საქართველომ გახსნა სახმელეთო საზღვრები

საქართველო-თურქეთის საზღვარი სარფში

დღეიდან, 1 ივნისიდან გაიხსნა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან ჩაკეტილი საქართველოს სახმელეთო საზღვრები.

უცხო ქვეყნებიდან საქართველოში სახმელეთო საზღვრით შემომსვლელებს უნდა ჰქონდეთ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი. სახმელეთო საზღვის გადაკვეთა შესაძლებელია მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხითაც, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, პირი ვალდებულია საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით, ისევ ჩაიტაროს PCR-ტესტირება.

უცხო ქვეყნების მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთისას თან უნდა ჰქონდეთ ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს COVID-19-ის მკურნალობის ხარჯებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს 2020 წლის მარტიდან შეწყვეტილი ჰქონდა რეგულარული ავიამიმოსვლაც, რომლის ეტპობრივად აღდგენა 2020 წლის ზაფხულში დაიწყო. რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მთლიანად აღდგა 2021 წლის 1 თებერვლიდან.