აშშ-ის ელჩი შუქრუთელების პროტესტზე: გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ წუხილებს შეისმენენ

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საელჩო ცდილობს შეასრულოს ფასილიტატორის როლი, რათა ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა მიიღონ შესაბამისი დახმარება და მათ წუხილებს შეისმენენ:

„ჩვენი ადამიანის უფლებათა ოფიცერი შეხვდა მათ და მოისმინა მათი წუხილები. ჩვენ ვცდილობთ შევახვედროთ ისინი სახალხო დამცველს და შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა მათ მიიღონ დახმარება და გადაჭრან პრობლემები. ჩვენი როლი შეიძლება იყოს დაკავშირება, სხვა მხრივ აქ აშშ-ის ინტერესი არ არის. მაგრამ, რა თქმა უნდა, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი კარგად არიან და მათ წუხილებს შეისმენენ“, - უპასუხა რადიო თავისუფლებას კელი დეგნანმა.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან გადმოინაცვლეს სამთვიანი პროტესტის შემდეგ. მათ აშშ-ის ელჩს წერილით მიმართეს და დახმარება სთხოვეს:

„იმის გათვალისწინებით, რომ ორი წლის განმავლობაში ჩვენი პრობლემით არავინ დაინტერესდა, მოგმართავთ თქვენ, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩს, კელი დეგნანს, რათა ჩვენი პრობლემა ადამიანურად შეისმინოთ და შეასრულოთ მედიატორის როლი ჩვენს, სახელმწიფოსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის, რათა მოგვარდეს ეს პრობლემა“, - წერენ შუქრუთელები.

ისინი აპროტესტებენ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად მათთვის მიყენებულ ზიანს და ითხოვენ დაბზარული სახლებისა და დაზიანებული გარემოს კომპენსაციის სამართლიანად განსაზღვრას. ისინი 23-ე დღეა შიმშილობენ. მოშიმშილეების ნაწილმა, ხუთმა კაცმა და სამმა ქალმა, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

„ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ კომპანია მზადაა დააკმაყოფილოს აქციის მონაწილეთა მოთხოვნა, რაც შუქრუთში საქმიანობით გამოწვეული ზარალის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ შეფასებას ითვალისწინებს. კომპანია აცხადებს, რომ მზადაა კომპენსაცია სამხარაულის ბიუროს შეფასების საფუძველზე გასცეს.