ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში აღარ იძებნება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღარ იძებნება გამოცემა Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში.

ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია, რომლის მონაცემებიც ახლდება ნიუ-იორკის ყოველი სავაჭრო დღის ბოლოს.

ივანიშვილმა 2021 წლის იანვარში - ქართული პოლიტიკიდან წასვლასთან ერთად - განაცხადა, რომ დაიტოვებდა მხოლოდ 200 მილიონ დოლარს, აქტივების უმრავლესობის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცემდა.

„ბლუმბერგის“ ბოლო მონაცემებით, ივანიშვილის ქონება $5.5 მილიარდად იყო შეფასებული.

ივანიშვილი ჯერ კიდევ იძებნება „ფორბსის“ მილიარდერთა სიაში, რომელშიც ის 589-ე ადგილს იკავებს $4.8-მილიარდიანი ქონებით.

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა. 2021 წელს კი ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან მეორედ და საბოლოოდ წასვლის შესახებ განაცხადა.