა საბაჟოს თანამშრომელმა კი რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ რეგიონში არსებულ სამივე გამშვებ პუნქტზე თანამშრომლები დილის 8 საათიდან 10 საათამდე სრული დატვირთვით მუშაობენ.
2019 წელს შემოსული 8 მილიონამდე ვიზიტორის 74.8 % სწორედ სახმელეთო გზით შემოვიდა საქართველოში, საჰაერო გზით 23.8 %-მა ისარგებლა, რკინიგზით - 1 %-მა, ზღვით კი - 0.5 %-მა.
ამ პირობებში კი, როცა საქართველოში მეტი წილი სწორედ სახმელეთო საზღვრიდან შემოდის, შეიძლება ითქვას, ქვეყანა ტურისტებს ნახევრად გახსნილი საზღვრებით ხვდება.
ამ დროისთვის არ მოიძებნა არც ერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც ტურისტებსა თუ საქართველოს მოქალაქეებს მიაწვდიდა სრულყოფილ ინფორმაციას, რომელი გამშვები პუნქტებია რეალურად გახსნილი და საიდანაა ქვეყანაში შემოსვლა შესაძლებელი.