გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს "არც აქებს და არც აძაგებს" და "წარსულზე ჭორაობას არ აპირებს"

იყავით თუ არა რეალური მმართველი, იღებდით თუ არა რეალურ გადაწყვეტილებებს და რა როლი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ამ კითხვებზე ყოფილმა პრემიერმა, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ სატელევიზიო ტოქშოუების წამყვანებთან გამართულ ბრიფინგზე უპასუხა.

ასევე ნახეთ ტოქშოუების წამყვანებთან გიორგი გახარიას შეხვედრას არ ესწრებიან „იმედი“ და „პოსტივი“

„მე ძალიან კარგად მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ ვის რისი მოსმენა უნდა, მე ამ გუნდის ნაწილი ვიყავი და ყველა შეცდომა ჩემი პასუხისმგებლობაც არის და თუ თქვენ გგონიათ, რომ მე ახლა ვიღაცა მაიძულებს, დღეს წარსულზე აქ ჭორაობა დავიწყო, რა თქმა უნდა, მე ამას არ გავაკეთებ, პირობად რასაც თქვენ ამბობთ, რომ ეს არის ჩემი დამოუკიდებლობის ხარისხის საზომი, მე ასე არ აღვიქვამ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, იყო თუ არა გიორგი გახარია რეალური პრემიერი, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებებს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების დღეს, გიორგი გახარიამ უპასუხა:

ასევე ნახეთ გახარია 20 ივნისზე: ხვალ რომ მოვიდე თანამდებობაზე, ისევ დავიცავ სახელმწიფო ინსტიტუტებს

„სიმართლის თქმის რესურსი და უფლება მე მაქვს და ამას ვერავინ წამართმევს. რა თქმა უნდა, ვიყავი [რეალური პრემიერი, ვინც იღებდა გადაწყვეტილებებს], როდესაც მე ვიყავი პრემიერი, ისევე როგორც როდესაც მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, ყველა ამ ინსტიტუტზე მე ვიყავი პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, მე ვაღიარებ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი იყო გუნდური. სანამ მე ამ გუნდური გადაწყვეტილების მიღების პროცესში შემეძლო მეთამაშა პოზიტიური როლი, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში კომპრომისის ხარჯზე, მე ამას ვაკეთებდი. როგორც კი მე დავეჯახე კედელს, აი, უბრალოდ კედელს, ყველანაირი განმარტებების და ლოგიკური ახსნის გარეშე და მივხვდი, რომ მე აქ პოზიტიური როლის შესრულების შესაძლებლობა არ მაქვს, რა თქმა უნდა, მე გადავდექი და ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, და რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები ამაში. მაგრამ მელიას დაკავება აქ არაფერ შუაში არ არის და ვერსიის გავრცელება, რომ გახარია გადადგა მელიას დაკავების გამო, ეს არის სიცრუე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მას ასევე სთხოვეს ბიძინა ივანიშვილის დახასიათება.

„მე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში მან ასე განაცხადა და რომელთან ერთადაც მე ვმუშაობდი ბოლო 7 წლის განმავლობაში და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ყველა ის წარმატება და წარუმატებლობა, რაშიც მე მონაწილეობა მიმიღია, მათ შორის ჩემი პასუხისმგებლობა არის, მე მას არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ, ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ, ჩვენი ქვეყნის მომავალზე როდესაც იქნება საუბარი, მე რაიმე კომპლექსი ან შეზღუდვა მექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო. ასეთი არ იქნება და ამის იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, მე მესმის, რამდენ ადამიანს უნდა აქ ჭორაობების მოსმენა, მე ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ეს არ არის სწორი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანმა თქვა, რომ მე რაც შევძელი, გავაკეთე, აღარ ვარ ამ პროცესის მონაწილე“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ პარტია ორი დღის წინ, 29 მაისს, დააფუძნა და სწორედ ამ დღეს გამოჩნდა მედიის წინაშე პირველად გადადგომის შემდეგ. მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.