WHO: მსოფლიოში მეხუთე კვირაა იკლებს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, გასულ კვირაში მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 3 550 456 შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 15%-ით ნაკლებია.

გასული კვირის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 78 665 ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი შემცირებულია 7%-ით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეხუთე კვირაა შენარჩუნებულია დაავადების და გარდაცვალების ახალი შემთხვევების კლების ზოგადი ტენდენცია, ბევრ ქვეყანასა და რეგიონში ორივე მაჩვენებელი ისევ მაღალ ნიშნულზეა.

გასული კვირის განმავლობაში ინფიცირების და გარდაცვალების ახალმა შემთხვევებმა ყველაზე მეტად იკლო ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში და მოიმატა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილსა და აფრიკაში. ეპიდსიტუაცია თითქმის უცვლელი იყო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.

ერთ კვირაში დაავადების ყველაზე მეტი - 1 668 364 შემთხვევა აღირიცხა ინდოეთში, თუმცა, წინა კვირასთან შედარებით, ეს 26%-ით ნაკლებია.

პორტალ Worldometers-ის დილის სტატისტიკით, რომელიც ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება, პანდემიის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 172 მილიონს უახლოვდება. COVID-19-ით გარდაცვლილია 3.5 მილიონზე მეტი ადამიანი.

სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, 2 ივნისის დილისთვის, მსოფლიოს 176 ქვეყანაში გაკეთებულია ვაქცინების 1.9 მილიარდზე მეტი დოზა.