ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხზე გაფორმებული კონტრაქტის შესახებ ილაპარაკა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ. მან ილაპარაკა სხვა მსხვილი ჰესების პროექტების შესახებ გაფორმებულ კონტრაქტებზე.
„ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, არის ძალიან ზედაპირული. მე მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ ნამახვანჰესის კონტრაქტი რომ შეადაროთ სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტებს, ზოგთან შედარებით, ბევრად უკეთესია. ფაქტია უბრალოდ, მე ახალს კი არაფერს ვამბობ. ეს კარგია თუ ცუდია, მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, როდესაც ეს გადაწყვეტრილება მიიღო 2019 წლის აპრილში. მაშინ მე საერთოდ შსს-ში ვიყავი და ეკონომიკურ ნაწილში არც მახსოვს. ჩემი პასუხისმგებლობაა, არც მახსოვს ეს კონტრაქტი, როგორ გაიარეს. უბრალოდ, თქვენ რომ შეადაროთ ეს კონტრაქტი სხვა მსხვილ ჰესების კონტრაქტს... თუმცა ეს არ არის გარანტია, რომ კარგია ან ცუდია“, - აცხადებს გახარია.
მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი მთავარ პრობლემად ასახელებს ქვეყნის ეკონომიკას და ენერგოუსაფრთხოებას, რომელიც, მისი შეფასებით, პირდაპირ არის ჰიდრორესურსზე დამოკიდებული.
„მაგრამ მეორე მხრივ, ეს ჰიდრორესურსი ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის გვჭირდება. პრობლემა აქ არის კომუნიკაცია ხეობის დამცველებთან. ეს კომუნიკაცია თუ არ მოგვარდა, თუ არ დალაგდა, ასეთ ტურბულენტურ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა იქნება“, - მიიჩნევს გახარია.
დაახლოებით 220 დღეა, რაც ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ ნამახვანჰესის ხელშეკრულების კრიტიკული შეფასება მის გაფორმებამდე არსებობდა - რას ნიშნავს ეს?საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია:
- გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
- გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ".
- გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
- საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში ასევე შედის ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში.